ქუთაისის N40 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს მარკირება არ გაუკეთდა, რის გამოც უბნის მუშაობა დროებით შეფერხდა
ქუთაისის N40 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს მარკირება არ გაუკეთდა, რის გამოც უბნის მუშაობა დროებით შეფერხდა

ქუთაისში, N40 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო, სადაც ამომრჩეველს მარკირების სითხე არ გაუკეთეს.

აღნიშნული ფაქტი კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გააპროტესტა და საჩივრის დაწერა ითხოვა, რასაც საარჩევნო უბნის მდივნის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მდივანმა პროტესტის ნიშნად უბანი დატოვა.

მომხდარის გამო, უბნის მუშაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხდა. თუმცა სიტუაცია უკვე განიმუხტა. მარკირების შემდეგ ამომრჩეველმა ხმის მიცემა შეძლო. ასევე, ცოტა ხნის წინ საარჩევნო უბანზე დაბრუნდა კომისიის მდივანიც.

ფაქტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ელზა ბურჯალიანმა საჩივარი დაწერა. უბნის თავმჯდომარე და მდივანი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.