მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, კენჭისყრა საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება
მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, კენჭისყრა საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, თამარ ჟვანია აცხადებს, რომ​ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური დაინიშნება, ის საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში, კვირა დღეს ჩატარდება.

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ჩაინიშნება თუ არა მეორე ტური, ეს არჩვენების საბოლოო შედეგებზეა დამოკიდებული, რომელთა გამოქვეყნების მაქსიმალური ვადაც, კანონის მიხედვით, არჩევნების თარიღიდან 20 დღეა.

„ჯერჯერობით დაველოდოთ წინასწარ ბოლო შედეგებს, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა აისახოს საბოლოო შედეგებში. ამის შემდეგ, ცხადია, იქნება შესაძლებელი ვისაუბროთ პირველი ან მეორე ტურის შემთხვევებზე. საკანონმდებლო თვალსაზრისით, როდესაც საუბარია მეორე ტურზე, ამას აქვს თავისი ვადები. მაქსიმალური 20-დღიანი ვადაა შეჯამებისთვის და შემდგომში, შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში კვირა დღეს ტარდება მეორე ტური“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც წინასწარი შედეგები წარმოადგინა.

კანონის თანახმად, არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50 პროცენტზე მეტის მოგროვებას შეძლებს. თუ ვერცერთი კანდიდატი მხარდაჭერის ასეთ მაჩვენებელს ვერ მიიღებს, მაშინ მეორე ტური იმართება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის.

ამ დროის მონაცემებით, დათვლილია 512 უბნის შედეგები, რაც უბნების საერთო რაოდენობის 13.82 პროცენტს შეადგენს. ცესკოს-ს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 40.05 პროცენტი აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.93 პროცენტი.