მამუკა მდინარაძე - მეორე ტური არ არის გამორიცხული, თუმცა ველოდებით შედეგებს ცესკო-დან
მამუკა მდინარაძე - მეორე ტური არ არის გამორიცხული, თუმცა ველოდებით შედეგებს ცესკო-დან

ეგზიტპოლს აქვს ცდომილების გარკვეული ფარგლები და საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით არ შეგვიძლია კონკრეტული განცხადებების გაკეთება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავთ. ჩვენმა ლიდერებმა, მათ შორის მეც, რაც ეგზიტპოლი გამოცხადდა, არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ მეორე ტური არ არის გამორიცხული. რა თქმა უნდა, ეგზიტპოლს აქვს ცდომილების გარკვეული ფარგლები და საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით არ შეგვიძლია კონკრეტული განცხადებების გაკეთება. არც იქნება ეს ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლიანი საქციელი, ვიდრე არ მოვა მონაცემები ცესკო-დან. ასე რომ, ჩვენ ველოდებით ცესკო-დან შედეგებს. სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს დამაჯერებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთებთ კონკრეტულ, უკვე კატეგორიულ განცხადებას ცესკო-დან მიღებული შედეგების შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა არ არსებობს. „ფსიქო პროექტის“ კვლევების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს, ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის მეორე ტურია მოსალოდნელი.