მამუკა მდინარაძე - საქართველოში ბევრ ადამიანს ისევ ძალიან უჭირს, ამ პრობლემების აღმოფხვრას  მეტი დინამიკა სჭირდება
მამუკა მდინარაძე - საქართველოში ბევრ ადამიანს ისევ ძალიან უჭირს, ამ პრობლემების აღმოფხვრას  მეტი დინამიკა სჭირდება

საზოგადოების განწყობიდან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია, ამასთან დაკავშირებით გულწრფელი და ადეკვატური უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს გამოწვევები, რასაც სჭირდება ადეკვატური პასუხი და უფრო სწრაფი დინამიკა მოსახლეობის სოციალური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.

„ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოში – გაჭირვება. საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს ისევ ძალიან უჭირს. ამ პრობლემების აღმოფხვრას სჭირდება მეტი დინამიკა, კომუნიკაციაც. იმის პრობლემაც არსებობს, რომ ხშირად ჩვენ ვერ მიგვაქვს საზოგადოების თითოეულ წევრამდე ის, რასაც ვაკეთებთ. ამასობაში არის ძალიან ბევრი საქმე, რასაც სწორი მენეჯმენტი, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. ჩვენ ვცდილობთ და გაცილებით მეტად გვმართებს, რომ ადეკვატურები ვიყოთ მოსახლეობის ამ პრობლემების მიმართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატმა გუშინდელი არჩევნებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ პროცესი  დემოკრატიულად წარიმართა.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობდა, შევძელით, რომ კიდევ ერთი გაკვეთილი მიგვეღო და კიდევ ერთი გამოცდა ჩაგვებარებინა დემოკრატიაში. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, გუნდში ცვლილებებით, გარკვეული გადახალისებით პარტიაში, კომუნიკაციის სწორი სტრატეგიით, ამ პრობლემებს უნდა გავუმკლავდეთ. მთავარია ერთი რამ, მეორე ტურში,  ვალდებული ვართ, გაიმარჯვოს ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა, რადგან საქართველოში აღარსდროს დაბრუნდეს ბოროტება და ბნელი ძალა. ყველამ ვიცით, რომ პროპაგანდისტულმა მანქანამ, რომელიც ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, ძალიან დიდი როლი შეასრულა ამ ყველაფერში. თუმცა აქაც გულწრფელი რომ ვიყო და ადეკვატური განვითარებული მოვლენების მიმართ, ალბათ, კომუნიკაციის პრობლემები საკუთარ თავსაც უნდა დავაბრალოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, რა ტიპის ცვლილებებია მოსალოდნელი, მდინარაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება, რაც პარტიას ახალ ენერგიას შესძენს.

„ვგულისხმობ პარტიაში არსებულ მოსალოდნელ ცვლილებებს, რაც პარტიის თავმჯდომარემაც დააანონსა არჩევნების შედეგებამდე. აქედან გამომდინარე, ბევრი ახალი სისხლის, ახალი სახის გამოჩენა იქნება ძალიან კარგი და ახალ ენერგიას შესძენს პარტიას. ეს სამომავლო საქმეა“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება პარტიის დაკვეთით „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებსა და კვლევებს, მდინარაძის თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგებმა და შესაბამისად, შემდგომმა ეგზიტპოლმა, გარკვეულწილად დათვური სამსახური გაუწია პარტია „ქართულ ოცნებას“.

„როგორც ჩანს, არ შეიძლებოდა ბოლომდე დაყრდნობა იმ მონაცემების, რომლის მიხედვითაც, ამომრჩევლის 54 პროცენტი საერთოდ უარს აცხადებდა პასუხის გაცემაზე. როგორც ჩანს, ამან მისცა ამ ორგანიზაციას ასეთი დიდი სხვაობა შედეგებს შორის. პარტიულ კვლევებზე დაყრდნობა იყო გარკვეულწილად შეცდომის ნაწილი, აღქმა იმისა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში იგებდა. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ შიდა პარტიულ კვლევებზე დაყრდნობა არ იყო სწორი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა კვლევებზე ამ ორგანიზაციას ჰქონდა სწორი მონაცემები“, – განაცხადა მდინარაძემ.