აკაკი ზოიძე - ჩვენ გამოვიტანთ დასკვნებს, გავაანალიზებთ არჩევნების შედეგებს და შევეცდებით, ყველაფერი გამოვასწოროთ
აკაკი ზოიძე - ჩვენ გამოვიტანთ დასკვნებს, გავაანალიზებთ არჩევნების შედეგებს და შევეცდებით, ყველაფერი გამოვასწოროთ

წინასაარჩევნო კამპანიასთან შედარებით, რომელიც წარმოებდა, წარმატებული არჩევნების დღე იყო და მე ქართველ ხალხს ევროპული ტიპის არჩევნების ჩატარება მივულოცე, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაიმე მნიშვნელოვანი ინციდენტი ან გაყალბების მცდელობა არ ყოფილა, რომელიც არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენდა.

„ეს ნათლად აჩვენა იმანაც, რომ პირველივე ტურში მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. ასე რომ, დემოკრატიის გამარჯვება ნამდვილად არის. მეორე ტურს დაველოდოთ. ხალხისგან მივიღეთ გზავნილი. ის აქტიურობა არ იყო, რომელსაც ველოდით, ის მხარდაჭერა არ იყო, რომელსაც ველოდით. გამოვიტანთ დასკვნებს“,-განაცხადა მან.

კითხვას, თუ რატომ მისცა ამომრჩეველმა ასეთი გზავნილი მმართველ გუნდს და სად იყო დაშვებული შეცდომა, კანდიდატის არჩევაში, თუ მმართველი გუნდის საქმიანობაში, აკაკი ზოიძემ უპასუხა, რომ მიზეზი ბევრია, მათ შორის სამართლიანობის აღდგენის საკითხი.

„ ვერ დავანახეთ ადამიანებს, რომ ჩვენ სწორ ტენდენციებს მივყვებით და ვატარებთ რეფორმებს, რომელიც საზოგადოებას კეთილდღეობას მოუტანს არა შორეულ მომავალში, არამედ საკმაოდ მოკლე დროში. ასევე, არსებობს ბევრი სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლიანობის აღდგენის საკითხი. ფაქტი ერთია, რომ ჩვენ გაცილებით მეტი მუშაობა გვჭირდება. იმისთვის, რომ ხალხი დავარწმუნოთ“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია, „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ამომრჩეველი დარწმუნდეს, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება გააანალიზოს და გამოასწოროს დაშვებული შეცდომები.

„ამ შემთხვევაში, აღარ არის რუხი ფერები. არის შავი და თეთრი, არის რეჟიმი, რომელმაც რაც არ უნდა საფარველი და მოსასხამი მოიცვას გაერთიანებული ოპოზიციის, მაინც ის რეჟიმია, რომელსაც ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უარი უთხრა. ამისთვის მოქალაქეებს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ თეთრი და არა რუხი ძალა. „ნაციონალურ მოძრაობას” თავისი ამომრჩეველი ჰყავს მათ ახლაც მოახერხეს თავისი 600 ათასი ადამიანის მობილიზება, პლუს 160 ათასი „ევროპულ საქართველოს” ამომრჩეველი, რომელიც ჩვენზე განაწყენებული ამომრჩეველია ძირითადად. ჩვენი ამოცანაა, ეს ადამიანები დავარწმუნოთ, რომ გადასხვაფერებული „ნაციონალურო მოძრაობა” ცხვრის ქურქში გახვეული მგელია, რომელიც ახლა „ჰუმანისტების“ ნაკრები გახდა. ჩვენ გამოვიტანთ დასკვნებს, გავაანალიზებთ და როცა ამ მიზეზებს დავადგენთ, შევეცდებით, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეების დარწმუნებას შევძლებთ”,-განაცხადა აკაკი ზოიძემ. .