მამუკა მდინარაძე - 300-მდე უბნის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, თუმცა ცესკო-ს შედეგებამდე კატეგორიული განცხადებებისგან თავს ვიკავებთ
მამუკა მდინარაძე - 300-მდე უბნის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, თუმცა ცესკო-ს შედეგებამდე კატეგორიული განცხადებებისგან თავს ვიკავებთ

სამასამდე საარჩევნო უბნის მონაცემებით, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რა თქმა უნდა, პარტია ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ელოდება და მანამდე კატეგორიული განცხადებებისგან თავს იკავებენ.

„ქვეყნის მასშტაბით, 3700-ზე მეტი უბანია, აქედან დაახლოებით სამასამდე უბნის მონაცემები გვაქვს, სადაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, ველოდებით ცესკო-ს შედეგებს, მანამდე რაიმე კატეგორიული განცხადებებისგან თავს ვიკავებთ.

ამ ეტაპზე, მინდა რამდენიმე დეტალსა და ახალ ინფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილებზე. პირველი, თქვენ იცით, რომ მთელი დღის განმავლობაში მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით აკეთებდნენ განცხადებებს, ავრცელებდნენ კონკრეტულ ვიდეოებს. ერთ-ერთ შემთხვევაში, რაც უკვე გამოვიკვლიეთ, დადასტურებულად შეგვიძლია გითხრათ, სხვათა შორის აღნიშნულის დამადასტურებელი ინტერვიუები უკვე გავიდა რამდენიმე არხზე, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როდესაც ქალბატონი თვითონ ამბობს იმას, რასაც ახლა მე მოგახსენებთ. გურჯაანის მეთორმეტე ოლქის მეორე უბანზე „რუსთავი 2“ გვეუბნებოდა, რომ დაფიქსირდა ფულის გადაცემის ანუ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, როდესაც ქალბატონი, რომელიც ჩაწერეს ჟურნალისტებმა, თავადვე ადასტურებდა ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციითაც, რომ ის წარმოადგენს „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.