ნიკო შეეცადა ზუსტად აღედგინა გონებაში ბავშვის სახე და მისი რაიმე დამახასიათებელი საქციელიც მოეგონებინა, რომ ბუნებრივად დაწყებული საუბრის ძაფი არ გაწყვეტოდა, თავს ძალა დაატანა, მაგრამ ამ ორი თვის შთაბეჭდილებებით მოპირთავებული მეხსიერების ჭიდან ვერაფერი ამოაძვრინა ისეთი, რაც სათქმელად ივარგებდა, გარდა იმ ერთი, მარად თანამდევი ჩვენებისა, რომელიც ყოველ გახსენებაზე თავისი ჩვეულებრივი სილამაზით კი არა, ამ სილამაზის მიღმა მიმალული აზრით უცხადდება ხოლმე მის წარმოსახვას და ტკბილად უჩქროლებს გულს: ქალი თეთრ-თეთრი ყვავილებით მოჩითულ მწვანე საბანაო კოსტიუმის ამარა იდგა ქვიშრობის განაპირას აჩხოტილ მაყვლის ჯაგებთან და გულმოდგინედ იწურავდა ორივე ხელში მომჯიღულ გაწუწულ თმას. ნიკო პირველად ხედავდა საბანაოდ გასულ თინას და გააკვირვა მისი სხეულის მოულოდნელმა სიმძიმემ და ჯიშიანობამ. ჩვეულებრივად ჩაცმული ყოველთვის საოცრად სუსტი და მსუბუქი ეჩვენებოდა, ახლა კი ეს შიშველი, წყლის წვეთებით დაწინწკლული ტანი ისეთი ჯან-ღონითა და დაუდეგარი ენერგიით სუნთქავდა და ამ მკვრივ მკლავებში, მოქნილ წელსა და მძიმე თეძოებში ისეთი დემონსტრაციულად თვალსაჩინო და მისი მამაკაცური თავდაჯერების დამთრგუნველი სითამამით ზეიმობდა სიცოცხლის წარმომშობი სტიქიისა და დედობის საიდუმლო, რომ მონუსხული ნიკო თვალს ვერ აშორებდა ამ სახილველს – ქალის ღონიერ და ბოძებივით დაბჯენილ ფეხებთან იჯდა ქვიშაში ამოგანგლული სამიოდე წლის ტიტლიკანა ბიჭი და იმ წუთს ვერავითარი ძალა ვერ დაარწმუნებდა ნიკოს, რომ ეს ბავშვი სულ ახლახან, წამის წინ არ გამოეყო ამ სატაძრო პროპორციებით ნაგებ სხეულს, ამ სახით არ გამოუსხლტა მისი უზენაესი ნათლით დაბინდულ წიაღს, თავისით არ მოსძვრა და ჩამოვარდა ძირს, როგორც კლდეს მოწყვეტილი ქვა და ნიკომ მხოლოდ ორიოდე ნაბიჯით დააგვიანა და ვერ იხილა ეს სასწაული! მაშინ რას წარმოიდგენდა, რომ ოდესმე გაბედავდა და შეეხებოდა ამ სხეულს, რა იცოდა, თუ სადამდე მიიყვანა თავისი დაუოკებელი ლტოლვის უკანმოუხედავი ინერცია, რას იფიქრებდა, თუ ასე პატიმარივით ჩაიკეტებოდა თავისი განცდების დილეგში და ძრწოლვით დაელოდებოდა იმის მოსვლას, ვისაც ასეთი მოულოდნელობითა და სიამაყით ელოდა: დღეს თუ არა, ხვალ გაიღება ამ დილეგის კარი და მოვა ის, ვინც უსათუოდ უნდა მოვიდეს, სხვაგვარად არ შეიძლება, სხვაგვარად დანაშაულია, თუკი არსებობს რამე ამ ქვეყანაზე, თუ არსებობს სამართალი, ის უნდა მოვიდეს – გული ეურჩება ამ წუთის სიხარულს, გონება გაურბის სანატრელ ხილვას, მაგრამ ის მაინც მოიკვლევს გზას, მოდის, მოარღვევს შიშის ზღუდეებს – ის მოვა მშვიდი და საზეიმო მწუხარებით, რადგან მრისხანება და სიძულვილი არ არის ის გრძნობა, რომელიც დაამშვიდებდა მის საქციელს, მრისხანება და სიძულვილი შეურაცხყოფდა იმ რიტუალურ მოლოდინს, ქვის ტერფებით გადათქერავდა იმ უზენაეს სიმართლეს, ნათლის სვეტად რომ დგას ნიკოს გულში და ულამაზეს აზრს აძლევს მის საბედისწერო შიშსა და სინანულს – ღმერთო, ნუ მოიყვან ჯერ, აუბნიე გზაკვალი, აძებნინე ერთხანს თავისი მსხვერპლი ამ სეირის საყურებლად ჩადარაჯებულ ქვეყანაზე, დაატკბე ნიკო ამ გრძნეული შიშის, ამ სათნოს სინანულის, ამ ნანატრი ნათელხილვის სიამითა და სიხარულით – ის შემოვა მწუხარებით გასხივოსნებული და იტყვის: “შენ იცი, რაც ჩაიდინე!” და ნიკო უპასუხებს: “ვიცი”. და ის მოუღერებს იარაღის ცხელ და უდაბურ წყვდიადს და ნიკო შევა ამ წყვდიადის თვალისმომჭრელ სინათლეში და უპასუხებს: “ვიცი, რომ მეტისმეტად ცივი იყო ჩემი გული იმ საქმისათვის, რომელიც ვიტვირთე. ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა სიმართლისათვის მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენი ბრძოლა იყო და სხვა არაფერი. ვიცი, რომ მინდოდა გამეთავისუფლებინა მკვლელი ჩემი და ჯალათი ჩემი, რათა დავმტკბარიყავი ამ სიმართლისა და სიკეთის განცდით. მე ახლა ვხვდები, რომ მეშინია: აღარ მინდა იქ წასვლა, სადაც მივდივარ, უაზრობაა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მივდივარ, რადგან ვიცი, რომ არაფერი გამოვა; სად უნდა ვეძებო ის ბობრი კაცი უგვაროდ და უსახელოდ სადღაც გზისპირა რესტორანში; ის კაცი, რომელმაც რაღაც იცის; ის კაცი, რომელიც თინამ სარკმელზე ჩამოფარებული ფარდების ჭრილში დაინახა ერთხელ, ღამით, პალატიდან გამომავალ სუსტ შუქზე…”

– აი, რესტორანიც. – თქვა ნიკომ. ახლაღა შენიშნა, რომ თინა რაღაცას უყვებოდა, ალბათ შვილზე, და კაცის ხმის გაგონებაზე უცებ დაბნეული მიაჩერდა ჯერ გზას, მერე ნიკოს. აშკარა იყო, რომ არ ელოდა ამ სიტყვებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ელოდა, გულში ჯერ კიდევ გაუაზრებლად უღვივოდა იმის იმედი, რომ ყველაფერი ეს ამაო იყო, რომ არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა ამ ძებნას, რომ ეს მოგზაურობა სულ სხვა, ჯერ შეუცნობელი სურვილის წაქეზებით მოგონილი თამაში იყო და მეტი არაფერი. სადღაც გზის პირას მდგარი რესტორანი, შიგ მომუშავე ბობრი კაცი და ის, რაც ვითომ ამ კაცს უნდა სცოდნოდა გაუჩინარებული ქმრის შესახებ, თანდათან არარსებულ, საკუთარი წარმოსახვით შექმნილ სინამდვილედ ეჩვენებოდა და გულს იმშვიდებდა და ამიტომ, როცა ნიკოს ნათქვამი გაიგონა, უცებ შეცბა და შეშინდა, რადგან გაახსენდა, რომ ამ სიტყვაში იგულისხმებოდა რაღაც ნამდვილად არსებული, კონკრეტული ფორმისა და შინაარსის მქონე მკვიდრი ნაგებობა, რომელიც, შესაძლებელია, მართლა იდგეს სადმე გზის პირას და არც ისაა გამორიცხული, რომ შიგ მართლა იყოს ის კონკრეტული ფორმისა და შინაარსის მქონე ხორციელი კაცი და ის მიზანიც, რამაც ამ გზას შეუყენა, სავსებით რეალურია და კონკრეტული და აი, უკვე ავტომობილიც დგას ამ ვარდისფერი შენობის წინ და საჭიროა კონკრეტული მოქმედება.

– განა ასე ახლოს იქნება? – თავისთავად წარმოშვა ეს მხსნელი შეკითხვა და როცა მის აზრს ჩაუკვირდა, უცებ გამხნევდა, გახალისდა და მაშინვე თვალთმაქცური მოუთმენლობით დაუმატა: – თუმცა, ვინ იცის, გადავიდეთ!

– რა ჰქვია?

– შალვა, – გაეცინა თინას. – ბატონი შალიკო.

ამაზე ადრევე შეთანხმდნენ: კაცს, ვისაც ეძებენ და ვისი სახელიც არ იციან, შალვა ჰქვია. თუ მაშინვე არ შეხვდათ ან ვერ იცნეს, ნიკო შალვას იკითხავს და თუ ეტყვიან, აქ არავითარი შალვა არ არსებობსო, რაღაცას მოიფიქრებს, რამე ისეთს იკითხავს, რაც დაზვერვასავით იქნება, მოფიქრებაზეა ყველაფერი.

თინამ მძღოლის სათვალთვალო სარკეში ჩაიხედა, უცებ შეათვალიერა თავი, ცალი ხელი წაჰკრა ქარისაგან აბურდულ, მაგრამ ამის გამო მეტი ეშხის მიმნიჭებელ დრეკად თმას, სახეზეც უნაკლო ხელოვნებით გამოიხმო ვნებიან თავისუფლებასთან შეთანხმებული გამომეტყველება და მანქანიდანაც ისე სხარტად და მსხვერპლის დასაჭერად გახტა, თითქოს სახეზე აღბეჭდილმა სწრაფვამ სხეულიც აიტაცა და გარეთ გამოიქნიაო. ნიკომ განგებ დააყოვნა მანქანიდან გადმოსვლა, სარკმელში გახედა ფილაქანზე მიმავალ ქალს და მთელ მის გარეგნობასა და იერში ისეთი ჯიბრიანი სილაღე და სითამამე შენიშნა, რომ უცაბედი შიშის ლანდმა გაუკაწრა გული: ეს მოულოდნელი გარდასახვა ავისმომასწავებლად ებრძოდა ამ ორი თვის განმავლობაში ნამცეც-ნამცეც ამოცნობილი და შეთვისებული ქალის ჩვეულებრივ ბუნებას; ამ წუთას რესტორნისაკენ მიმავალი გულის მომკვლელად არ ჰგავდა იმ თინას, მდინარის პირას გატარებულ საღამოებში ან სანაპიროს ქვიშნობში სეირნობისას თვალი რომ შინისაკენ ეჭირა და გადაკრულ სიტყვას არ აბედვინებდა, არც იმას, საათობით რომ უამბობდა ყველაზე უფრო ახლობელი და საყვარელი ადამიანის თავგადასავალს და მეტადრე იმ უმწეო და თავისი ფარული გრძნობების გამჟღავნებით თავგზააბნეულ ქალს, ერთ საღამოს სანახევროდ ჩაშლილ ბონდის ხიდზე რომ გადადიოდა და გალიპული ფიცარნაგის პირდაღებულ ნაკერებს ერიდებოდა, ცდილობდა მოყანყალებული ძელების შუაგულში დაებიჯებინა ფეხი და შიშით მიჩოჩავდა, ცალი ხელით მოფომფლოებულ ბაგირს ეპოტინებოდა, მეორეს კი საცოდავად ასავსავებდა ჰაერში და ორიოდე ნაბიჯით უკან მიმავალ ნიკოს გულს უხეთქავდა იმის წარმოდგენა, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა მიშველებოდა ქალს, ხელი ჩაეკიდა, ეგრძნო მისი სხეულის ფეთქვა და შიშველი მკლავის დანდობილი მორჩილებით დამტკბარიყო, მაგრამ ვერა და ვერ გაებედნა ახლოს მისვლა, რადგან იცოდა, რომ ეს მარტო ქალის მიხმარება და აუცილებელი მამაკაცური საქციელი კი არ იქნებოდა, არამედ სულ სხვა ურთიერთობის დასაწყისიც და რაღაც აჩერებდა, უსინდისოდ არ ანებებდა ამ ორი ნაბიჯის გადადგმას, და ისიც იცოდა, რაც არ ანებებდა: ეს არ იყო სიმორცხვე და გაუბედაობა, არც ქალის შესაძლო რეაქციის შიში – თინა ახლა ყოველ წამს ელოდა ამ შეშველებას და ეს ცხადზე უცხადესად ეტყობოდა – ეს იყო მისი უსულგულო, მუდამ თანამდევი პატივმოყვარეობის ცივი ანგარიში, ათასგზის სინანულით შეცნობილი და მაინც მოუშორებელი, გულგამოჭმული ამპარტავნობა, მისი ფუტურო სიამაყე და, რაც ყველაზე უფრო სავალალო იყო, შიში, შიში, პასუხისმგებლობის შიში, პირველი ნაბიჯის შიში,

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39