რასა იუკნევიჩენე - საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული გარდაქმნის დადებითი მაგალითი 
რასა იუკნევიჩენე - საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული გარდაქმნის დადებითი მაგალითი 

საქართველო იყო და კვლავ რჩება ლიდერი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, დადებითი მაგალითი მშვიდობიანი დემოკრატიული გარდაქმნისა, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, რასა იუკნევიჩენემ არჩევნებზე დაკვირვების შესახებ შეფასებისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები საქართველოს ხელისუფლების მოწვევით არჩევნებს მეხუთედ აკვირდებიან.

„ნატო-ს წევრობა სტრატეგიული ამოცანაა საქართველოში და საქართველო ამით აღიარებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, რომლებიც ჩვენი ალიანსის საფუძველს წარმოადგენდა.

საქართველო იყო და კვლავ რჩება ლიდერი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, დადებითი მაგალითი მშვიდობიანი დემოკრატიული გარდაქმნისა. საქართველოს მეგობრები, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ ამ პროცესს.

წლების განმავლობაში არა ერთხელ აღვნიშნეთ შეშფოთება იმ საფრთხეებზე, რომლებიც მომდინარეობს ზედმეტი პოლარიზაციიდან, კომპრომისისა და დიალოგის კულტურის არარსებობისგან. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ძლიერი დაცვის მექანიზმების გარეშე, ძალაუფლებისა და რესურსების კონცენტრაცია შეიძლება რისკს წარმოადგენდეს დემოკრატიისათვის. სამწუხაროდ, ეს არჩევნები გვიჩვენებს, რომ ხსენებული პრობლემები არ იყო ჯეროვნად გადაჭრილი.

ჩვენი ანგარიში აღნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მაგალითს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებას, სახელმწიფო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარებას და არაბალანსირებულ დაფინანსებას, ცრუ დამკვირვებლების გამოყენებას და ე.წ. ტექნიკური კანდიდატებიც, ესეც დემოკრატიის დამახინჯებაა“,- განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

ამათან, მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეამჩნიეს უარყოფითი პროცესი, კერძოდ, როგორც ლიტველი დეპუტატი ამბობს, სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობოების წინააღმდეგ.

„გარდა ამისა, ჩვენ უარყოფითი პროცესი შევამჩნიეთ, რომელიც მანამდე არ ჩანდა. კერძოდ, ვერბალური, სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობოების წინააღმდეგ. ეს ყველა პრობლემა ერთობლიობაში დიდ კონტრასტს წარმოადგენს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან. ამის მიუხედავად, გუშინ ბევრი მოქალაქეს გადაწყვეტილი ჰქონდა, მათი უფლება გამოეყენებინათ და აერჩიათ სახელმწიფოს მეთაური. გულდაწყვეტით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ვერ მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში.

ბევრმა დამკვირვებელმა შეიტანა თავისი წვლილი გამჭვირვალე დემოკრატიულ პროცესში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მივესალმო ყველა მათგანს“,- აღნიშნა იუკნევიჩენემ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მეორე ტურის შესახებაც ისაუბრა. იუკნევიჩენე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც მათ ანგარიშშია ასახული.

„საქართველო პირველად ჩაატარებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს. იმედია, ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება გადაიჭრას, გადაიჭრება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაჭრას უფრო ვრცელი პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია აღნიშნული.

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას ამ ძალისხმევაში და გავაგრძელებთ კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას. ხელს შევუწყობთ უმრავლესობასა და ოპოზიციას, რის გარეშეც არც ერთი რეფორმა არ იქნება მდგრადი. თუ საქართველო გადაწყვეტს ამას, საქართველო შეიძლება დარჩეს დადებითი მაგალითი რეფორმატორული კურსისა და ლიდერი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში“, – განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

„რედისონში“ ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ჩატარების შესახებ წინასწარ მოხსენება წარადგინეს.