დედაკაცური შურისძიებით ცდილობდი მის დავიწყებას. მაგრამ ვერ დაივიწყე. ამას იმწამსვე მიხვდი, როცა პირველმა გაოგნებამ გაიარა და გაუნელებელი მონატრებით აღიქვი მისი მშობლიური გარეგნობა და იერი, მისი დაღლილი, შესამჩნევად მობერებული, მაგრამ ამის გამო უფრო ნაცნობი და ძვირფასი სახე, გაიგონე მისი ხმა, ძველებურად ნერვული და დრეკადი, თითქოს ბგერები ჩვეულებრივად კი არ ამოდიოდნენ ყელიდან, არამედ სადღაც სიღრმეში იბადებოდნენ, ძალის მოსაკრებად ყოვნდებოდნენ, ერთმანეთს უშინაურდებოდნენ და მერე ზამბარით იტყორცნებოდნენ გარეთ, გაფაციცებულ სმენასთან სკდებოდნენ და იშლებოდნენ, როგორც მაშხალები ღამეულ ცაში და ყველაფერს ანათებდნენ – რა უაზრო, რა უდაბური იყო ცხოვრება უამისოდ და როგორ შეგეძლო გეფიქრა, რომ ეს ადამიანი არ იყო მართალი იმათ წინაშე, ვისთანაც გაგიტარებია ეს ორი წელიწადი, ვინც გარს გეხვია, ვისაც უსმენდი და უყურებდი, ეჩვეოდი და იყვარებდი იმ თავშესაფარებელი სიყვარულით, რითაც სავსეა ეს ცხოვრება. განა რომელიმე მათგანი არის ღირსი ამ ცრემლის, ამ მონანიების, ამ გულმდუღარე აღსარების და იმ თავდადების, რის გამოც ამდენი სიმწარე ნახა და რის გულისთვისაც აკრძალული აქვს მათთან ერთად ცხოვრება! რა საჭიროა ამდენი მტკიცება და ხვეწნა, რა თქმა უნდა, თანახმაა დღესვე, ამწუთასვე წაჰყვება თუნდაც დასაკარგავში, რომ მუდამ მის გვერდით იყოს და სხვა არაფერი არ უნდა ამ ქვეყანაზე, მაგრამ ჯერ ყველაფერი უნდა უამბოს, აღსარებად უნდა უთხრას, რაც უფიქრია და უგრძვნია ამ ორ წელიწადში, რითაც უვლია და უარსებია, ყველაფერი უნდა გაუმხილოს წვრილად, დაუფარავად, ისევე, როგორც მან გაუმხილა და მერე იტვირთოს ის მძიმე ტვირთი, ცხოვრება რომ უმზადებს, ოღონდ ჯერ ყველაფერი მისხალ-მისხალ უნდა ჩაუკაკლოს… მაგრამ კმარა, ეს ვერაგი, ეს მუხთალი და ურცხვი გულწრფელობა აქამდე დამალულ სიმართლეს ისეთი შემაცბუნებელი სახით აშიშვლებს, რომ უმჯობესია, არ აჰყვეს მას, არ დაუჯეროს და სხვა რამეზე გადაიტანოს გულისყური, თუნდაც აგერ ამ მშვენიერ ადგილებზე, ამ კაკლის ხეივანზე, ამ გათიბულ მინდვრებსა და გაყვითლებულ მთაგორებზე, ამ თვალშეუვლები სისწრაფით მომქროლავ გზატკეცილზე – აი ამ ადგილებს, ამ გზებს უყურებდა იგი თავისი მორახრახე თვითმცლელის უშველებელი კაბინიდან, აქ აგროვებდა ნაწილ-ნაწილ იმ მოძალადე სიმართლეს და მართლაც არის ამ გარემოში, ამ ლაღ სივრცეში, ამ სისწრაფესა და ქროლვაში რაღაც მიუღებელი და დანაშაულებრივი რწმენისაკენ წამქეზებელი, რაღაც უკანონო და ასაკრძალავი, რაღაც ისეთი, რაც არავის სჭირდება, რაც ხელს უშლის ადამიანთა ყოველდღიურ კმაყოფილებასა და სიმშვიდეს, რაც უნდა დაიჭირონ, დააპატიმრონ, სადმე უნდა დაამწყვდიონ, რომ არ შეაშფოთოს მათი ცხოვრება, არ დააეჭვოს, არ გაახსენოს უფრო მთავარი და აუცილებელი განცდების არსებობა – საით მიაქროლებს ახლა ეს ავტომობილი ასეთი მაცდუნებელი ნეტარების აღთქმით? ამ სინდისის მქენჯნავ და დანაშაულის გრძნობით შემაშფოთებელ თავისუფლებაში ხომ არა? ამის გაფიქრებაზე ისევ დაეუფლა თავდაპირველი შიში და ყოყმანი და მიხვდა, რომ ამაო იყო ყოველგვარი თვალთმაქცობა საკუთარი თავის წინაშე, ტყუილად ცდილობდა იმ მოგონილი და ნამუსის მომწმენდი საბაბით შეენიღბა ავბედითი სიმართლე და თავი გაემხნევებინა. ჰო, რა თქმა უნდა, მანუგეშებელი და თავდაჯერების მომგვრელი იყო იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი უღმერთოდ განწირული ქმრის სასიკეთოდ კეთდებოდა, ყოველი ნაბიჯი საყვარელი ადამიანის სახსნელად იყო, მთლად დაძაგრული და ნერვებადქცეული იყურებოდა წინ და თავისი უმწეობისა და დანაშაულის გრძნობა აწვალებდა, რადგან ვერაფერი მოეფიქრებინა ისეთი, რაც ოდნავ მაინც შეეხიდებოდა ქალს, მაშველი თოკივით დაეცემოდა მის წინაშე, რომ ჩასჭიდებოდა, გამოჰყოლოდა, გამოეღწია უამური ფიქრების მორევიდან და სამშვიდობოს გამოსულიყო – ეს აუცილებელი იყო ახლა, საჭირო იყო რაიმე ისეთი სიტყვა ან მოქმედება, რაც ამ მოგზაურობის დასაწყისში მაინც შენიღბავდა მუხანათურად ჩასაფრებულ სიმართლეს.

– გვიან გამოვედით, – თქვა კაცმა, დღეს ბევრს ვერაფერს მოვასწრებთ. – შეეცადა მეტი გულწრფელობა და წუხილი ჩაექსოვა ამ სიტყვებში.

ქალმა მაშინვე არ უპასუხა, გაფაციცებულად აწონ-დაწონა ნათქვამის აზრი, იმის მიხვედრა სურდა, რატომ თქვა ეს კაცმა და მართლა მოელოდა მის პასუხს თუ ისე, დუმილის დასარღვევად დაილაპარაკა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა და მხრების აჩეჩვით თქვა:

– ჰო, მაგრამ ბავშვს უპატრონოდ ხომ ვერ დავტოვებდი!

ნიკოს გული მოუფონა ბავშვის ხსენებამ და სიხარულით გაიფიქრა, ზუსტად მოვახვედრე მიზანშიო, რადგან ახლა სწორედ ეს სიტყვა “ბავშვი” იყო ის ბეწვის ხიდი, რომელზეც ჭეშმარიტების სიახლოვეს ბალანსირება შეიძლებოდა. იმაზე ლაპარაკს, რისი გულისთვისაც ამ გზას დაადგნენ, ჯერჯერობით ორივე უფრთხოდა, რადგან წამიერად გაპარული ყალბი ინტონაციაც კი გასცემდა მათ განცდებს და ეს ყველაფერი უფრო აშინებდა ახლა, როცა ორივე გაალმასებული გუმანით გრძნობდა ერთმანეთის მდგომარეობას, ან ყოველ შემთხვევაში ასე ეჩვენებოდათ: კაცს ის, რომ ქალმა არ იცოდა, მართლა მარტო ქმრის გულისათვის გადადგა ასეთი ნაბიჯი, თუ კიდევ იყო რაღაც სხვა, მთავარი მიზნის თანმხლები ძალა, რამაც ამ საქციელისაკენ წაუბიძგა და ეს აწვალებდა და ამიტომ კაცსაც სიბრალულით ეწურებოდა გული, ქალი კი ზუსტად ხვდებოდა კაცის ყოფას და უნდოდა, რაც შეიძლება ბუნებრივად და მისი თავმოყვარეობის შეულახავად გაეფანტა ეს უხერხულობა და გაღმა შეეგულიანებინა, თავდაჯერება და სიმშვიდე მიეცა, ამიტომ ბავშვი ახსენა და ორივეს გულზე მოეშვა, რადგან ეს სიტყვა, სიტყვა კი არა, მასში ჩაბუდებული გრძნეული აზრი, ყოველი მხრიდან მოთვალთვალე მამის თანხმობად მოევლინა მათ ორჭოფობას, ერთადერთი და საჭირო მიმართულებით გაუხსნა გზა საჩოთირო საუბარს და ნიკომაც – დაყოვნება საშიში იყო – მაშინვე გულწრფელი სიხარულით წამოიძახა:

– გადასარევი ბიჭია! მამას ჰგავს ალბათ.

– ამგვანებენ, – წყნარად თქვა თინამ. – გადასარევი კი არაა…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39