პირველი არხის მიერ პროექტის, „ევროპული პერსპექტივის“ ფარგლებში ახალი ამბების გაცვლა დღეიდან დაიწყო
პირველი არხის მიერ პროექტის, „ევროპული პერსპექტივის“ ფარგლებში ახალი ამბების გაცვლა დღეიდან დაიწყო

პირველი არხის მიერ პროექტის, „ევროპული პერსპექტივის“ ფარგლებში ონლაინ ახალი ამბების გაცვლა დღეიდან დაიწყო. 2022 წლის სექტემბერში გაკეთებული განაცხადის შედეგად, საქართველოს პირველი არხი მარტში ოფიციალურად გახდა პროექტის ნაწილი.

„ევროპული პერსპექტივა“ ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ინიცირებული პროექტია, რომელიც ევროპის გაერთიანებული ქსელური ნიუსრუმის შექმნას გულისხმობს, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ერთობლივად მუშაობენ ერთი მიზნისთვის – შექმნან მრავალფეროვანი, კულტურათაშორისი პროდუქტი და საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ შექმნილი სანდო და გადამოწმებული ონლაინ ახალი ამბები.

„ევროპული პერსპექტივის“ წევრები არიან: სლოვენია (RTV), ბელგია (RTBF), ესტონეთი (ERR), ფინეთი (Yle), საფრანგეთი (France Télévisions), გერმანია (BR-ARD), ირლანდია (RTÉ), იტალია – (Eurovision Italy), ლატვია (LSM.lv), ლიეტუვა (LRT), პორტუგალია (RTP), ესპანეთი (RTVE), შვედეთი (SR), შვეიცარია (SWI swissinfo.ch), ჩეხეთი (ČT), ასევე ფრანკო-გერმანული მაუწყებელი ARTE, დანიის კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტი და სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP).

„დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს ევროპის 15  ქვეყნის 18 ნიუსრუმი პროექტ „ევროპული პერსპექტივის“ ფარგლებში ონლაინ ახალი ამბების გაცვლას ვიწყებთ. ეს ნიშნავს საზოგადოებისთვის სანდო და გადამოწმებული სიახლეების მიწოდებას ევროპის მასშტაბით. ჩვენთვის, როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენ, პირველი არხი, გავხდით ამ მასშტაბური პროექტის აღიარებული და სანდო პარტნიორი“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

პროექტის, „ევროპული პერსპექტივის“ ფარგლებში ახალი ამბები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ითარგმნება პროექტში ჩართული ქვეყნების ენაზე და ადამიანური რესურსის მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს. დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინპლატფორმაზე 1tv.ge, ევროპის 15 ქვეყნის 18-მდე ნიუსრუმის ახალი ამბები ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინპლატფორმიდან ახალი ამბები კი ამ პროექტში ჩართული ყველა ქვეყნის მაუწყებლის ვებპორტალზე განთავსდება.