ეკა ბესელია - ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ, ისევ ძალადობრივი სისტემა და ჯოჯოხეთი გვინდა, თუ გზა, რომელიც უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას ექვემდებარება
ეკა ბესელია - ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ, ისევ ძალადობრივი სისტემა და ჯოჯოხეთი გვინდა, თუ გზა, რომელიც უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას ექვემდებარება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა, არის შავი და თეთრი, წარსული და მომავალი, რის საფუძველზეც ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელიამ მეორე ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას წინსვლა სჭირდება და არა ბნელეთში, წარსულში დაბრუნება.

დეპუტატის თქმით, ამომრჩევლის გზავნილისა და ცვლილებების გატარების აუცილებლობის მიუხედავად, აბსოლუტურად გამორიცხავს, რომ მოქალაქეებმა წარსულში დაბრუნება დაუშვან.

„მეორე ტურში როცა სხვა არჩევანი არ არის და არის – წარსული და მომავალი, გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობამ წარსულში დაბრუნება მოისურვოს, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია და არა თხრობით, ხელისუფლების მხრიდან რა არის ძალადობა და სისასტიკე. მგონია, რომ ჩვენს კანდიდატს მეორე ტურში ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ექნება. ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მოვიდა, რაც არის ერთგვარი წუხილის, პროტესტისა თუ სამდურავის გამოხატულება”, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ყველა იმ იდეალისა და ღირებულების ფეხქვეშ გათელვა, რისთვისაც ისინი ოდესმე ერთხელ მაინც ქუჩაში გამოსულან და უბრძოლიათ.

„მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა, აქ არის – შავი და თეთრი, წარსული და მომავალი. ვისთვისაც ღირებული თავისუფლებაა და ვისაც წარსულის ჯოჯოხეთში დაბრუნება არ უნდა, მგონია, არჩევანს მკაფიოდ, ნათლად და გააზრებულად გააკეთებს. მგონია, რომ უნდა გავიაზროთ, რა პრობლემებია, მაგრამ ჩვენმა ამომრჩეველმაც უნდა გაიაზროს, რისთვის ვიბრძოლეთ ამდენი, ეს ღირებული იყო და უნდა გადარჩეს, თუ გაბრაზების გამო ყველაფერს უნდა გადავაბიჯოთ. გავიგე, გაბრაზება და წყენა, მაგრამ, გაბრაზების, წყენისა და იმედგაცრუების მიუხედავად, არჩევანი არსებობს, რომელსაც მოქალაქე მისთვის და მისი ქვეყნისთვის აკეთებს”, – განაცხადა ბესელიამ.

საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმათა 38.63 პროცენტი აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი – 37.74 პროცენტი.