პირველი არხი VOD (Video on demand) პლატფორმის შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვის მიზანი იყო მაყურებელთა ქცევის შესწავლა, რამდენად იცნობს და იყენებს აუდიტორია ქართულ და უცხოურ VOD პლატფორმებს, ონლაინ ვიდეო პლატფორმებს, რომლებიც მოიცავს ვიდეოპროდუქტს, ლაივსტრიმინგს, გადახვევის ფუნქციას და ა.შ.
კვლევა ონლაინგამოკითხვის მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. კითხვარი გაზიარდა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა საკომუნიკაციო, სოციალურ ქსელში, ასევე იმ უნივერსიტეტებთან, რომლებთანაც პირველ არხს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.
ახალი სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი აამოქმედებს ახალ BVOD (Broadcaster video on demand) პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მაყურებელს საუკეთესო ხარისხის ქართულ პროდუქტს შესთავაზებს. BVOD პლატფორმებს საზოგადოებრივი მაუწყებლები აქტიურად სთავაზობენ აუდიტორიას, რამდენადაც თანამედროვე ცხოვრების წესი ტრადიციული ყურების ჩვევას მნიშვნელოვნად ცვლის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.
ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობა 1 560 ადამიანმა მიიღო. კვლევა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, ამჟამად VOD პლატფორმებს გამოკითხულთა მხოლოდ 36 პროცენტი მოიხმარს.
თუმცა, ახალი, უფასო, ქართული VOD პლატფორმის მოხმარების სურვილი 89.3 პროცენტმა გამოთქვა.
რესპონდენტების უმრავლესობამ ქართულ VOD პლატფორმაზე სასურველ პროდუქტებად ქართული ფილმი, ქართული სერიალი და ქართული დოკუმენტალისტიკა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია.