აშშ-ში გახსნილ სამ საარჩევნო უბანზე ხმათა უმრავლესობა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო
აშშ-ში გახსნილ სამ საარჩევნო უბანზე ხმათა უმრავლესობა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო

ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილ სამ საარჩევნო უბანზე ხმათა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიიღო. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტი ნიუ იორკიდან იუწყება.

ნიუ იორკის მერვე საარჩევნო უბანზე 1543 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 225-მა მიიღო. 173 ხმა მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კი 25. 10 ხმა მიიღო დავით ბაქრაძემ, სამ-სამი დავით უსუფაშვილმა, გიორგი ანდრიაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ნიუ იორკის მეცხრე საარჩევნო უბანს, აქ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს 1758 მოქალაქიდან მხოლოდ 293 ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად. გრიგოლ ვაშაძეს ხმა 228 ადამიანმა მისცა. 20 ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, 18 ზურაბ ჯაფარიძემ, 14 დავით ბაქრაძემ, ოთხი დავით უსუფაშვილმა, ორი შალვა ნათელაშვილმა და ორი ხმა გიორგი ანდრიაძემ. ორი ბიულეტენი საუბნო საარჩევნო კომისიამ ბათილად გამოაცხადა.

ვაშინგტონში გახსნილ მეშვიდე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 850 ამომრჩევლიდან 117 ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად. 50 ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, სალომე ზურაბიშვილმა – 23, დავით უსუფაშვილმა – 17, ზურაბ ჯაფარიძემ – 11, დავით ბაქრაძემ კი ცხრა ხმა მიიღო.