მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ურეკავს ზონდერჯგუფებს და მათ ფიზიკური ძალადობისკენ მოუწოდებს 
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ურეკავს ზონდერჯგუფებს და მათ ფიზიკური ძალადობისკენ მოუწოდებს 

მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჯელალ ქიქავა ურეკავს ზონდერჯგუფებს, მოუწოდებს მათ ფიზიკური ძალადობის და პროვოკაციისკენ, არსებობს შესაბამისი ვიდეომასალაც.

„მოგვიანებით აღნიშნულმა პიროვნებამ, ბათუმის მე-9 უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მხარდამჭერ ქალბატონს, რაზეც ჩვენი ინფორმაციით უკვე საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცავი ორგანოები და ბუნებრივია ამაზე იქნება გამოძიება და დაველოდებით შედეგებს. ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მურთაზ ზოდელავა ტელეკამერების წინ ხევს სააგიტაციო მასალას და ამას ხსნის იმით, თითქოს უბნის შიგნით არის ეს მასალა, რეალურად არის უბნის გარეთ და არჩევნების დღესაც უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება. როგორც ნახეთ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები გამოესარჩლნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, იმ მოტივით, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია დაშვებულია, თუმცა ისინი შეგნებულად გვერდს უვლიან მთავარს – მოქმედი კანონმდებლობით არჩევნების დღეს აკრძალულია მასმედიის საშუალებებით საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული რეკლამირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გუშინ „რუსთავი 2“ მიუხედავად საარჩევნო დღის დადგომისა, 12 საათის შემდეგაც აგრძელებდა ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ღიად ავალებენ თავიანთ წარმომადგენლებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება თუ არა დარღვევები, დაწერონ მაქსიმალურად ბევრი საჩივარი.

დატოვე კომენტარი