გრიგოლ ვაშაძე - ჩვენ ეს არჩევნები უკვე მოგებული გვაქვს
გრიგოლ ვაშაძე - ჩვენ ეს არჩევნები უკვე მოგებული გვაქვს

ჩვენ ეს არჩევნები უკვე მოგებული გვაქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის და „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს გამარჯვება იმ ხალხის დამსახურებაა, რომელმაც ყველაფერი გვერდით გადადო და მათ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა.

„მთავარი არის ის, რომ ათასობით ადამიანს მოვუსმინეთ და საქართველოს არც ერთი რეგიონი, სოფელი და ქალაქი არ დაგვიტოვებია, რომ ხალხს არ დავლაპარაკებოდით. ჩვენ მთავარში დავრწმუნდით, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები სურს. მას ქურდული ოცნების ხელისუფლება უკვე ყელში აქვს ამოსული თავისი ტრიუკებით და თავისი საწამებელი კამერებით. ჩვენი და სახელისუფლებო კანდიდატის შესაძლებლობები შეადარეთ. ეს სამედიცინო დიაგნოზია. მიუხედავად ამისა, მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად მასობრივი მოსყიდვისა, მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ. უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის მოვუგეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, ჯერ ტრიუმფის დრო არ არის, რადგან არჩევნების ოფიციალურად დასრულებამდე წინ მძიმე სამუშაოა.

„მინდა ე.წ ხელისუფლებას და ცესკო-ს მოვუწოდო. თქვენ თუ აირჩევთ პრეზიდენტ შევარდნაძის, ასლან აბაშიძის, იანუკოვიჩისა და სარქსიანის გზას, იცოდეთ, რომ საქართველოს მოქალაქის რისხვა თავზე დაგატყდებათ, რადგან ამ ხალხს უკან დასახევი აღარ აქვს. ამიტომ ჯობს წყნარად, მშვიდად, დემოკრატიული გზა აირჩიოთ, ამ არჩევნების შედეგები აღიაროთ და ფიქრი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე დაიწყოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.