მწერლური ნიჭით დაჯილდოებული ავტორი უწინარეს ყოვლისა ფრაზით იცნობა. ასეთ რამეს რომ წაიკითხავ: “…შიშველი ტერფების აწივლებული ნერვებით ეხებოდა გავარვარებული ქვიშრობის მწველ სიტკბოებას” (მოთხრობიდან “სადღაც, გზის პირას”), ხომ იგრძნობ, სიტყვის ოსტატის ნახელავთან რომ გაქვს საქმე!

მწერლის, როგორც სიტყვით მხატვრის, სიძლიერე ეპითეტებად გამოყენებული ზედსართავების შერჩევისას იჩენს თავს განსაკუთრებით (ნაპოლეონი ეუბნებოდა თავის მდივნებს, არსებითი სახელები და ზმნები დოკუმენტებში თქვენ ჩაწერეთ, ზედსართავ სახელებს კი მე ჩავამატებო). “ნერვების” მიმართ გამოყენებული განსაზღვრება “აწივლებული” მწერლური ტალანტის უტყუარი ნიშანია.

ამავე ფრაზის ეს სინტაგმა – “მწველი სიტკბოება” – კი შეუთავსებელთა ისეთი შეთავსებაა (ამ მოვლენას ლიტერატურის თეორეტიკოსები ოქსიმორონს ეძახიან), რომელიც ხელად მიგახვედრებს, მისი ავტორის სახით ცხოვრების ჭკვიან დამკვირვებელს რომ გადაეყარე. ამ აზრს კიდევ უფრო განგვიმტკიცებს ამავე მოთხრობის სხვა ჩინებული ოქსიმორონები, მსაზღვრელ-საზღვრულის პარადოქსული დაწყვილებანი, რომლებიც მკაფიო წარმოდგენას გვიქმნიან პერსონაჟთა ურთიერთობის თავისებურებებზე. აი თუნდაც: “…მთვრალი კაცების აგრესიული თავაზიანობა…”, ანდა: “…უკვე აღარ სჭირდება მისი მოძალადე ერთგულება და მზრუნველობა…”.

თავში ციტირებულ ფრაზაში კიდევ ერთი მსაზღვრელ-საზღვრულია – “გავარვარებული ქვიშრობი”, – ეს კი ყოვლად ჩვეულებრივი, “რიგითი” სიტყვათშეხამებაა, რომელიც ყველას მოუვა თავში მზით გახურებულ პლაჟზე ყოფნისას ან მისი წარმოდგენისას (ყველა სიტყვათშეხამება და ფრაზა როდია მხატვრულ ტექსტში „მწერლური“!). მაგრამ მარტო მატერიალური ნივთი ან საგანი კი არა, ისეთი აბსტრაქტული მოვლენაც კი შეიძლება თურმე გავარვარდეს, როგორიცაა… “დუმილი”. აი ფრაზა ამავე მოთხრობიდან:

“…უკაცრიელ სათიბში მიმყოლი გოგოს გავარვარებული დუმილი”.

(საგანგებოდ მომყავს ფრაზები ფართო კონტექსტების გარეშე – ეს მსაზღვრელ-საზღვრულები ისე მრავლისმთქმელნი, ან – მეცნიერული ენით რომ ვთქვათ – იმდენად მაღალინფორმაციულნი არიან, რომ მიკროკონტექსტიც საკმარისია მათი შინაარსობრივი დატვირთვის მისახვედრად და ესთეტიკური ღირებულების შესაცნობად).

და რომც არ იცოდე, ერთბაშად ვერ მიხვდე, ესენი და სხვაც ყველაფერი სოსო პაიჭაძის მოთხრობებში დიდი წარმატებით რომ ემსახურება სამყაროს იდუმალების ლიტერატურული ანარეკლის შექმნას, იმაში მაინც ეჭვი არ შეგეპარება, დაკვირვების, ადამიანურ ურთიერთობათა არსის წვდომისა და შემდეგ კი ზუსტი სიტყვების მეშვეობით მათი აღწერა-დახასიათების დიდოსტატს რომ შეგახვედრა ბედმა.

 ლევან ბრეგაძე

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39