აუდიოსიახლე
ედ მილიბანდი – ბრიტანეთის მთავრობა ეთანხმება, რომ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების ეთნიკურ წმენდას ადგილობრივი ტერორისტები ახორციელებენ
ბრიტანეთის მთავრობა ეთანხმება, რომ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების ეთნიკურ წმენდას ადგილობრივი ტერორისტები ახორციელებენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედ მილიბანდმა განაცხადა.
„სქაი ნიუსის“ ცნობით, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსგავს სიტუაციებში ისრაელის მთავრობა არ რეაგირებს.
ედ მილიბანდმა ისრაელის მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ისრაელელების იმაზე მეტი დასახლება შეიქმნა, ვიდრე გასული 20 წლის განმავლობაში.
„ისრაელის მთავრობა ძალიან ხშირად ამაზე თვალს ხუჭავს. კიდევ უარესი, მისი წევრები აკეთებენ განცხადებებს და იღებენ გადაწყვეტილებებს პალესტინელების იძულებითი გადაადგილების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ედ მილიბანდმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ არგუმენტები არა ისრაელელი ხალხის, არამედ მათი მთავრობისკენ არის მიმართული.
ასევე, ედ მილიბანდი აღნიშნავს, რომ ეთნიკურ წმენდას გაერო განმარტავს, როგორც მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომელიც „შემუშავებულია ერთი ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის მიერ ძალადობრივი და ტერორისტული საშუალებებით სხვა ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის მშვიდობიანი მოსახლეობის ჩამოსაშორებლად გარკვეული გეოგრაფიული ტერიტორიებიდან“.
ირაკლი კობახიძე – წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ, ვიდრე გასული ათი წლის განმავლობაში, ეს არის შედეგი, რაც მოიტანა ინსტიტუციურმა ცვლილებებმა
დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში. ჩვენი მიზანია, არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის ინსტიტუციური კუთხით გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი.
„გასული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში, იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ ქვეყნიდან, ვიდრე მთელი გასული ათი წლის განმავლობაში. ეს არის პრაქტიკული შედეგი, რაც მოიტანა ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და პოლიტიკის მიდგომის ცვლილებამ, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. უხეში დათვლებით, დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადადის
საქართველოს მთავრობამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარუდგინა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც საფუძველს ქმნის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მართვისა და მოვლა-შენახვის თანამედროვე სისტემის დანერგვისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელბს.
უწყების ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ყველაზე რთული მონაკვეთის – აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის გორი-არგვეთის 105-კილომეტრიანი მონაკვეთის მოვლა-შენახვის ფუნქცია სრულად ან ნაწილობრივ მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით განახორციელოს.
„აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 138 ხიდსა და 59 გვირაბს და ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.
ცვლილების მთავარი მიზანია სახელმწიფოს გადასვლა რეაგირების მოდელიდან მართვის მოდელზე. ახალი მიდგომა დაფუძნებული იქნება მაგისტრალის კონკრეტულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული აქტივების მუდმივ მონიტორინგზე, პრევენციულ მოვლასა და მათი სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებაზე. ახალი მოდელის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე ტექნოლოგიების – GPS, GIS, SCADA და სხვა ციფრული სისტემების დანერგვა, რაც შესაძლებელს გახდის გზების მდგომარეობის რეალურ დროში მონიტორინგს და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებას.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილება, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს კანონით განსაზღვრულ არეალებში უნებართვო საქმიანობის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურებისა და დანაგვიანების ფაქტებზე. აღნიშნული ცვლილება დამატებით გააძლიერებს საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმებს.
რეფორმის შედეგად მოსალოდნელია გზების მოვლა-შენახვის პროცესის ეფექტიანობის ზრდა, მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავარიული რისკების შემცირება, ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება, გრძელვადიანი საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია და ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის მდგრადობისა და საიმედოობის ზრდა. სახელმწიფოს მიერ შექმნილი ოპერატორი ორიენტირებული იქნება მხოლოდ გზების მოვლა-შენახვასა და მართვაზე. მას არ გადაეცემა მშენებლობის, პროექტირების ან ტექნიკური ზედამხედველობის ფუნქციები.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული საგზაო ქსელის საერთო სიგრძე 7087.37 კილომეტრია, საიდანაც 1517.1 კილომეტრი საერთაშორისო მნიშვნელობის გზებია, ხოლო 5570.27 კილომეტრი – შიდასახელმწიფოებრივი. შესაბამისად, 105-კილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანი ქსელის მხოლოდ 1.4 პროცენტს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენ 98.6 პროცენტზე მომსახურებას კვლავ კერძო სექტორი უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაახლოებით 63 მილიონი ლარის საწყისი კაპიტალური ინვესტიცია თანამედროვე ტექნიკის, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური სისტემების შესაქმნელად. ასევე დაგეგმილია 119 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკის შეძენა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების დროსაც იქნება გამოყენებული. ინიციატივის მიზანია სახელმწიფოს მიერ შექმნილი მილიარდობით ლარის ღირებულების საგზაო აქტივების დაცვა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მრავალი ათწლეულის განმავლობაში“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე – საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გაზრდამ გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, შესაბამისად, მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება
ჩვენ შევაფასეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან, შესაბამის ჯარიმებთან დაკავშირებული სტატისტიკა და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა ჯარიმების შემცირება.
„ჩვენ არ გვინდა, ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად გაზრდილი ჯარიმებით, შესაბამისად, ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ჩეხეთის საზოგადოებრივმა მედიამ, დაფინანსების რეფორმის გამო, გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყო
„ჩეხეთის ტელევიზიისა“ და „ჩეხეთის რადიოს“ თანამშრომლები შიშობენ, რომ ეს ცვლილება მათ პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოაქცევს, რადგან დაფინანსება მთავრობისა და პარლამენტის ყოველწლიურ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.
საზოგადოებრივი მედიის წარმომადგენლები გამოდიან გაფრთხილებით, რომ რეფორმამ, შესაძლოა, მისი ამ ორი სტრუქტურული ერთეულის („ჩეხეთის ტელევიზია“ და „ჩეხეთის რადიო“) დაახლოებით 4000 თანამშრომლიდან 450-დან 700-მდე ადამიანის გათავისუფლება გამოიწვიოს.
პროგრამის ცვლილებამ უკვე მიიქცია ჩეხი მაყურებლის ყურადღება, რადგან გადაცემები ერთი წუთის დაგვიანებით იწყებოდა, წამყვანებს შავი სამოსი ეცვათ, მაუწყებლების ონლაინ სერვისები კი შეიზღუდული იყო. ამასთან, „ჩეხეთის რადიო“ თავისი პროგრამას გაფიცვის შესახებ საინფორმაციო განცხადებებით წყვეტდა, რასაც წუთიერი დუმილი მოჰყვებოდა ხოლმე.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის კაბინეტმა უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ რეფორმა საფრთხეს უქმნის მედიის დამოუკიდებლობას და განაცხადა, რომ დაფინანსების ცვლილება წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც მაუწყებლების დაფინანსების წესის გამარტივებას ისახავს მიზნად.
მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების პრაქტიკა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც არსებობს და ის, თავისთავად, სარედაქციო ავტონომიას ძირს არ უთხრის.
სტატიის ავტორია პოლონეთის რადიო (PR), ფოტოს ავტორი: მიხალ ჩიჟეკი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 22 ივნისი 2026, 13:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)
თენგიზ შარმანაშვილი – ოპოზიციაში ქაოსია, წარმოდგენა არ აქვთ, მოვლენები როგორ უნდა განვითარდეს, მთელი თავისი ტაქტიკა რევოლუციაზე ააწყვეს, ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც ვერაფერი გააკეთეს
ოპოზიციაში აბსოლუტური ქაოსია. წარმოდგენა არ აქვთ, მოვლენები როგორ უნდა განვითარდეს. რადიკალურმა ოპოზიციამ მთელი თავისი ტაქტიკა რევოლუციაზე ააწყო, პოლიტიკისგან თავი გაირიყეს და ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც ვერაფერი გააკეთეს. ვინ დაუჭერს მხარს მათ წარმოუდგენელ გეგმებს, რაც დაკავშირებულია ქაოსთან, არეულობასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარმანაშვილის თქმით, „ახლა ვერც მათი პატრონები ლაგდებიან, რა უნდა გააკეთონ და ვერც თავად“.
„ამ ფონზე, შიდა ურთიერთობებიც გამწვავდა, თითქოს, მომხრე არ იყვნენ, ასეთი მარგინალური პოლიტიკა ეწარმოებინათ. დაპირისპირება ურთიერთვერატანის ფონზე აქვთ. ერთმანეთს აბრალებენ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რომ არასწორი ნაბიჯები გადადგეს? – გულში რაც ჰქონდათ, ახლა იმას ანთხევენ. „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ შემოვიდა, ამით სახელმწიფო დაფინანსება დაკარგა, რაც 100-200 ათასი ლარი კი არა, გაცილებით მეტი იყო. შემდეგ ბოიკოტი გამოუცხადეს თვითმმართველობის არჩევნებს. ყველაფერზე უარი თქვეს და ახლა უკვირთ, რატომ არიან კრიზისში? ეგონათ, საქართველოში „შავი ფულის“ შემოტანა თავისუფლად მოხდებოდა და ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს განავითარებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ვერ გააკეთეს და თან ოფიციალურ შემოსავალზე უარი თქვეს. აბსოლუტური კრახი განიცადეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ირაკლი კობახიძე – არ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გარედან გააღვივოს სიძულვილი და აგრესია, ჩვენ გვინდა სიმშვიდე, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად
ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი ამოცანა.
„ჩვენ გარედან გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას, რაც არის დამახასიათებელი მოვლენა ქართული კულტურისთვის, რაც არ არის ჩვენთვის ორგანული, იმას უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ არ გვინდა, ვიღაცამ გარედან ჩვენს ქვეყანაში გააღვივოს სიძულვილი და აგრესია. ამ სამმართველოს ფუნქცია ეს არის, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ სამმართველოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამმართველოს საქმიანობა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ დავუპირისპირდებით მომავალშიც სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც სრულიად ხელოვნურად გვახვევენ თავს გარედან. გამჭვირვალობის კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ზუსტად ეს იყო. სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება, თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა თითოეულ მათგანს
ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში. მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებას, უცხოური აგენტურას და რაც მეტად იქნება მორღვეული ეს პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის.
„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეს საზოგადოებას. ეს წარმოუდგენელია. ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდებით. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2024 წლის, 2025 წლის, 2020 წლისა და 2021 წლის არჩევნებზე. ისინი ამ რეალობას ვერ გასცდნენ, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა. შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისა და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება. თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში და მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.
სამხრეთ კორეა მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოეთკორეელი სამხედროები მიიღოს
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა, ყველა ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვე მიიღოს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდნენ და ტყვედ ჩავარდნენ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამხრეთ კორეაში წასვლას გადაწყვეტენ.
სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ კორეა ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ტყვეების რუსეთში ან ჩრდილოეთ კორეაში მათი სურვილის საწინააღმდეგოდ რეპატრიაციას ეწინააღმდეგება.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, სამხრეთ კორეისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები 30 ივნისს სეულში მოლაპარაკებებს გამართავენ, რა დროსაც აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრებენ.
„უკრაინასთან ძირითადი შეთანხმება უკვე მიღწეულია და პრინციპი უცვლელი რჩება. ჩვენ გარკვეულ პროგრესს ველით, როდესაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტი დაიწყება“, – განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მხარეს რამდენიმე ათასი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი იბრძვის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოსაცდელებს შეუძლიათ საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით გადაამოწმონ, დაკმაყოფილდა თუ არა მათი მოთხოვნა.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად 300-ზე მეტი აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნას. ამ მიზნით, ცენტრი ბეჭდავს ტესტებს ბრაილისა და გაზრდილი შრიფტით. ასევე გამოიყენება სპეციალური ხმოვანი პროგრამა, ეწყობა გამოსაცდელთა საჭიროებებზე მორგებული სივრცე, იზრდება საგამოცდო დრო და ხორციელდება სხვა მხარდამჭერი ღონისძიებები.
უცხოური ენის მოსმენის ნაწილისთვის ცენტრი აპლიკანტებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვან საგამოცდო პრაქტიკაში დანერგილ ალტერნატიულ შესაძლებლობებს. მათ შორისაა: წამკითხველის დახმარება (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით), ხმის გამაძლიერებელთან ახლოს განთავსება, ყურსასმენის გამოყენება, პირადი სმენის აპარატის გამოყენება და დამატებითი დროით სარგებლობა.
გამოსაცდელთა მოთხოვნებს ინდივიდუალურად განიხილავს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. გადაწყვეტილება მიიღება გამოსაცდელების მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე – მოქალაქეებს დღეს შესაძლებლობა აქვთ, 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას
მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ასამდე სერვისს სთავაზობს და წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტიან და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების მოდელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას.
„ბოლო წლებში დაინერგა ელექტრონული ცნობების გაცემა, საერთაშორისო მართვის მოწმობის მიღების შესაძლებლობა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დისტანციური გადაფორმების სისტემა, რაც მოქალაქეებს მნიშვნელოვანი სერვისებით სარგებლობის საშუალებას სახელმწიფო უწყებაში მისვლის გარეშე აძლევს.
საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ ტრანსფორმაციას. ჩვენი ამოცანაა, ეს პროგრესი მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ სახელმწიფო სერვისებად გარდავქმნათ. დღეს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ხოლო საჯარო სექტორში აქტიურად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მექანიზმები.
მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას“, – აღნიშნა პრემიერმა.
გია ბარამიძე – სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში ყოველთვის იყო დისკუსია, შიდა დემოკრატიული კონკურენცია, ადრეც იყო კამათი, დღესაც არის და, ღმერთმა ნუ მოშალოს მომავალშიც
„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, არაფერი ახალი არ არის საზოგადოებისთვის. მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ყოველთვის იყო დისკუსია, კამათი, შიდა დემოკრატიული კონკურენცია. კამათი ადრეც იყო, დღესაც არის და, ღმერთმა ნუ მოშალოს მომავალშიც. ამ კამათში და დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ჩატარდება.
„უახლოეს ხანებში, წესდების მიხედვით, ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა. ყველას, ვინც არჩეული ვიყავით სხვადასხვა თანამდებობაზე – თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრები, ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, წესებიდან გამომდინარე, გვეწურება ვადა. ამიტომ, ყველას არჩევნების საკითხი დადგება. რაც შეეხება თავმჯდომარის კანდიდატურებს, ალბათ იქნება რამდენიმე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ჩვენი გუნდის ლიდერმა, დაასახელა ნანუკა ჟორჟოლიანი. ჩემი ინფორმაციით, იქნებიან სხვებიც. როგორც ჩვენს პარტიას სჩვევია, კონკურენტულ, შიდა დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება ყველა შესაბამისი პროცედურა და პარტია აირჩევს ხელმძღვანელობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამის თაობაზე გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ისაუბრა, არა უბრალოდ თანამდებობების გადანაწილება, არამედ ჩვენი პარტიის გამოსაცოცხლებლად, უფრო მეტი აქტიურობის, ეფექტიანობისთვის სისტემური ცვლილება. ისეთი ცვლილება, რომელიც მოიტანს მეტ სახალხოობას პარტიაში, მეტ შიდა დემოკრატიას, სამართლიანობას, ჰორიზონტალურ მართვას, ასევე გამოიყენებს იმ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, რაც არის თანამედროვე სამყაროში. სწორედ ასეთი არის ე.წ. msr, ანუ მართვის საფუძვლიანი რეფორმა, რაზეც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს მსჯელობა და პოლიტიკურ საბჭოს უკვე მიღებული აქვს. ახლა დაგვრჩა, რომ ეს რეფორმა მიიღოს პარტიის უახლესმა ყრილობამ და დავიწყოთ განხორციელება. ეს გულისხმობს მეტ სახალხოობას, საჯაროობას, ხალხის უშუალო ჩართულობას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შესაბამისად, ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას, სამართლიანობასა და ჰორიზონტალურ მართვას, ჩვენი პარტიის მართვას სწორედ ხალხის მიერ და არა ცალკეული, თუნდაც საპატივცემულო, ახლად არჩეული პარტიული თანამდებობის პირების მიერ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
იანის ანტეტოკუნმპო „მაიამიში“ ითამაშებს #1TVSPORT
ტელეკომპანია ESPN-ის ინფორმაციით, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ხმაურიანი გაცვლა განხორციელდა „მილუოკი ბაქსსა“ და „მაიამი ჰიტს“ შორის.
„მილუოკიმ“ თავისი ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო და ბობი პორტისი ფლორიდულ კლუბში გაუშვა, მათ სანაცვლოდ კი მიიღო ტაილერ ჰირო, კელელ უერი, ჯეიმი ხაკესი, კასპარას იაკუჩიონისი, აგრეთვე დრაფტ-აქტივების პაკეტი, რომელშიც შედის პირველ რაუნდში სამი არჩევის უფლება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ კიოლნში გაიმართა
ღონისძიების მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ადგილობრივ სამზარეულოსთან შეხამება იყო.
დეგუსტაციას 20-მდე ინფლუენსერი, კონტენტ-კრეატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა მევენახეობის რეგიონიდან წარმოდგენილი შვიდი დასახელების ქართული ღვინო.
ღონისძიებას უძღვებოდა ცნობილი კულინარიული ბლოგერი და კონტენტ-კრეატორი ჯელენა ლოზო (Jelena Lozo), რომლის აუდიტორია ხარისხიანი სამზარეულოთი და ღვინით დაინტერესებულ მომხმარებლებს აერთიანებს. მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდისთვის გერმანიაში, რომელიც ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან, ff.k Public Relations-თან 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 670 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ირანის პრეზიდენტი – შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების წინსვლას
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ეფექტურობა დამოკიდებულია შეთანხმებული ვალდებულებების სრულ ერთგულებასა და ზუსტ შესრულებაზე.
მისივე თქმით, ამ გზაზე პროგრესი აღებული ვალდებულებების დაცვით შეფასდება.
„მოლაპარაკებების ეფექტურობა დამოკიდებულია შეთანხმებული ვალდებულებების სრულ ერთგულებასა და ზუსტ შესრულებაზე. ამ გზაზე პროგრესი შეფასდება აღებული ვალდებულებების პრაქტიკული დაცვით. შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების წინსვლას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ
გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდის თარიღი ემთხვევა ერთიანი ეროვნული, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდის თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს.
„ამისათვის აუცილებელია, მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე – [email protected] გამოაგზავნოს საგამოცდო ბარათი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კანდიდატს გამოცდის ახალი დრო განესაზღვრება“, – ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.
სულხან თამაზაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი გიორგი სახოკია წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი, გიორგი სახოკია წარუდგინა.
აკადემიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.
ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მატარებლების გადაადგილების ნაწილობრივი შეფერხება გამოწვეული იყო მატარებლის ტექნიკური ხარვეზით, მს „რუსთაველზე“, რის გამოც მეტრო მხოლოდ მს „ახმეტელის თეატრიდან“ მს „სადგურის მოედნამდე“ მუშაობდა.
ამ ეტაპისათვის, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს.
კანადის ქალაქ მონრეალში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, პოლიციამ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილას მოკლა
კანადის ქალაქ მონრეალში სროლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.
მონრეალის პოლიციის უფროსის, ფადი დაგერის თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქის ზარი შევიდა, რომელმაც განაცხადა რომ შენობიდან სროლის ხმა ისმოდა. ადგილზე მისულ პოლიციას კი მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა.
პოლიციის უფროსის თქმით, ეჭვმიტანილი მამაკაცი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა და ის შემთხვევის ადგილზე მოკლეს.
რა გახდა თავდასხმის მიზეზი ეს ამ დროისთვის უცნობია.
შეკვეთილში მდებარე პარკ „საქართველო მინიატურებში“ ინფრასტრუქტურა განახლდა
შეკვეთილში მდებარე პარკი „საქართველო მინიატურებში“ სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება.
სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია, განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა, რაც პარკს საშუალებას მისცემს ვიზიტორებს უფრო გვიან საათებშიც უმასპინძლოს.
ინფრასტრუქტურასთან ერთად განახლდა შეთავაზებები. პარკში მოსულ ჯგუფურ ტურებს, ამიერიდან კონკრეტული ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ: 10-20 სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 10%; 21-30 სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 15%; 31 + სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 20%.
აღსანიშნავია, რომ შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია ონლაინ, ან ადგილზე რეგისტრაციის გავლა. ონლაინ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
„საქართველო მინიატურებში“ საქართველოს 56 კულტურული და ისტორიული ძეგლის მინიატურული ვერსიაა წარმოდგენილი. უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ოჯახური და საგანმანათლებლო ვიზიტებისთვის, ერთ დღეში გაეცნონ ქართულ მემკვიდრეობას. განახლებული პარკი ვიზიტორებს დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოემსახურება.
პარკი „საქართველო მინიატურებში“ Starring Georgia-ს ეკოსისტემას 2025 წლიდან შემოუერთდა.
STARRING GEORGIA რეგიონის გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ, კულტურულ და შემეცნებით-გასართობ გამოცდილებებს აერთიანებს. იგი 2023 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და Black Sea Arena-ს ორგანიზებით დაარსდა. პროექტის მიზანია ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობა, კულტურული ლანდშაფტის გაძლიერება და მსოფლიო დონის ვარსკვლავების შოუების მასპინძლობა.
ინფორმაციას „სტარინგ ჯორჯია“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპი – კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის
კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნლისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კირ სტარმერმა მხარი არ დაუჭირა შეერთებულ შტატებს ირანთან კონფლიქტის დროს, რამაც, მისი შეფასებით, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ავტორიტეტს ზიანი მიაყენა.
ტრამპის თქმით, სტარმერი საკუთარმა პოზიციამ ქვეყნის შიგნითაც დააზარალა.
„სტარმერმა უარი თქვა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას ეს არ მოეწონა“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, სტარმერის პოზიციამ, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულმა უთანხმოებებმა, ორ ტრადიციულ მოკავშირეს შორის ურთიერთობები დაძაბა.
მისი თქმით, ბრიტანეთს ვაშინგტონის გვერდით უფრო აქტიური როლი უნდა ეთამაშა და ეს ვითარება დასავლური ერთიანობის გამოცდა იყო.
ამასთან, ტრამპმა გააკრიტიკა ნატო-ს რამდენიმე ევროპული წევრიც და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ათწლეულების განმავლობაში ტრილიონობით დოლარი დახარჯა ევროპის უსაფრთხოების დასაცავად, მაშინ, როდესაც, მისი თქმით, ამერიკას საჭიროების დროს მოკავშირეებისგან სათანადო მხარდაჭერა არ მიუღია.
„მრავალი თვალსაზრისით ჩვენ ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი წევრი ვიყავით, უდავოდ, წამყვანი წევრი. წლების განმავლობაში ევროპის დასაცავად ტრილიონობით დოლარი გადავიხადეთ, არა მილიარდები, არამედ ტრილიონები. ჩვენ საერთოდ არ გვჭირდებოდა დახმარება, უფრო ცნობისმოყვარეობის გამო მაინტერესებდა. გვინდოდა გაგვეგო, ამიტომ პიტ ჰეგსეტს ვუთხარი: ვნახოთ, მართლა მოვლენ თუ არა. მათ ვთხოვეთ მოსვლა და ისინი ჩვენ გვერდით არ დადგნენ. ამდენი ფული დავხარჯეთ… სხვათა შორის, სისულელე იყო, რომ არ იყვნენ. იტალია ძალიან ცუდად მოიქცა, გერმანიაც, სხვა ქვეყნებიც. ჩვენ ამ ყველაფერზე უზარმაზარი თანხები დავხარჯეთ, ალბათ წელიწადში 600 მილიარდი დოლარი, რეალური რიცხვი შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი იყოს. ნატო-ზე დახარჯული თანხები იმდენად უზარმაზარია, ძნელი დასაჯერებელია, როცა ჩვენ დაგვჭირდა, ისინი ჩვენს გვერდით არ იყვნენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ. სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დასტურდება, რომ ბრალდებულები კუსტარული ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 20 კილოგრამამდე წონის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი – ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტეში სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნას, რათა აშშ-თან ან სხვა ქვეყნებთან ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან აცილება და მოგვარება მოხდეს
ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტეში სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნას, რათა აშშ-თან ან სხვა ქვეყნებთან ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან აცილება და მოგვარება მოხდეს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა და შეერთებულ შტატებთან მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.
„ირანმა და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას სატელეფონო ცხელი ხაზის და ცენტრის შექმნის შესახებ, რათა რაიმე გაურკვევლობის ან პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გემებს შეეძლოთ ამ ცენტრთან დაკავშირება“, – აღნიშნა ღალიბაფმა.
მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ჰორმუზის სრუტეში რაიმე სახის პრობლემა წარმოიშვას.
„ისევე, როგორც პრობლემები შეიძლება, წარმოიშვას ლიბანში ან სხვაგან, პრობლემები შეიძლება, წარმოიშვას ჰორმუზის სრუტეშიც, როგორც ხედავთ, ზოგიერთ ღამეს შეტაკებებიც კი მოხდა“, – განაცხადა ღალიფაბმა ირანულ მედიასთან საუბრისას.
ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, რა არის ცხელი ხაზის შექმნის მიზანი.
„ამერიკელებს რაიმე თუ წინააღმდეგობა აქვთ, ან რომელიმე გემს მარშრუტთან დაკავშირებით გარკვევა დასჭირდება, შეუძლიათ, დარეკონ“, – აღნიშნა ღალიბაფმა.
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 88 მოქალაქე გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 88 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ბანგლადეშის, ეგვიპტის, იორდანიის, ნეპალის, სუდანის, ტანზანიის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 88 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი – ნანუკამ გააჟღერა, მიშა ციხეში ზის და მის აზრს მნიშვნელობა შეიძლება, არც ჰქონდესო, მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა
მინდა, ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვუპასუხო შიდა დემოკრატიაზე. ისინი მსაყვედურობენ, მიშა მხოლოდ ვიწრო წრეში იღებს გადაწყვეტილებებს და მერე გვაცნობსო. მეორე საყვედური ის იყო, რომ მიშას ხმა რეალურად, ერთი ხმა კი არა, ბევრი ხმა არისო და ამიტომ არ უნდა გაახმოვანოს თავისი გადაწყვეტილებაო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, სურს, ყველას შეახსენოს, ხოდა, „რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი“.
„კი, მე ვარ იზოლირებული, ვეკონტაქტები ძირითადად ჩემს თავს და ასევე ციხის თანამშრომლებს, რომელთა ნაწილს შუშის თვალები აქვს, მაგრამ ჯერ ერთი, ვინც ჩემს პოსტებს კითხულობთ, ვინმემ შეამჩნიეთ რომ მარაზმში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი, რა ხდება ამ ქვეყანაზე? რომც არ ვიცოდე, ჩემი გადაწყვეტილება არაფერი იმაზე მეტი არაა, ვიდრე უბრალო წინადადება, რომელიც შეგიძლიათ, მიიღოთ, ან არ მიიღოთ და აქ ვიწრო წრე არაფერ შუაშია.
რაც შეეხება იმას, რომ ჩემი ზმა ბევრ ხმას უდრის (ჩემი ახლო მეგობარი ეკა წამალაშვილი) – ჩემო ეკა, იცი, რა არის ლიდერობა? როცა შენ უფრო გისმენენ, ვიდრე ზოგიერთ სხვას.
ამ თემაში ჩვენი არაკეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან, პარტია ემორჩილებაო. ივანიშვილი ემყარება ძალადობას და ფულს, მე კიდევ მინდა, ვკითხო ენმ-ის წევრებს, ვინმეზე ვიძალადე? ან ჩემგან რამე მატერიალურ სარგებელს იღებთ? ხოდა, თუ არ იღებთ, ესე იგი, ჩემი ავტორიტეტი არის წმინდა წყლის მორალური ხასიათის მატარებელი.
იმათაც მინდა, ვუპასუხო (და ეს ნანუკამ გააჟღერა), მიშა ციხეში ზის და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო. ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა.
მაგალითად, მე მაინტერესებს ნადირაძის და ხაბეიშვილის აზრი, მერე რა რომ ციხეში არიან. ხოდა, რა ვიცი, მინდოდა ყველასთვის შემეხსენებინა, რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი და ასე შემდეგ“, – წერს სააკაშვილი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია – მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა, მგზავრები დროებით ვერ გადაადგილდებიან სადგურის მოედნიდან ვარკეთილამდე
მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „რუსთაველზე“, პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მგზავრები სადგურის მოედნიდან ვარკეთილამდე ვერ გადაადგილდებიან.
„მგზავრებს ვემსახურებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ სადგურის მოედნამდე. მეტროსადგურ სადგურის მოედნიდან ვარკეთილამდე დროებით ვერ გადაგვყავს მგზავრები. როგორც კი დაზიანებულ მატარებელს გადავიყვანთ ჩიხში, მოძრაობას სრულად განვაახლებთ“, – აღნიშნავენ სატრანსპორტო კომპანიაში.
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 08:07 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურის დასავლეთით, შვიდ კილომეტრში, სოფელ ხონჭიორში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ალჟირის ნაკრებმა იორდანია დაამარცხა და დებიუტანტი ჯგუფში ჩატოვა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის J ჯგუფის მეორე ტური ალჟირისა და იორდანიის მატჩით დასრულდა. აფრიკელებმა მუნდიალის დებიუტანტი 2:1 დაამარცხეს და ჯგუფში ოფიციალურად ჩატოვეს.
შეხვედრაში პირველი გოლი იორდანიამ გაიტანა, ალ რაშდანიმ ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში ალჟირი გააქტიურდა, 69-ე წუთზე წონასწორობა ბენბუალიმ აღადგინა, ხოლო გუნდს 3 ქულა 82-ე წუთზე ამინ გურიმ მოუტანა.
შედეგად, ბოლო ტურის წინ ცნობილია, რომ J ჯგუფის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა, რომელსაც 6 ქულა აქვს. 3-3 ქულა აქვთ ალჟირსა და ავსტრიას – ისინი მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. იორდანიის ეროვნლი გუნდი ქულის გარეშე ბოლო ადგილზეა.
-
1
არგენტინა
220056 -
2
ავსტრია
210103 -
3
ალჟირი
2101-23 -
4
იორდანია
2002-30
მსოფლიო ჩემპიონატი 2026, J ჯგუფი | მესამე ტური:
28 ივნისი, 06:00 საათი | იორდანია – არგენტინა (არლინგტონი)
28 ივნისი, 06:00 საათი | ალჟირი – ავსტრია (კანზას სიტი)
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | I ჯგუფიდან საფრანგეთთან ერთად ნორვეგიაც გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
I ჯგუფში ფავორიტებმა სტატუსი გაამართლეს და ერთი ტურით ადრე გაინაღდეს პლეი ოფის საგზური. საფრანგეთის კვალად ნორვეგიამაც მეორე მოიგო. სკანდინავიელებმა სენეგალს 3:2 აჯობეს. მათ ისტორიაში პირველად მოიგეს ორი მატჩი ერთ მუნდიალზე.
ნორვეგიამ პირველი გოლი 43-ე წუთზე გაიტანა. თავი პედერსენმა გამოიჩინა. ამას მოჰყვა ერლინგ ჰალანდის დუბლი ათწუთიან მონაკვეთში – 48-ე და 58-ე წუთებზე.
სენეგალმა საფრანგეთთანაც დაამტკიცა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ტურისტად არ ჩასულა – იბრძოლა, ორი გოლიც გაიტანა, თუმცა მეტი ვერ შეძლო. დუბლი ისმაილა სარმა შეასრულა (53-ე და 90+3-ე წუთზე).
ასე და ამგვარად, სენეგალი მესამე გამსვლელი ადგილისთვის ბოლო ტურში ყატართან ითამაშებს, ხოლო საფრანგეთი და ნორვეგია პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.
-
1
საფრანგეთი
220056 -
2
ნორვეგია
220046 -
3
სენეგალი
2002-30 -
4
ერაყი
2002-60
I ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები 26 ივნისს გაიმართება:
23:00 | ნორვეგია – საფრანგეთი
23:00 | სენეგალი – ერაყი
ლეო მესი და მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები #1TVSPORT
ლიონელ მესი, მიროსლავ კლოზე, რონალდო, კილიან მბაპე, პელე, გერდ მიულერი და ჟუსტ ფონტენი მხოლოდ რამდენიმეა ამ სიაში შესული მრავალი შესანიშნავი ფეხბურთელიდან.
ლიონელ მესიმ ავსტრიის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში დუბლი შეასრულა, მიროსლავ კლოზეს გაუსწრო და 18 გოლით მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მიროსლავ კლოზე უდავო ლიდერი იყო, მაგრამ ლიონელ მესიმ პირველ ტურში, ალჟირთან ჰეთ-თრიქი შეასრულა და დაეწია, შემდეგ კი ორჯერ ავსტრიას გაუტანა 18-მდე ავიდა.
ქვემოთ მოცემულია მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სია.
ლიონელ მესი, არგენტინა (18 გოლი, 6 მსოფლიო ჩემპიონატი, 28 მატჩი)
მიროსლავ კლოზე, გერმანია (16 გოლი, 4 მსოფლიო ჩემპიონატი, 24 მატჩი)
კილიან მბაპე, საფრანგეთი (16 გოლი, 3 მსოფლიო ჩემპიონატი, 15 მატჩი)
რონალდო, ბრაზილია (15 გოლი, 4 მსოფლიო ჩემპიონატი, 19 მატჩი)
გერდ მიულერი, დასავლეთ გერმანია (14 გოლი, 2 მსოფლიო ჩემპიონატი, 13 მატჩი)
ჟუსტ ფონტენი, საფრანგეთი (13 გოლი, 1 მსოფლიო ჩემპიონატი, 6 მატჩი)
პელე, ბრაზილია (12 გოლი, 4 მსოფლიო ჩემპიონატი, 14 მატჩი)
იურგენ კლინსმანი, დასავლეთ გერმანია/გერმანია (11 გოლი, 3 მსოფლიო ჩემპიონატი, 17 მატჩი)
შანდორ კოჩიში, უნგრეთი (11 გოლი, 1 მსოფლიო ჩემპიონატი, 5 მატჩი)
გაბრიელ ბატისტუტა, არგენტინა (10 გოლი, 3 მსოფლიო ჩემპიონატი, 12 მატჩი)
ტეოფილო კუბილასი, პერუ (10 გოლი, 3 მსოფლიო ჩემპიონატი, 13 მატჩი)
ჰარი კეინი, ინგლისი (10 გოლი, 3 მსოფლიო ჩემპიონატი, 12 მატჩი)
გჟეგოჟ ლატო, პოლონეთი (10 გოლი, 3 მსოფლიო ჩემპიონატი, 20 მატჩი)
გარი ლინეკერი, ინგლისი (10 გოლი, 2 მსოფლიო ჩემპიონატი, 12 მატჩი)
თომას მიულერი, გერმანია (10 გოლი, 4 მსოფლიო ჩემპიონატი, 19 მატჩი)
ჰელმუტ რანი, დასავლეთ გერმანია (10 გოლი, 2 მსოფლიო ჩემპიონატი, 10 მატჩი)
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | საფრანგეთმა ერაყი დაამარცხა – მიროსლავ კლოზეს კილიან მბაპეც დაეწია [ვიდეო] #1TVSPORT
I ჯგუფში მეორე ტური საფრანგეთისა და ერაყის მატჩით გაიხსნა, რომელიც თითქმის ოთხი საათი გაგრძელდა და ფრანგების გამარჯვებით დასრულდა – 3:0.
ფილადელფიაში მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდები მოედანზე თითქმის ორისაათიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ.
პირველ ტაიმში კი ანგარიში კილიან მბაპემ შორეული დარტყმით გახსნა, ფრანგების კაპიტანმა მეორე ნახევარში დუბლი შეასრულა, მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-16 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გერმანელ მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა, ყევლა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ლიონელ მესის კი ორი ბურთით ჩამორჩება.
მესამე გოლი ფრანგებიდან უსმან დემბელეს ანგარიშზეა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და საფრანგეთის ნაკრებს პლეიოფის საგზურიც გაუნაღდა.
I ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები 26 ივნისს გაიმართება:
23:00 | ნირვეგია – საფრანგეთი
23:00 | სენეგალი – ერაყი
დონალდ ტრამპი – ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ
ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განახადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სანქციების შესაძლო შემსუბუქება ირანული ნავთობის ექსპორტს, ტრამპმა აღნიშნა, რომ მიღებული შემოსავლები, მისი მოლოდინით, პირველ რიგში სასურსათო პროდუქტების შესაძენად იქნება გამოყენებული.
„ირანში 91 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ქვეყანას საკუთარი მოსახლეობის სრულად გამოკვება უჭირს. თუ სანქციები შემსუბუქდება, ეს თანხები დიდწილად ამერიკელი ფერმერებისგან სიმინდისა და სოიოს შესაძენად დაიხარჯება“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
კითხვაზე, როგორ აპირებს აშშ, უზრუნველყოს, რომ ირანმა ნავთობიდან მიღებული შემოსავლები სამხედრო პოტენციალის აღსადგენად არ გამოიყენოს, ტრამპმა უპასუხა, რომ შეთანხმების მიხედვით, ეს დაუშვებელია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი პრაქტიკულ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.
„ვნახავთ, როგორ მოიქცევიან. მათ ეს თანხები საკუთარი მოსახლეობის საკვებზე უნდა დახარჯონ და არა სამხედრო მიზნებისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს პრეზიდენტს, მზად არის თუ არა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებებისთვის, თუ თეირანი შეთანხმებას არ შეასრულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაჩენის საფრთხე ნებისმიერ ეკონომიკურ რისკს აღემატება.
„ეკონომიკური დეპრესია ძალიან ცუდია, მაგრამ ბირთვული იარაღი გაცილებით უფრო საშიშია. თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს ან სათანადოდ არ მოიქცევა, გავაკეთებ იმას, რაც აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, პრეზიდენტმა უარყო მოსაზრება, რომ ირანს აშშ-ზე რამე სახის ზეწოლის ბერკეტი აქვს. მისი თქმით, ბოლო სამხედრო ოპერაციების შედეგად, ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დასუსტდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვაო და საჰაერო ძალებმა, სარაკეტო ინფრასტრუქტურამ, რადარული სისტემების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და სამხედრო წარმოების შესაძლებლობებმა სერიოზული ზიანი განიცადა.
პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა მედიის ნაწილი, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსი“, რომელიც, მისი შეფასებით, ირანის სამხედრო მდგომარეობის შესახებ რეალურ სურათს არ ასახავს.
„მათი ლიდერებიდან ყველა მკვდარია. მთელი ქვეყანა ქაოსშია. მათი ეკონომიკა განადგურებულია. იცით, „ნიუ იორკ თაიმსმა“, იმ ყალბმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ ვითარება დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ოთხი თვის წინ იყო. არა, ოთხი თვის წინ მათ ჰყავდათ სამხედრო-საზღვაო ფლოტი, ზუსტად 159 ხომალდი. ახლა ეს ფლოტი აღარ არსებობს, მთლიანად განადგურებულია. ჰყავდათ 250 თვითმფრინავი, ისინიც აღარ ჰყავთ. მათი საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურებულია, რადარები განადგურებულია და „ნიუ იორკ თაიმსი“ ამბობს, რომ ისინი დაახლოებით იმავე მდგომარეობაში არიან, როგორშიც ოთხი თვის წინ იყვნენ. მიზეზი, რის გამოც მედია ასეთ ცუდ მდგომარეობაშია ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიზეზი, რის გამოც მე დიდი უპირატესობით გავიმარჯვე არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შესახებ გაშუქების 92 პროცენტი უარყოფითი და მთლიანად ყალბი იყო, ის არის, რომ ხალხს მედიის აღარ სჯერა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ირანის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ თეირანი აშშ-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ისახავს მიზნად და ამ პროცესს საბოლოო შედეგის მიღწევამდე გააგრძელებს
ირანის პარლამენტის სპიკერი და შეერთებულ შტატებთან მთავარი მომლაპარაკებელი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ თეირანი აშშ-თან მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ისახავს მიზნად და ამ პროცესს საბოლოო შედეგის მიღწევამდე გააგრძელებს.
ღალიბაფმა ეს განცხადება თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმებების შესრულებისა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით მუშაობენ.
„როგორც ხედავთ, საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია და ადამიანების უმეტესობა საკუთარ სახლებში დაბრუნდა. ღვთის ნებით, დარწმუნებული ვართ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მტკიცედ განხორციელდება. ჩვენ ამ მოლაპარაკებებს წარმატებით დავასრულებთ ლიბანის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის უზრუნველყოფით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და არ შევწყვეტთ ძალისხმევას, ვიდრე საბოლოო შედეგს არ მივაღწევთ“, – განაცხადა ღალიბაფმა.
კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 25 ქულა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ფინალური სერია მიმდინარეობს. ვალენსიაში გამართული ორი მატჩის შემდეგ „ბარსელონამ“ და „ვალენსიამ“ კატალონიაში გადაინაცვლეს. საწყისი შეხვედრების მერე სერიაში ანგარიში 1:1 იყო, მესამე თამაში კი სტუმარი გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა – 88:80. შესაბამისად, სერიაში „ვალენსია“ 2:1 დაწინაურდა. მეოთხე მატჩი (სამ მოგებამდეა) 24 ივნისს გაიმართება.
„ბარსელონა“ მეტოქეს თავიდანვე ჩამორჩა, იყო 18-ქულიანი სხვაობაც, თუმცა მატჩის ბოლოს დაწევა მოახერხა და თამაშის გადარჩენის შანსიც ჰქონდა, როთაც მასპინძლებმა ვერ ისარგებლეს.
კატალონიელთაგან საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 34 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. თოკომ 11-დან 9 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
„ვალენსიაში“ 29 ქულით ჟან მონტერო გამოირჩა.
მარკო რუბიო სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეწვევა. რუბიო 23-25 ივნისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქუვეითსა და ბაჰრეინს ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში რუბიო რეგიონული ქვეყნების ლიდერებთან განიხილავს აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, ასევე ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის საკითხებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებთან საერთო რეგიონული პრიორიტეტების კოორდინაცია იქნება.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი არ მოიცავს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევა. კიდევ ერთი სადავო საკითხია მემორანდუმში გათვალისწინებული ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის სარეკონსტრუქციო ფონდის შექმნა. სპარსეთის ყურის ზოგიერთი სახელმწიფო შიშობს, რომ აღნიშნული რესურსი თეირანს სამხედრო შესაძლებლობების აღდგენასა და გაძლიერებაში დაეხმარება.
მოსალოდნელია, რომ რუბიოს ვიზიტის დროს სწორედ ამ საკითხებზე გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები რეგიონის ლიდერებთან.
ბორის პისტორიუსი – არავისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვისაც, ხელსაყრელი არ იქნება სამხედრო ძალების ქაოსური შემცირების შედეგად თავდაცვით შესაძლებლობებში სახიფათო სიცარიელეების გაჩენა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მოუწოდა აშშ-სა და ნატო-ს მოკავშირეებს, შეიმუშაონ მკაფიო და შეთანხმებული გეგმა ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირების შესახებ.
როგორც გერმანული მედია იუწყება, პისტორიუსმა ეს განცხადება ლიეტუვაში, ნატო-ს სამხედრო წვრთნების მიმდინარეობისას გააკეთა.
მისი თქმით, ამერიკული ძალების არაორგანიზებულმა გაყვანამ შესაძლოა, ნატო-ს თავდაცვით შესაძლებლობებში სერიოზული ხარვეზები გამოიწვიოს.
„აუცილებელია მოწესრიგებული და დაგეგმილი გასვლა. არავისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვისაც, ხელსაყრელი არ იქნება სამხედრო ძალების ქაოსური შემცირების შედეგად თავდაცვით შესაძლებლობებში სახიფათო სიცარიელეების გაჩენა“, – განაცხადა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება ბერლინისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გერმანია ნატო-ს ფარგლებში საკუთარ თავდაცვასა და შეკავების პოლიტიკაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს.
პისტორიუსის განცხადებით, გერმანია მზად არის, გააძლიეროს თავისი როლი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის სისტემაში და მეტი წვლილი შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
საკანონმდებლო ცვლილებებით, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას მწვანე ნარგავების დაზიანებასა და თვითნებურ განადგურებაზე
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების შემცირებას ეხება.
ცვლილებების მიხედვით, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით: 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ის გადაჭარბებისთვის − 50 ლარი; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ის გადაჭარბებისთვის − 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.
ამასთან, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის. კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარის.
პროექტით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს ნაცვლად 5 000 ლარის, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარის. განმეორებით ჩადენა − დაჯარიმდება 1 000 ლარით.
მესის დუბლი და არგენტინის ნაკრების მეორე გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებმა მეორე მატჩი ავსტრიასთან გამართა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ამჯერედაც გაიმარჯვეს – 2:0. ორი მოგება კი იმას ნიშნავს, რომ არგენტინა პლეი ოფშია.
შეხვედრა მეტად საინტერესოდ დაიწყო: ლაუტარო მარტინესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლიონელ მესიმ დაარტყა. გატანის შეხვედრაში იგი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, გერმანელ მიროსლავ კლოზეს (16 გოლი) გადაასწრებდა, თუმცა მესიმ ბურთი კარს ააცილა და რეკორდსმენობა 29 წუთით გადადო:
38-ე წუთზე მედინას პასით მიმდინარე მუნდიალზე მეოთხე, ხოლო ჩემპიონატების ისტორიაში მე-17 გოლი გაიტანა და ამიერიდან მუნდიალების საუკეთესო ბომბარდირადაც იწოდება.
დიდი მონდომების მიუხედავად, ავსტრიელებს არგენტინის ნაკრების მწყობრი დაცვის გარღვევა გაუჭირდათ. თავის მხრივ, არც სამხრეთამერიკელები იყვნენ უმოქმედოდ და მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე მეორე გოლი გაიტანეს.
ვინ გაიტანა? – რა თქმა უნდა ლიონელ მესიმ.
-
1
არგენტინა
220056 -
2
ავსტრია
21013 -
3
იორდანია
11-2 -
4
ალჟირი
11-3
მესამე ტურის მატჩები J ჯგუფში 28 ივნისს გაიმართება:
06:00 | იორდანია – არგენტინა
06:00 | ავსტრია – ალჟირი
საკანონმდებლო ცვლილებებით, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ გრანტის მიღება და გაცემა შეეძლება
გრანტის გამცემ სუბიექტად საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ გრანტის გაცემა შეეძლება საკუთარი საწესდებო მიზნების განსახორციელებლად. ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ფონდი ემატება გრანტის მიმღებ სუბიექტთა ჩამონათვალს და დგინდება, რომ მისთვის საწესდებო მიზნების განსახორციელებლად გადაცემული სახსრები შესაძლებელია, მიჩნეულ იყოს გრანტად. პროექტით ასევე განისაზღვრება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში გრანტის გაცემაზე თანხმობის მიღებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესიც.
„დღეის მდგომარეობით კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ მიიღოს გრანტი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, გასცეს გრანტი სხვა პირებზე. ფონდის მიერ გრანტების მიღება, შესაძლებელს გახდის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას საწესდებო მიზნების განსახორციელებლად, მათ შორის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მიზნით.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომლის აქციათა 100 პროცენტის მფლობელია სახელმწიფო, საწესდებო მიზნების განსახორციელებლად გეგმავს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვასა და იმავე მიზნობრიობით, თავის მხრივ, გრანტების გაცემას კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებზე. თუმცა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, მოქმედი საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, ფონდს არ შეუძლია არც გრანტის მიღება და არც გრანტის გაცემა.
შემოთავაზებული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს ფონდს, კანონით დადგენილი პირობების ფარგლებში, ისარგებლოს დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტებით, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებ სხვა პირებს შესაძლებლობას მისცემს, გრანტები მიიღონ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისგან““, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ჯეი დი ვენსი – ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება
ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა შვეიცარიის დატოვების წინ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან და რეგიონულ პარტნიორებთან გამართული მოლაპარაკებების ბოლო 36 საათი ძალიან პროდუქტიული იყო და მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე მიაღწიეს პროგრესს.
ვენსის თქმით, ერთ-ერთი მთავარი შედეგი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„შევქმენით მექანიზმი, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გახსნას, არამედ მის სტაბილურ ფუნქციონირებას მომავალშიც. ბოლო დღეებში ბაზარზე დაახლოებით 15 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა, რაც ნავთობის ფასების შემცირების ერთ-ერთი მიზეზია. შესაბამისად, საწვავის ფასებიც შემცირდება“, – განაცხადა მან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ასევე ჩამოყალიბდა ცეცხლის შეწყვეტის რეგიონული მონიტორინგისა და შესაძლო კონფლიქტების მართვის მექანიზმი, რომელზეც აშშ ისრაელთან და სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან ერთად მუშაობს.
ჯეი დი ვენსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ირანის მიერ საერთაშორისო ინსპექტორების მიღებაზე. მისი განცხადებით, ირანი დათანხმდა ბირთვული ინსპექტორების ქვეყანაში დაშვებას, რაც დიდი ხნის შემდეგ პირველად ხდება. მისი თქმით, ვაშინგტონი მუშაობს მონიტორინგის რეჟიმის გაძლიერებაზე, რათა დარწმუნდეს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება ირანის მიმართ და ენდობა თუ არა თეირანის დაპირებებს, ვენსმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში მთავარი სიტყვები კი არა, მოქმედებებია.
„არავის სიტყვებს არ უნდა ენდო. უნდა ენდო იმას, რასაც აკეთებენ. ინსპექტორების დაშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ახლა უნდა ვნახოთ, რეალურად რა შესაძლებლობებს მისცემენ მათ ქვეყანაში მუშაობისთვის“, – განაცხადა მან.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ კატარი ჩართული იქნება სპეციალური ფინანსური მექანიზმის შექმნაში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანხები დანიშნულებისამებრ იქნას გამოყენებული. თუმცა, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, ირანისთვის ფინანსური რესურსების განბლოკვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი გაგრძელდება.
„ირანელებთან მოლაპარაკებები ზოგჯერ რთულია, თუმცა ვფიქრობთ, რომ წინ მივიწევთ“, – განაცხადა ვენსმა.
„პოლიტიკო“ – „კატარგეიტის“ საქმეზე ბელგიის ხელისუფლებამ ყოფილი ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის დაკავების ორდერი გასცა
„კატარგეიტის“ საქმესთან დაკავშირებით ბელგიის ხელისუფლებამ ყოფილი ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ავრამოპულოსს ბრალად ედება კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობა. გამოძიება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ შემოსავლებზე, რომლებიც მან სკანდალის ცენტრში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიიღო.
მეორე წყაროს ცნობით, ბელგიის ხელისუფლებამ ავრამოპულოსი თითქმის ერთი წლის წინ დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ის არ გამოცხადდა.
„კატარგეიტის“ საქმეზე ბრალდებულ ევროპარლამენტის ყოფილ წევრებს ბრალი ედებათ კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში.
ავრამოპულოსმა კიდევ ერთხელ უარყო ყველა ბრალდება.
„ამ საქმეს ჩემთან არასოდეს ჰქონია კავშირი. საკითხი, რომლის დაკავშირებასაც ჩემს სახელთან ცდილობდნენ, სამი წლის წინ დასრულდა სრული ინსტიტუციური გამჭვირვალობით და ევროკომისიის ოფიციალური თანხმობით, შესაბამის გადაწყვეტილებას კი კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერა ხელი“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.
მისი თქმით, ბელგიის ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, ხელახლა გახსნას ეს საკითხი და მისი სახელი Fight Impunity-ს საქმიანობას დაუკავშიროს, დაუსაბუთებელი, მიუღებელი და საეჭვოა.
დაკავების ორდერის აღსასრულებლად საჭირო იქნება საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილება ავრამოპულოსისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ.
თავად ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ იმუნიტეტით სარგებლობას არ აპირებს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქმე სრულიად უსაფუძვლოა, ცალსახად ვაცხადებ, რომ საპარლამენტო იმუნიტეტს არ გამოვიყენებ. პირიქით, თავად მივმართავ საბერძნეთის მართლმსაჯულებას, რათა საკითხი სრულად გამოიძიონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ“, – აღნიშნა ავრამოპულოსმა.
ავრამოპულოსი 2014-2019 წლებში ევროკომისარი იყო მიგრაციის საკითხებში და ამჟამად საბერძნეთის პარლამენტის წევრია. ის საბჭოს წევრად ირიცხებოდა ორგანიზაცია Fight Impunity-ში, რომელიც პანცერის მიერ იყო დაფუძნებული. სკანდალის გახმაურებისთანავე მან ორგანიზაცია დატოვა.
თანამდებობიდან წასვლისას ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში მისი როლი მხოლოდ საპატიო ხასიათის იყო და მას არასოდეს ჰქონია აღმასრულებელი ან მმართველობითი უფლებამოსილება. მისი თქმით, 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდში ორგანიზაციისგან 73 000 ევრო მიიღო.
საკანონმდებლო ინიციატივით, საგზაო მოძრაობისას სიჩქარის გადაჭარბებაზე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შესამცირებელი რაოდენობა ახლებურად განისაზღვრება
საგზაო მოძრაობისას, სიჩქარის გადაჭარბებაზე, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შესამცირებელი რაოდენობა ახლებურად განისაზღვრება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა ათი ქულით შეუმცირდება როგორც 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების, ასევე 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში. ხოლო, 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისას − 20 ქულით.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების მიზნით, გადამუშავებისთვის განკუთვნილი ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი დასაშვები ხდება
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტისა და გამოყენების სამართლებრივი ნორმები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არსებული აკრძალვის პირობებში, გამონაკლისი წესდება და დასაშვები ხდება, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების მიზნით, გადამუშავებისთვის განკუთვნილი ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი.
პროექტით დგინდება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების სპეციალური სალიცენზიო რეჟიმი. კერძოდ, პროექტის თანახმად, ლიცენზია გაიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე, რომლებიც რეგისტრირებულია ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში.
ამასთან, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ კვლავ დაუშვებელი იქნება ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით განისაზღვრება ლიცენზიის მიღების პროცედურა, სალიცენზიო პირობები, საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებები, მათ შორის გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში მოხვედრისა და სხვა პროდუქტებთან შერევის პრევენციის, მიკვლევადობის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების კონტროლის წესები.
გარდა ამისა, ცვლილებებით ფართოვდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში ასახული ინფორმაციის ფარგლები და ზუსტდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებები იმპორტის კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესში.
ცხოველის საკვების წარმოების მიზნით, გადამუშავებისთვის განკუთვნილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტისა და გადამუშავების ახალი სალიცენზიო რეჟიმის დარღვევისთვის სანქციები წესდება
ცხოველის საკვების წარმოების მიზნით, გადამუშავებისთვის განკუთვნილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტისა და გადამუშავების ახალი სალიცენზიო რეჟიმის დარღვევისთვის სანქციები წესდება.
ჯარიმების ამოქმედებას საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, არსებული აკრძალვის პირობებში გამონაკლისი წესდება და დასაშვები ხდება, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების მიზნით, გადამუშავებისთვის განკუთვნილი ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი.
ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესაბამისი ლიცენზიის გარეშე აღნიშნული საქმიანობის განხორციელება – 25 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ორივე შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციაც.
ამასთან, პროექტით განისაზღვრება განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის გამკაცრებული პასუხისმგებლობა – 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა.
კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღება 18 წლიდან იქნება შესაძლებელი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი ასაკობრივი დიაპაზონი იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებისას კანდიდატის ასაკობრივი შეზღუდვა ამჟამად არსებული 21–35 წლის ნაცვლად, 18-40 წლით განისაზღვრება.
ასევე, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და განსაზღვრულ ასაკს მიღწეული სამსახურის თანამშრომლებისთვის დაწესდება განსხვავებული შეზღუდვები ზღვრულ ასაკთან მიმართებით. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებს საკუთარი სურვილით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით, ხუთ წლამდე ვადით. ეს პირები იქნებიან – სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილეები და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების უფროსები.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომად „შენიშვნაც“ განისაზღვრება.
კაროლ ნავროცკი – ორდენებეთან დაკავშირებული დავა არ ეხება პოლონეთის შიდა საქმეებს, ყველა პოლონელმა იცის, რამდენი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებს
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უარყო მოსაზრება, რომ მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე, შიდაპოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად.
ნავროცკის თქმით, არსებული დავა არანაირად არ უკავშირდება პოლონეთის შიდა პოლიტიკას და მხოლოდ ისტორიული მოვლენების განსხვავებულ შეფასებას ეხება.
მანამდე, ზელენსკიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან დაპირისპირებაში მყოფი ნავროცკი საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამყარებას ანტიუკრაინულ განწყობებზე აპელირებით ცდილობდა.
ამ განცხადებაზე კომენტარისას კი ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ზელენსკი ცდება.
„ეს დავა საერთოდ არ ეხება პოლონეთის შიდა საქმეებს. ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რამდენი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებს“, – აღნიშნა მან.
ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
არგენტინელი ლიონელ მესი 17 გოლით მსოფლიო ჩემპიონატები ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, 38-ე წუთზე მესიმ ავსტრიის ნაკრების კარი აიღო, ანგარიში 1:0 გახადა, მიროსლავ კლოზეს გადაასწრო და ტურნირის ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.
უშუალოდ 2026 წლის ტურნირზე მესისთვის ეს მეოთხე გოლი იყო. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლეგენდარულმა არგენტინელმა ალჟირის კარში სამი გოლი გაიტანა.
მესიმ მუნდიალზე პირველი გოლი 2006 წელს გაიტანა. 2014 წლის ტურნირზე მან მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო, ერთი გოლი ჰქონდა 2018 წელს, ხოლო 7 – 2022 წელს.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კაროლ კანვროცკის უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა არ მიუღია
პოლონეთის პრეზიდენტს უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა არ მიუღია. ამის შესახებ კაროლ კანვროცკის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ნავროცკი გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე დასწრებას.
მისი თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ღონისძიებაზე უცხოელ პარტნიორებს მიწვევები ერთობლივად გაუგზავნეს პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„პრეზიდენტი არ მიუწვევიათ, ამიტომ ის არ აპირებს იმ ღონისძიებაზე დასწრებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა არ მიიწვია. მის დაქვემდებარებაში მყოფი არც ერთი თანამდებობის პირი არ აპირებს იქ გამგზავრებას, ვინაიდან მათაც არ მიუღიათ მიწვევა“, – განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში ტუსკი ყურადღებას გაამახვილებს პოლონეთის ინტერესებზე და არა მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის სახსრების მოძიებაზე.
კალათბურთი | საქართველოს ნაკრები ლატვიაში ემზადება #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ადგილობრივი გიმნაზიის დარბაზი და თავად იურმალა ჩვენი ნაკრებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ადგილია. მესამე ზაფხულია, რაც ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი სწორედ ლატვიის ამ კურორტზე გადის ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ციკლს.
საქართველოს ნაკრები იურმალაში 21 ივნისს, დილის საათებში ჩავიდა და დღის დარჩენილი პერიოდი დასვენებასა და ადაპტაციას მოახმარა. პირველი ვარჯიში კი დღეს, დილის 11:00-დან 14:00 საათის ჩათვლით ჩაატარა, რომელშიც ყველა იმ კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა, ვინც შეკრებაზე იმყოფება.
ამ ეტაპზე ნაკრებში 15 კალათბურთელია. იურმალაში ჩასულ მოთამაშეებს ჩვენი გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი წევრი, მარკის რიდი გუშინვე, საღამოს შეუერთდა. ნაკრების შემადგენლობაში არიან:
რატი ანდრონიკაშვილი („ალფტანესი“, ისლანდია), გიორგი ოჩხიკიძე („ს.კ ბათუმი“), მარკის რიდი („ბაჰჩეშეჰირი“, თურქეთი), ლუკა ალავიძე („ს.კ ქუთაისი“), დუდა სანაძე („პალმერ ბასკეტი“, ესპანეთი), სანდრო სანაძე („ს.კ მარგვეთი“), გიორგი კობახიძე („ს.კ მარგვეთი“), კახაბერ ჯინჭარაძე („ს.კ ქუთაისი“), ალექსანდრე ფევაძე („ს.კ თსუ“), ბექა ბურჯანაძე („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი კორსანტია („გიპუზკოა ბასკეტი“, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე („ოსტენდე“, ბელგია), გიორგი ტურძილაძე („ს.კ თსუ“), ვილი ისიანი („ს.კ რუსთავი“) და გოგა ბითაძე („ორლანდო მეჯიქი“, NBA).
ხვალ საქართველოს ნაკრები კვლავ იმავე დროს ივარჯიშებს, ზეგ კი უკვე პირველი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. ჩვენი გუნდი ლატვიაში შეკრებაზე მყოფ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს, ანგოლის ნაკრებს შეხვდება. მატჩი იურმალას გიმნაზიის დარბაზში, დახურული ფორმატით გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი ლატვიაში 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის დასკვნითი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი შეხვედრა ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (რომელიც ასევე ლატვიაში გაიმართება) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, ამ შეხვედრებს მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება – აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით. სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა ჩვენი კალათბურთელები მსოფლიო პირველობის საგზურს.
„თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩადის, ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციის ხუთი წევრისთვის ვიზა გასცა
ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციის ხუთი წევრისთვის ვიზა გასცა. „როიტერის“ ინფორმაციით, „თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩავა.
„ეს არის შეზღუდული ტერიტორიული მოქმედებისა და ხანგრძლივობის ვიზები: მხოლოდ ბელგიისთვის და მხოლოდ ერთი დღით“, – განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
მისივე თქმით, დელეგაციის ვიზიტის ზუსტი თარიღი უსაფრთხოების მიზნით არ საჯაროვდება.
ცნობისთვის, „თალიბანი“ ავღანეთს 2021 წლის აგვისტოდან მართავს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო ძალებმა ქვეყანა დატოვეს.