საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.
არჩევნები 73 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანია გახსნილი. საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა კი ჯამურად 57-ს შეადგენს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 504 082 ამომრჩეველია, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 795 ამომრჩეველი, ჯამში სულ – 3 518 877 ამომრჩეველი.
საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს – 19 პოლიტიკური სუბიექტის, ექვსი საინიციატივო ჯგუფის მიერ არის დასახელებული. მიუხედავად იმისა, რომ ორმა კანდიდატმა, აკაკი ასათიანმა და ვახტანგ გაბუნიამ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს, მათი გადაწყვეტილება, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, უკვე დაგვიანებული იყო და საარჩევნო ბიულეტენში 25-ვე კანდიდატის სახელი და გვარია შესული.