მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ახერხებს პროვოკაციული ფონის შექმნას და მოდელირებულ რეალობასთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ახერხებს პროვოკაციული ფონის შექმნას და მოდელირებულ რეალობასთან გვაქვს საქმე

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედიასაშუალების მეშვეობით ცდილობს, მოვლენების მოდელირებას და  ყველაფერს აკეთებენ არა მხარდამჭერთა მობილიზაციისთვის, არამედ იმისათვის, რომ შექმნან არჩევნების გაყალბების ილუზია, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უზრუნველყოფილი აქვს, რომ რამდენიმე ათეული მომხრე მიიყვანოს სხვადასხვა უბნებზე, მათ აქვთ უკვე მარკირება, არჩევნებში მონაწილეობა აქვთ უკვე მიღებული და ცდილობენ, საარჩევნო პროცესს ხელი შეუშალონ.

„რუსთავი 2“ ბოლო წუთების განმავლობაში გვიცხადებს, რომ ხელში ჩაუვარდათ ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ხუმრობასაც კი ვაპირებდი იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვეწერა ხელით, მიგვეწერა კონკრეტული თანხები, ეს იუმორშიც არ ჯდება, ასევე ნახატები, თითქოს რომელიღაც კანდიდატის იდენტიფიცირება ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დახატოს და შემდგომ დადოს „რუსთავი 2“-ში. ეს არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია და ყველას ვთხოვ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოერიდონ ასეთ პროვოკაციას. ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედიასაშუალების მეშვეობით ცდილობს, მოვლენების მოდელირებას და როგორც ჩანს, ისინი ყველაფერს აკეთებენ არა მხარდამჭერთა მობილიზაციისთვის, არამედ იმისათვის, რომ შექმნან გაყალბების ილუზია. ამ მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და ჩვენი აგიტატორების ნებისმიერი მოქმედება უკანონოდ წარმოაჩინოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მომხრეებს აბსოლუტურად კანონიერი უფლება აქვთ, საარჩევნო უბნის გარეთ, როგორც აგიტაციის, ასევე მათ აქვთ უფლება, მოახდინონ მხარდამჭერების რაოდენობის აღრიცხვაც, მთავარია, რომელიმე ადამიანმა არ მოახდინოს ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე.

„ჩვენი აგიტატორები, ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი პარტიული აქტივი მოქმედებს კანონის ფარგლებში, მისი სრული დაცვით და მოვუწოდებთ მათ, გააგრძელონ მუშაობა. ამავე დროს მოვუწოდებ ოპოზიციას და მათი მედიის წარმომადგენლებს, თავი დაანებონ ჩვენს აქტივისტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ პროვოკაციული ფონისა, ქვეყნის მასშტაბით რაიმე არსებითი, სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება. ცალკეულ შემთხვევებზე იქნება უმკაცრესი რეაგირება და აქაც კანონის ფარგლებში მოვექცევით. რეაგირება იქნება მყისიერი და ნებისმიერ საჩივარზე, რომელიც რეალურ საჩივარზე, ვფიქრობ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექნება მყისიერი რეაგირება. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ახერხებს პროვოკაციული ფონის შექმნას და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებულ რეალობასთან გვაქვს საქმე. არჩევნები გრძელდება, დარწმუნებული ვარ, იქნება რეალური შედეგები, გამომდინარე იქედან, რა არჩევანსაც გააკეთებს ქართული საზოგადოება და ამომრჩეველი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.