დავით ბაქრაძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, მეორე ტურის შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ მხარს
დავით ბაქრაძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, მეორე ტურის შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ მხარს

იმ შემთხვევაში, თუ გაიმართება მეორე ტური და მეორე ტურში გავა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„მაღალი გათვლებით იქნება მეორე ტური და ოპოზიციას გააჩნია რეალური შანსი იმისა, რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატმა. მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას დავუჭერთ მხარს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მესამეზე კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე.

ამასთან, „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა არ არსებობს. „ფსიქოპროექტის“ კვლევების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს, ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის მეორე ტურია მოსალოდნელი.