არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ თალაკვაძემ პირველ არხს ოზურგეთში განუცხადა.

უმრავლესობის ლიდერი უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას დარღვევებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდება პროვოკაციის მცდელობაა, რაც არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება.

„დადიან და ამბობენ, რომ არჩევნები ყალბდება და თითქოს არ ენდობიან ამ არჩევნებს. რაც დილიდან იკვეთება არის ის, რომ მაგალითად, წილისყრებში არ მიიღეს მონაწილეობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად აქვს ადგილი მანიპულაციის მცდელობას. დარწმუნებული ვარ, რომ მათი გეგმები საბოლოო შედეგზე ვერ აისახება. როგორც დამკვირვებლები, ისე საზოგადოება დაინახავს, რომ არჩევნების პროცესი მიმდინარეობს თავისუფალ გარემოში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციის მტკიცებით კი ოზურგეთში არჩევნების პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.

„ადგილი აქვს უამრავ დარღვევას. „ქართული ოცნება” ყველანაირი მეთოდით ცდილობს გამარჯვების მოპოვებას“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ გოგოტიშვილი.

ამასთან, N60-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათთან სამი საჩივარია შესული და ისინი პროცედურული ხასიათისაა.

ოზურგეთში სულ 62 უბანია და 62 010 ამომრჩეველია რეგისტრირებული.