ტკივილთან შედარებით, რომელთა შესახებ არაფერი იცოდა და რა მკრეხელური და გაუგებარი იყო მისი სათქმელი, რადგან ყველაფერი მაინც ველოსიპედის დაღუპვის სინანული გამოდიოდა, ხოლო ის ბორბალი – ჩვეულებრივი საბავშვო ველოსიპედის ბორბალი და სხვა არაფერი. “ყოველ სიკვდილს თავისი მიზანი აქვს”. საწერ მაგიდასთან თეთრად გათენებულ ღამეებში თანდათან ირწმუნა, რომ ვერაფერს ნაღდს და ღირსეულს ვერ გამოწურავდა ამ ნალოლიავები ხილვებით გაფუფუნებულ გონებას, რადგან ნიჭიც, მისი სასოებით ნაპატიები და ნაფერები ნიჭი ყრუდ და უიმედოდ დახშულიყო უბრალო მიწიერ სიმართლეთა წინაშე.

იყო დრო, როცა თავაუღებლად მუშაობდა, წერდა ბოროტი ჟინით შეპყრობილი, თავს აიძულებდა, საათობით მჯდარიყო მაგიდასთან და გამოხრიოკებული გულიდან გამოეწურა რაიმე ადამიანური განცდის უკანასკნელი ნაჟური და ესეც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდა ვერაფერს ვეღარ დავწერო. დაფეთებული გონება ბნელი გვირაბის კედლებს აწყდებოდა, გამოსასვლელს ეძებდა, მაგრამ გამოსასვლელი არსად იყო და აღარც იმის ძალა შესწევდა, რომ როგორმე გამოემტვრია ქვის კედლები და სამზეოზე გამოსულიყო. ამისათვის საჭირო იყო მყარი და საიმედო საყრდენი, რომელიც გეზსა და ენერგიას მისცემდა მის თავგანწირულ კვეთებას. ეს საყრდენი კი ვერა და ვერ იპოვა – რა სავალალოა ამის აღიარება ახლა, როცა ყველაფერი დასასრულისაკენ მიექანება – ეს საყრდენი ვერ იქნა და ვერ იპოვა, რადგან ის, რისი იმედიც ჰქონდა და რაც ამ საყრდენად თავის თავში ეგულებოდა, საეჭვოდ მოყანყალებული და უვარგისი აღმოჩნდა: ეპოტინებოდა სიყვარულს, მაგრამ ხელში რჩებოდა მარტოობის შიშით გულგამოხრული ეგოისტის ნაძალადევი ვნებები; ებღაუჭებოდა სიკეთეს, მაგრამ პატივმოყვარეობისა და თვალთმაქცობის ისეთ ლეყეპოში ტუნტრა ხელი, რომ გული აერია. ამას იქით კი რჩებოდა რაღაც უსახელო და შეუცნობელი მესამე მოძრაობა ბნელი გვირაბის გამოსასვლელთან მომლოდინე სინათლისაკენ, რომელიც ჯერჯერობით არაფერი იყო და თუ ოდესმე მიაღწევდა ამ სინათლეს, ეს იქნებოდა გადასვლა ბნელი არარაობიდან ნათელ არარაობაში, ბნელი უკუნეთიდან ნათელ უკუნეთში ისევე, როგორც ბრმა გადადის ღამიდან ბნელში და აი, უეცრად გამოჩნდა ეს სინათლე, ჯერ შორიდან, გვირაბის მოსახვევიდან იელვა და გაქვავებულ ბინდბუნდს მეყსეულად გამოსტაცა ქმრის წერილის კითხვაზე შესწრებული ქალის ინსტიქტური მოძრაობა და შემცბარი სახე, შემდეგ მთელი გვირაბის ოვალში ჩადგა, ჩამკვიდრდა, შემაკრთობელი თავისუფლებით გახსნა თავის კაშკაშა სიმჭვირვალეში გამავალი ღიობი და ამ ორი თვის თვალსაწიერი სივრცე – ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი განცდა და მოგონება – იმ ნალოდინარი ნათელით აავსო.

– მეშინია… – დაასწრო თინამ. – ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ვეღარ გამოვიდოდით ამ გვირაბიდან. რამ შემაშინა?

– მართლა რამ შეგაშინა, ჩვეულებრივი გვირაბი არ იყო? – გაოცებით შეხედა ნიკომ – შიგ ხომ არ ჩავრჩებით.

– რა ვიცი, რაღაც ცუდად გავხდი. არა, შიში კი არ იყო…

შიში, შიში, შიში იყო ეს სინათლე! ამ შიშმა შეანჯღრია და გამოაღვიძა! და ყველაფერი ამ სინათლეშია: დასაწყისიც და დასასრულიც. ამაზე მეტი უსამართლობა იქნება?..

– ნერვიულობ ალბათ, – უთხრა თინას. – მაინც ნერვიულობ. მაგის ბრალია.

– ჰო, ალბათ…

– გენატრება?

– კი! – თითქმის დაიყვირა ქალმა, თავი დაიქნია და სახე ხელებში ჩამალა და ნიკოს მოეჩვენა, რომ თინამ ახლა მის შეკითხვას კი არ უპასუხა, რომელიღაც ადრინდელი პასუხის გამოსწორება სცადა ამ წინასწარ მომზადებული და შემთხვევის მომლოდინე დასტურით. ლოდივით აწვა გულზე ის დღე, როცა დიდი ყოყმანისა და თავშეკავების მიუხედავად, მაინც ვერ გაუძლო აქამდე ნამალავ სიმართლეს და თავგანწირული და ლამის გამოსათხოვარი გულახდილობით ალაპარაკდა. მაშინ ისინი მდინარის პირას გაშლილ ბრეზენტის ლაბადაზე ისხდნენ და ნესტიანი სიგრილით აბუზულები უსაზმნოდ მისჩერებოდნენ წყლის მდორე დინებაზე მოქანავე ტივტივას. ქალს შიშველ მხრებზე ხალვათად ნაქსოვი შვინდისფერი ჟაკეტი ჰქონდა წამოსხმული, მუხლებზე კი გახუნებული, გაცრეცილი და საოცრად ოჯახური სიმყუდროვის გამომსხივებელი ჩითის ხილაბანდი ეფარა და მისი რბილი, მქრქალად მომწვანო-მოყვითალო ნაყშებით მოხატული ქსოვილის გრძნეული სიმუნჯე და ქალის საიდუმლო ცხოვრების თანაზიარი ლამის ძაღლური ერთგულება ნიკოს მესამე პირის თანდასწრების შეგრძნებით აცბუნებდა, თანდათან უნელებდა ქალის სხეულის სიახლოვით აღძრულ სურვილს და სიფრთხილისაკენ მოუწოდებდა: მეტისმეტად ორაზროვანი და ძნელად გამოსაცნობი იყო თინას მინდობილი და მღელვარე თავისუფლება, ეს სასინჯი სითამამე, რომელიც მომავლის თანდათან მისაჩვევად უფრო იყო გამიზნული, ვიდრე დღევანდელი დღისათვის, მისი მოცახცახე და თითქოს მომბოდიშებელი ხმაც მომავლის შიშნეულ მოლოდინში გაისმოდა და ნიკოც, მისდა უნებლიეთ, იმ მოახლოებულ მომავალში ჩასაფრდა, იქიდან მიაყურადა ქალის მოულოდნელად გულწრფელ აღსარებას: – ზოგჯერ ისეთი აუტანელი იყო… პირდაპირ სადისტურად მაწამებდა, რამდენჯერ თავის მოკვლამდე მივუყვანივარ საზიზღარი ეჭვიანობით. მტრისას, თუ შინ არ დავხვდებოდი, ან სადმე თუ შემაგვიანდებოდა. ზოგჯერ კი მიწევდა დაგვიანება. ამ დაწყევლილ ფოსტას ზაფხულობით იმდენი საქმე აქვს, რომ ძლივს ავუდივართ… ნახევარი საათიც რომ დამგვიანებოდა, გიჟს ჰგავდა. არ ვიცი, რატომ შვრებოდა ამას, ეჭვიანობის საბაბი არასოდეს მიმიცია, მაგრამ მაინც ეჭვიანობდა. თვითონვე იცოდა, რომ სისულელე იყო ეს, რცხვენოდა კიდეც, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. თავდაპირველად ვერ ვხვდებოდი, რა ჭირდა, მერე კი მიხვდი და ეს მთლად საშინელება იყო… – თინა გაჩუმდა, გაფაციცებული და ჩადარაჯებული გაჰყურებდა გარემოს, თითქოს უნდოდა ამ სმენადქცეულ სიწყნარეში, ამ გამაფრთხილებელ, უეჭველი სიმართლის მომთხოვნ ყოვლისმცოდნე მდუმარებაში ნაწილ-ნაწილ ამოებოჭა და ზუსტი სიტყვებით შეეკრა ნათელი და გასაგები აზრი, მისახვედრად აეხსნა ნიკოსთვის ის, რაც თვითონ ბოლოს და ბოლოს ამოხსნა და რასთან შეგუებასაც მოწამებრივი თავდადებით ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ძნელი იყო ამასთან შეგუება;

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39