„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე საარჩევნო კომისიის წევრებს დაუპირისპირდა [ვიდეო]

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თეონა ჭალიძემ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, ჰასმიკ მარანგოზიანისგან პირველივე საარჩევნო უბნიდან მოტანილი შემაჯამებელი ოქმის ნახვა მოითხოვა.

როგორც თეონა ჭალიძემ პირველ არხთან განაცხადა, “საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ოქმის ნახვის საშუალება არ მისცა და ხელით შეეხნენ”.

ამის შემდეგ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე მივიდა. გოცირიძე იმ ოთახში შევიდა, სადაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს დაუპირისპირდა.

როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, მომხდარი არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ოპოზიცია ცდილობს საარჩევნო პროცესის ჩაშლას.

პარალელურად, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იკრიბებიან.