პირველი არხი ყველასთვის

ჩვენთვის თითოეულისთვის

მედიაგარემო მუდამ ცვალებადია. ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს. კონკურენციასთან ერთად აუდიტორიის მოთხოვნები იზრდება. საზოგადოებრივი მედია და მისი ღირებულებები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მედია ეკოსისტემაში, რომელიც უხვად არის წარმოდგენილი ახალი ციფრული მოთამაშეებით.

2026 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში გლობალურ რისკებს შორის დეზინფორმაცია და მისინფორმაცია მეორე ადგილს იკავებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამედროვე სამყაროში სანდო ინფორმაციისა და პასუხისმგებლიანი მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ტრადიციული მედია უკვე საკმარისი აღარ არის. რამდენადაც საქართველო ვითარდება და თანამედროვეობას ფეხს უწყობს, ადამიანი მრავალფეროვან პლატფორმებზე ავტორიტეტულ, მნიშვნელოვან და დროულ ახალ ამბებს მოელის 24/7-ზე. ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ახალი ეპოქა შექმნა. ის საოცარი სისწრაფით ვითარდება და სხვადასხვა სფეროში მკვიდრდება, მათ შორის — მედიაშიც. ხელოვნური ინტელექტი მედიისთვის ქმნის როგორც ორგანიზაციულ, ისე შემოქმედებით ახალ შესაძლებლობებს, თუმცა ამავე დროს წარმოშობს მნიშვნელოვან გამოწვევებსაც.

ახალი თაობა „ომნიმედიური“ და ციფრულ საშუალებებზე ორიენტირებულია: ახალ ამბებსა და ინფორმაციას იღებს სხვადასხვა წყაროდან, პლატფორმებიდან, საინფორმაციო სააგენტოებიდან, ასევე სხვა ქვეყნების საზოგადოებრივი მედიიდან. საზოგადოებრივ მედიას სწრაფად განვითარება სჭირდება, რათა ახალ და მუდამ ცვალებად გარემოში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

წინა წლების გამოწვევებმა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ, დაგვანახა, რომ გეოგრაფიული საზღვრების დახურვისა და მრავალი შეზღუდვის მიუხედავად, ინფორმაციის, განათლებისა და გართობის უსასრულო სივრცე ხელმისაწვდომია და აუდიტორიის ინტერესის დასაკმაყოფილებლად მედიის ტრადიციული ფორმები საკმარისი აღარ არის.

საქართველოში მაუწყებლობა თითქმის საუკუნეზე მეტს ითვლის, თუმცა ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება საზოგადოებრივი მაუწყებლობის, როგორც ინსტიტუციის, როლისა და მნიშვნელობის გააზრება. საზოგადოებრივი მედიის ევროპული მოდელის სტანდარტებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს წარმოება მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი პროდუქტისა, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ღირებულებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ღირებულებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულებები განაპირობებს დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი, როგორც ინსტიტუციის არსებობის აუცილებლობას. ეს ღირებულებებია:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეფუძნება ამ ღირებულებებს და მიზნად ისახავს:

საზოგადოებრივი მაუწყებელი თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მიიღოს გადამოწმებული, ობიექტური ინფორმაცია; სიღრმისეულად გააანალიზოს მოვლენები და დაინახოს პერსპექტივა; დაუპირისპირდეს საზოგადოებაში შფოთვისა და ისტერიის დონეს; სოციუმში მიმდინარე პროცესებში გაიაზროს საკუთარი პიროვნული როლი და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია შემოქმედებითობა - ვქმნით სივრცეებს ახალი იდეებისთვის, ვაფასებთ ინდივიდუალობას და გვჯერა, რომ საზოგადოების ჩართულობით კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელს უწყობს განათლების პოპულარიზაციას. შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებით ავითარებს სტერეოტიპებისა და ცრურწმენების წინააღმდეგ აზროვნებას და ხელს უწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საზოგადოებისთვის გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიმწოდებელი, განსაკუთრებულ როლს თამაშობს უსაფრთხო გარემოს შექმნაში. ეს როლი ყველაზე მეტად აქცენტირებულია მაშინ, როდესაც საზოგადოებაში განსაკუთრებული გარემოებებია (მასობრივი არეულობა, პანდემია, საგანგებო მდგომარეობა).

მზარდი პოლარიზაციის პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია, არ დაიკავოს ესა თუ ის მხარე თავისი პროგრამებისა და, რაც ყველაზე მთავარია, ახალი ამბების შექმნის პროცესში. საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი ჩვენი ქვეყნის მეხსიერებაა. კონტენტი, რომელიც სხვადასხვა პლატფორმისთვის იქმნება და ინახება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავლის რწმენის შექმნასა და საქართველოს განვითარებაში.

წარმატების მისაღწევად საზოგადოებრივი მაუწყებელი ფოკუსირდება შემდეგზე:

1

მაღალი სტანდარტები

ორგანიზაციის მიზანია, ჰქონდეს მაღალი სტანდარტისა და ხარისხიანი ჟურნალისტური საქმიანობის მოდელი საქართველოში, წარმოადგენდეს ახალი ამბების სანდო წყაროს ქვეყნისა და მთლიანად კავკასიის რეგიონის მასშტაბით. ორგანიზაცია უკომპრომისოდ იცავს სანდოობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს ჟურნალისტური საქმიანობისას, ასევე კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში, რასაც 2020 წელს შემუშავებული სარედაქციო პრინციპებით უზრუნველყოფს

2

კონსტრუქციული მედია

კარგი ჟურნალისტიკა მსოფლიოს ორივე თვალით დანახვაა

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების რევოლუციამ ყველაზე ძლიერი დარტყმა, ალბათ, მედიას მიაყენა. არც ერთი დარგის როლი, ფასეულობები, ღირებულება და ბიზნეს მოდელი, შესაძლოა, ისე არ დაკნინებულა, როგორც - მედიისა. ევროპულ დემოკრატიაში საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ინსტიტუტი, ყველაზე მაღალი სტანდარტის მედიად მოიაზრება. „მედია უნდა გადაიქცეს საზოგადოების მეგობრად, გზამკვლევად და სანდო ავტორიტეტად. ავტორიტეტს კი მხოლოდ მაშინ მოიპოვებ, თუკი იცი, რას ლაპარაკობ და საზოგადოებრივ ინტერესს პირადზე მაღლა აყენებ“, - ულრიკ ჰააგერუპი, კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტი.

კონსტრუქციული ახალი ამბები ხვალინდელ დღეზეა ორიენტირებული. ეს არის ახალი ამბები, რომელიც უკეთესი მომავლის შესახებ საჯარო დისკუსიისკენ გვიბიძგებს.

მსოფლიოს სულ უფრო მეტი მედიასაშუალება, როგორიცაა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (BBC), Guardian-ი, ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (YLE ), TV2 დანიაში, შვედეთის რადიო და ტელევიზია (SVT, SR) ნორვეგიის (NRK), ისლანდიის (RÚV), ბელგიის (VRT ) საზოგადოებრივი მაუწყებლები - დანიის სამაუწყებლო კომპანიისგან იღებენ მაგალითს და კონსტრუქციული ახალი ამბების ფორმატს ირჩევენ, რადგან სწორედ ეს არის საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის გზა.

3

Digital First

კვლევაზე დაყრდნობით ონლაინ მედია გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. ტელემაყურებელთა 69,9 პროცენტისთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ძირითადი საინფორმაციო წყარო ინტერნეტია. აქედან 64,7 პროცენტი ინფორმაციას ძირითადად სოციალური მედიიდან იღებს. როგორც კვლევები აჩვენებს, მაყურებლის ასაკი და ყურების ჩვევა პირდაპირპროპორციულია, რაც უფრო ახალგაზრდაა აუდიტორია, მით მეტია მისი ციფრული პლატფორმებით დაინტერესება და პირიქით.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ციფრული მედიის ეპოქაში არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა აუდიტორიის შენარჩუნებაა მათთვის შესაბამისი პლატფორმების და ღირებულებებზე დაფუძნებული და არა მხოლოდ ალგორითმით ნაკარნახები შინაარსის შექმნით.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დანერგა პირველი უფასო სტრიმინგ პლატფორმა საქართველოში 1tvplay.ge პირველი არხის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო,რომ ახალი, უფასო, ქართული BVOD პლატფორმის მოხმარების სურვილი 89.3 პროცენტმა გამოთქვა. 1tvplay.ge აუდიტორიას ქართულ და უცხოურ მხატვრულ, დოკუმენტურ ფილმებს და სერიალებს სთავაზობს, საუკეთესო ხარისხის ქართული გახმოვანებით. პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომია სატელევიზიო შოუები და ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები.

სტრიმინგ პლატფორმას მონაცემთა ანალიზის უნიკალური, სპეციალურად მასზე მორგებული მექანიზმი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით გაანალიზდეს აუდიტორიის მიერ პლატფორმის მოხმარება და შესაბამისად დაიგეგმოს შემდგომი შეთავაზებები.

ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეტაპობრივად დანერგავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოიცავს:

ამავდროულად, საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სრულ შესაბამისობაში იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობის, ეთიკური სტანდარტებისა და საზოგადოებრივი ინტერესების პრინციპებთან.

საზოგადოებრივი მაუწყებელი გააგრძელებს ინვესტიციას ინოვაციურ ტექნოლოგიურ პლატფორმებში, რათა უზრუნველყოს სწრაფი, ოპერატიული და სანდო ინფორმაციის მიწოდება მოვლენების ეპიცენტრიდან, Digital First კონცეფციის შესაბამისად.

4

გარეწარმოება

საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართული ორიგინალური გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია ქვეყანაში. გარდა ამისა, მიზნად ისახავს ამ მიმართულებით ინდუსტრიის მხარდაჭერასა და ინვესტირებას.

2018 წელს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შესაძლებელი გახდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება - დამოუკიდებელი სტუდიების მიერ მომზადებული პროგრამებისთვის პროდუქციის არანაკლებ 25%-ის დათმობა.

2023 წელს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი საბიუჯეტო დაფინანსების არანაკლებ 10% უნდა ინვესტირდეს, ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით.

5

ბავშვები და ახალგაზრდები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანაა, ყველა ასაკის აუდიტორიისთვის საინტერესო და თანამედროვე იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის არაერთ გადაცემას და პროექტს ახორციელებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაწიგნიერების გაძლიერების მიზნით, რეგულარულად მართავს შეხვედრებს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან.

დასახულ ამოცანებს შორისაა, შევქმნათ სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდა შემოქმედთათვის, მედიაპროდუქტების შემქმნელთათვის და ახალგაზრდა აუდიტორიას მუდმივად განახლებული პროგრამირება შევთავაზოთ.

6

ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია რჩება. ამ მიზნით, აქტიურად ვართ ჩართული ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებსა და კამპანიებში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეროვნული სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას, მათი განვითარების ხელშეწყობასა და საზოგადოებაში მათი მნიშვნელობის გაძლიერებას. ამავდროულად, ვცდილობთ, მაღალი ხარისხის სპორტული კონტენტითა და მასშტაბური სპორტული მოვლენების გაშუქებით შევქმნათ გამორჩეული ემოცია და გავაერთიანოთ საზოგადოება საერთო წარმატების ირგვლივ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური რესურსების განაწილებისას სპორტი მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს.

2024 წელს პირველი არხის სპორტულმა არხმა დაიწყო მაუწყებლობა. პირველად სატელევიზიო ეთერში არხი მაყურებელს სთავაზობს ეროვნულ ჩემპიონატებს ყველა დისციპლინაში, რაც უპრეცედენტო მოვლენაა სპორტის მოყვარული აუდიტორიისთვის. პირველი არხი-სპორტის განუყოფელი ნაწილია უნიკალური არქივი, რომელიც ეროვნული სპორტის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპების და პერსონალიების მემატიანეა. აღსანიშნავია, რომ პირველი არხი-სპორტი არის ევროპული პლატფორმის, EurovisionSport-ის პარტნიორი, რაც ქართველ მაყურებელს საშუალებას აძლევს, ევროპული სპორტის მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ, მათ შორის, პარასპორტის ჩემპიონატებს ადევნოს თვალი.

7

უყურე და უსმინე ქართულს

ქართულ მედიაბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელე და რადიოეთერი, ასევე ციფრული პლატფორმა 1tvplay.ge ქართული ორიგინალური პროდუქციით გამოირჩევა და პროდუქციის წარმოებისა და შეძენისას ძირითადად ქვეყნის შიგნით ინვესტირებას გულისხმობს.

მაუწყებელი ასეთივე მიდგომას შეინარჩუნებს შეძენილ პროდუქციაზე, რომელიც მაღალი ხარისხის, პრემიუმ კლასისა და მსოფლიოს წამყვანი სტუდიების ნაწარმს წარმოადგენს. ეს არის ამერიკული და ევროპული, მხატვრული, დოკუმენტური ფილმები და სერიალები, რომლებიც სპეციალურად შექმნილ მატრიცაზე დაყრდნობით შეირჩევა და ითვალისწინებს არა მხოლოდ პროდუქციის პოპულარობას, არამედ ღირებულებებსა და მრავალფეროვნებას.

მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მხოლოდ ლიცენზირებულ პროგრამებს იხილავს და მოისმენს. საავტორო უფლებების დაცვა არის და კვლავ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტი.

8

მრავალფეროვანი საქართველო

დიდ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს მრავალფეროვნებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს ადამიანებს და ისწრაფვის, გაზარდოს ურთიერთგაგება მათ შორის, გააჟღეროს და გააძლიეროს მათი ხმა.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად განისაზღვრა მრავალფეროვანი საქართველოს სხვადასხვა ჯგუფის - ეთნიკური, რელიგიური ჯგუფების, შშმ პირების, სხვადასხვა ასაკობრივი და გენდერული კუთვნილების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების შექმნასა და ორგანიზაციულ საქმიანობაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - BBC-ის მაგალითზე შექმნილი პროექტი 50:50-ზე შესაძლებლობას გვაძლევს მივაღწიოთ გენდერულ ბალანსს როგორც ორგანიზაციაში, ასევე სამაუწყებლო ეთერში.

ახალი შენობა

2024 წელს საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის მშენებელობა დასრულდა და არხმა 2025 წელს, მაუწყებლობის 100 წლის იუბილეზე, ახალი მისამართიდან დაიწყო მაუწყებლობა.

ქალაქს შეემატა ახალი, თანამედროვე არქიტექტურის ეკო, მწვანე პროექტი, რომელიც ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორების გუნდის მიერ დაპროექტდა და საზოგადოების მიერ საჯაროდ შეირჩა. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციის სფეროში მსგავსი სირთულის ტექნოლოგიური პროექტი ქვეყანაში 60-იანი წლების შემდეგ პირველად განხორციელდა. მშენებლობის კომპლექსური პროცესი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, 36-მა ადგილობრივმა, ქართულმა კომპანიამ წარმართა.

შენობის ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიური ინოვაციით და თავისი არსით, თანამედროვე მედიის მთელ ეკოსისტემას წარმოადგენს, ის აერთიანებს მართვის რამდენიმე ავტომატიზებულ სისტემას, რაც, თავის მხრივ, სატელევიზიო, რადიო და ონლაინ მედიით ყველაზე სწრაფი მაუწყებლობის საშუალებას იძლევა.

საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა „არქიტექტურული პრემია 2025“-ის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს პირველი არხის ახალ მისამართზე გადასვლის პროცესი უწყვეტი ეთერის შენარჩუნებით განხორციელდა, რაც უპრეცედენტოა. მშენებლობა სრულად დაფინანსდა ძველი შენობის გაყიდვიდან მიღებული ინვესტიციით.

ტექნიკა და ტექნოლოგიები

ახალი შენობის მშენებლობის პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნოლოგიური გადაიარაღების პროცესი. წლების განმავლობაში მექანიკურ წარმოებასა და მაუწყებლობას ეტაპობრივად ჩაენაცვლა ავტომატიზებული და თანამედროვე ტექნოლოგიები. ტექნიკურ და ტექნოლოგიურ განახლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ადამიანური რესურსის გადამზადება და ახალი სამუშაო კულტურისა და ჩვევების ჩამოყალიბება.

სრულად განახლდა და ავტომატიზებული გახდა ყველა ტექნოლოგიური პროცესი. თანამედროვე ტექნიკითა და პროგრამული უზრუნველყოფით, საერთაშორისო ბაზარზე წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობით, შეიქმნა თანამედროვე სამაუწყებლო კომპლექსი, ცენტრალური საეთეროები, ცენტრალური მართვისა და კომუტაციის სააპარატოები, წარმოებისა და პირდაპირი მაუწყებლობის სისტემები, ახალი ამბების წარმოების და პირდაპირი ეთერის მართვის სისტემები და სააპარტოები აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე ნიუსრუმის და მონტაჟის სისტემებით. აიწყო ჰიბრიდული IP კომუტაცია, ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურა და სხვა. ახალი შენობა აღიჭურვა თანამედროვე სტუდიებით, სარეჟისორო სააპარატოებით, სამონტაჟოებით, ონლაინ მედია საცავებითა და მონაცემთა შემნახველი ავტომატიზირებული სისტემებით. დაინერგა ეთერის ავტომატური რეგისტრაციის სისტემები.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციულ უსაფრთხოებას, რისთვისაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. შეიქმნა თანამედროვე ქსელური ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების სისტემები, ცენტრალური კომუტაციისა და მონიტორინგის სისტემა კი SMPTE-IP სტანდარტის შესაბამისად მოეწყო. მათი შექმნისა და მართვის პროცესში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში AI აქტიურად ინტეგრირდება.

დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის ფართო გამოყენება დაგროვილი საარქივო მასალების ანალიზისთვის, მათ შორის, აუდიოს ავტომატური ტრანსკრიფციის, კატალოგიზაციისა და ვიზუალური ანალიზის მიმართულებით. ასევე განხორციელდა საარქივო სისტემების მიგრაცია ახალ პლატფორმებზე, განახლდა და კონსოლიდირდა მონაცემთა საცავები ერთიან სისტემაში. პარალელურად, დანერგვის სტადიაზეა ღრმა არქივის, სარეზერვო ასლებისა და „ბექაფ“ სისტემების შექმნის პროექტი.

ტრადიციული საწარმოო აღჭურვილობა ჩანაცვლდა მაღალტექნოლოგიური სისტემებით, ხოლო ორგანიზაციის ფოკუსი თანამედროვე საწარმოო მოდელებსა და ციფრულ პროცესებზე გადავიდა. ტექნოლოგიური გადაიარაღების პროცესი განხორციელდა თანამედროვე სტანდარტებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ მაუწყებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღების პროექტმა საქართველოს პირველი არხი რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მედიასაშუალებად აქცია.

ფინანსები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მართვის სტრატეგია ეფუძნება ორგანიზაციის გარდამავალ ეტაპს, რომელმაც წარმატებით დაასრულა სრული ინფრასტრუქტურული და ტექნიკურ-ტექნოლოგიური გადაიარაღების მასშტაბური ფაზა. ახალი შენობის მშენებლობამ და კაპიტალურმა ინვესტიციებმა შექმნა მყარი, გრძელვადიანი საფუძველი მაუწყებლის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალური პროექტების განსახორციელებლად მობილიზებული 45 მილიონი ლარის ოდენობის მოზიდული სახსრების (სესხის) სრული დაფარვით, ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად შეიმსუბუქა ფინანსური ვალდებულებების ტვირთი და აამაღლა საკუთარი მდგრადობა.

მიმდინარე ეტაპზე მაუწყებლის წინაშე სრულიად ახალი გამოწვევა დგას. დაფინანსების მოდელის ცვლილებამ და ახალი ფორმულის ამოქმედებამ გამოიწვია საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის ტემპის შეჩერება, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქსირებული ბიუჯეტის პირობებში მუშაობას გულისხმობს.

აღნიშნული მოცემულობის პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ფასების მატება და რაც მთავარია, კვალიფიციური კადრების შენარჩუნებისთვის შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობა. ეს ყველაფერი საოპერაციო ხარჯების ბუნებრივ ზრდას განაპირობებს. ამდენად, ფინანსური მართვის ახალი სტრატეგიული მოდელი ორიენტირებულია ფიქსირებული ბიუჯეტისა და ზრდადი ხარჯების პირობებში ბალანსის შენარჩუნებაზე.

სტრატეგიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს შიდა რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდა. ამასთანავე, სტრატეგია ითვალისწინებს არასაბიუჯეტო წყაროებიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობების განხილვას. ახალი, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურული ბაზისა და მედიაპროდუქტების მონეტიზაციის პოტენციალის მაქსიმალური ათვისებით (კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში), მაუწყებელი მიზნად ისახავს კომერციული სახსრების მობილიზებას, რაც შექმნის დამატებით ფინანსურ ბუფერს და დააბალანსებს მზარდ საოპერაციო ხარჯებს. გრძელვადიანი პროგნოზირება, ხარჯების მკაცრი კონტროლი, ალტერნატიული შემოსავლების მართვის ეფექტიანობა და რესურსების რაციონალური გადანაწილება — ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მართვის განახლებული სტრატეგია ემყარება.

პასუხისმგებლობა

საზოგადოებრივი მაუწყებელი პოზიციონირებს, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავამკვიდროთ პასუხისმგებლობის პრინციპები სარედაქციო-შემოქმედებითი მიმართულებით და გავლენა მოვახდინოთ ინდუსტრიაში ეკოლოგიური მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ამოცანები მიმართულია იმისკენ, რომ თითოეულ ადამიანს, საზოგადოებას ვემსახუროთ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებით; ვქმნიდეთ საუკეთესო პროდუქტს ეროვნული ღირებულებების დაცვით, საზოგადოებისთვის და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანისა და ფასეულის წარმოჩენით; ვიყოთ თანამედროვე და აქტუალური; ვიყოთ იქ, სადაც გჭირდებით - იმ ფორმითა და საშუალებით, რომელსაც ირჩევთ.

„ევროპამ უნდა დაიცვას თავისი თავისუფალი მედია, თუ მას სურს, რომ დაიცვას დემოკრატია“, - ამ სიტყვებით შეჯამდა ევროპარლამენტში მოსმენები თემაზე: „დამოუკიდებელი საჯარო მომსახურების მედიის (საქართველოს კანონმდებლობით - საზოგადოებრივი მაუწყებლობა) მნიშვნელობა დემოკრატიისთვის ევროპაში.“ აღინიშნა, რომ „ევროკავშირის პრიორიტეტად უნდა იქცეს თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაცვა“.

ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ ქვეყნის უზენაეს კანონში - საქართველოს კონსტიტუციაში აისახა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუტის, როლი და მნიშვნელობა.

წინამდებარე სტრატეგიაში ასახული მიზნები და ამოცანები სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ინსტიტუციის - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებისა და განვითარებისკენ არის მიმართული.