ეკა ბესელია - საჭიროა სწრაფი მოქმედება
ეკა ბესელია - საჭიროა სწრაფი მოქმედება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე სწრაფი მოქმედების საჭიროებაზე საუბრობს.

ამასთან, მისი თქმით, უდიდესი მონაპოვარია, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ყალბდება.

დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილი არჩევნებზე არ მივიდა, რაც ერთგვარი გზავნილია და გააზრება სჭირდება.

„საჭიროა ცვლილებებისა და პრობლემების დანახვა, მათი გადაწყვეტა. ამას ერთად გავაკეთებთ, რადგან აუცილებლობას ვხედავთ. საჭიროა, სწრაფი მოქმედება. შედეგების გამოცხადებამდე ბევრად უფრო ადრე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, რა არის შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი. ამის დანახვა რომ შეგვიძლია, ეს უკვე ვთქვით. არჩევნების შედეგი და არჩევნებზე მომხრეების დიდი ნაწილის არ მოსვლა სიგნალია, რა უნდა შევცვალოთ და რა გადავწყვიტოთ სწრაფად. ახლა არჩევანის წინაშე ვდგავართ – ძალადობრივი რეჟიმი დაბრუნდება თუ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა გაგრძელდება. არჩევანია, გვინდა თავისუფლება და უკეთესი საქართველო თუ წარსულში ყოფნა და მოძალადეების რეჟიმი დაბრუნება. ეს არის პოლიტიკური და მორალური არჩევანი. გასააზრებელია ყველაფერი, რაც საჭიროა იმის დასანახად, რა უნდა შევცვალოთ და ამას ვხედავთ“,  – განაცხადა ბესელიამ.

საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმათა 38.63 პროცენტი აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი – 37.74 პროცენტი.