– წავედით. – თქვა წყნარი, ბედს შერიგებული ხმით.

ნიკომ ავტომობილი დაძრა, ნელა გააგორა სიმინდის ყანასა და ჭყანტობზე მოშრიალე ლაქაშებს შორის მბზინავ ქვიშნარ შარაზე, სანაპიროს მოასფალტებულ გზატკეცილზე გავიდა, საჭე გაასწორა და მანქანის სვლა შეანელა, ზუსტად ისე, თვითმფრინავი რომ აკეთებს ხოლმე აფრენისას, როცა კარგა ხნის გუგუნ-გრიალისა და ბაქიბუქის შემდეგ ასაფრენ ზოლზე გაინაპირებს, შეჩერდება, გაიტრუნება, თითქოს სივრცეს ზვერავს და ფრთებს ისწორებსო, შემდეგ უეცარი და მტკიცე გადაწყვეტილებით გაექანება ლარივით გაჭიმულ ზოლზე და თავმომწონედ, გრაციოზულად, საკუთარი სიმძიმის დაძლევისა და თავისუფლების ღირსეული გრძნობით მოწყდება მიწას – აი, ასე, რაღაც გადაულახავის დაძლევის ჯიბრიანი სამზადისით და ამამსუბუქებელი გულისჩქროლვით გახედა ნიკომ მზის გულზე მოლაპლაპე გზატკეცილს, რომლის ერთ მხარეს სანაპიროს მოზიმზიმე ქვიშრობიდან ცის ტატანს შერწყმულ ჰორიზონტამდე გალაღებული და თავდაჯერებული ლურჯი ზღვა წვრილმანი ვნებების დამცხრობი და მარადიული ჭეშმარიტების მოღაღადე სიმართლით ამხნევებდა, ხოლო მეორე მხარეს მეჩხერ წიწვნარში თავშეფარებული დამსვენებლებისა და ჭრელაჭრულა შეზლონგების თვალსაჩინოდ წარმავალი საკარნავალო კეთილდღეობა ისევ წვეტიანი ჭანგებით უკაწრავდა გულს და ამიტომ, თითქოს ამ გაურკვევლობით ამფორიაქებელ განცდებს გაურბისო, ნიკომ პედალს ფეხი დააჭირა და ავტომობილი ღმუილითა და ღრჭიალით შეაგდო თავის უცნაურ და უმისამართო გზაზე.

“ესეც ასე…” – წამიერი, ყრუდ ფეთქებადი ტკივილით გაუელვა თინას და მაშინვე საამო შვება იგრძნო. თითქოს გატკიცინებული ფერადი ბუშტი ჩაასკდა ხელში მოკლე და რბილი ტკაცუნით, გასაკვირველად უსხეულო და სიზმარეული წარმავლობით, თითქოს ტკაც და აღარ არის, ტკაც და არც არაფერი ყოფილა და ის შემაწუხებელი, გასკდომის შიშით შეწკიპული მოლოდინიც თვალსა და ხელს შუა განქარდა და საოცრად იოლმა და გამჭვირვალე თავისუფლებამ მოუფონა გული, სავარძლის საზურგეს გადააწვა და სახე სარკმელში შემოჭრილ სურნელოვან ქარს მიუშვირა. სადღაც, გზის პირას… – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყოველ სიტყვაში საგულდაგულო ჩაკვირვებით გაიფიქრა მან, თითქოს თითოეული ბგერის მნიშვნელობას წონიდა, მაგრამ ამ სიტყვებს უკვე აღარ ჰქონდა ადრინდელი, თუნდაც ორიოდე წუთის წინანდელი საეჭვო და საჩოთირო შინაარსი. ახლა მხოლოდ ხაზგასმული ირონიით, მთელი თავისი წუხილისა და ყოყმანის გამქილიკებელი ჯიბრიანი უდარდელობით გაატარა გონებაში ერთ ხაზზე გაწკაპული და საგანგებოდ ნაკვეთი ბგერები, თითქოს თვალითაც აკვირდებოდა, თითქოს მორახრახე ტელეტაიპის ლენტს კითხულობდა მშვიდად, მობეზრებულად, ნაჩვევი სამსახურებრივი გულმოდგინებით. სადღაც, გზის პირას. ყოყმანსა და ეჭვებს უკვე აზრი აღარ ჰქონდა, დრო დაძრული იყო ავტომობილის ბორბლებთან ერთად და უკვე არც მას და არც ნიკოს მისი შეჩერება აღარ შეეძლოთ – ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ წარმატების იმედი, ეჯერათ თუ არ ეჯერათ თავიანთი მიზნის სიმართლე, უკვე მობრუნება აღარ შეიძლებოდა, უნდა ევლოთ ასე უცნობ გზებზე, ვიდრე საწადელს მიაღწევდნენ ან გაწბილებულნი დარჩებოდნენ. ამას უკვე აღარაფერი ეშველებოდა და ამიტომ უმჯობესი იყო შერიგებოდა ბედს, განედევნა ყოველგვარი შიში და სინანული და როგორმე დაეჯერებინა თავი, რომ აუცილებელი იყო ეს თამამი, შესისხლხორცებული მოვალეობებით გათოკილი ცხოვრებიდან თავაშვებული საქციელი, აუცილებელი იყო სწორედ ამ მოვალეობათა გამო, რის წინაშეც ყველა სხვა გრძნობა არარაობაა და მხოლოდ არარაობა.

ამ ფიქრებით დაიმედებული ქალი კვლავ შეეცადა მეხსიერებაში აღედგინა უცნობი კაცის გარეგნობა და ორი წლის წინანდელი ღამის გაუფერულებულ ჩვენებას ჩააკვირდა, თანდათან გაიცხადა ფარდის ჭრილში დანახული ღამეული ეზოს, პალატის სარკმლებიდან გამავალ სინათლეზე წყალსაქაჩ ძრავასთან მდგარი ორი ფიგურა: ერთში უცებ იცნო ქმარი თავისი განუყრელი ბრეზენტის ქურთუკითა და ქირზის ჩექმებით  – ხმელი, ძლიერი, გულის შემათრთოლებლად ახლობელი და იმედის მომცემი, როგორც ყოველთვის. მეორე კი ვიღაც უცნობი, საშუალო ტანის ბობრი კაცი – სინათლე პირდაპირ ეცემოდა მრგვალ, ქალურად ლამაზ პირისახეზე – ეს არის და ეს, რაც ახსოვს და, კიდევ იმ კაცის სიტყვები, შემდეგ რომ გაიგონა, როცა ფაციფუცით იცვამდა, ჰაიჰარად ივარცხნიდა თმას და უკვე კარისაკენ გარბოდა, რომ გვიან სტუმარს შეგებებოდა, ჩვეულებისამებრ გულითადი ღიმილით მიეღო და სახელდახელო სუფრა გაეშალა – ამას მიჩვეული იყო და გაუფრთხილებლად იჭერდა თადარიგს – ბობრი კაცი სადღაც შორს, მთავარი გზის პირას მდგარ რესტორანზე ლაპარაკობდა, მაგრამ სად იყო ეს რესტორანი, უკვე აღარ ახსოვს ან არ გაუგონია. ან არ უხსენებიათ მაშინ, რადგან მის დანახვაზე უცებ შეწყვიტეს საუბარი და ბობრი კაცი გამოუმშვიდობებლად გაქრა სიბნელეში, ქმარი კი მთელი ღამე თავქვეშ ხელამოდებული და ჭერს მიშტერებული იწვა, მაგრამ თინას არაფერი უკითხავს არც მაშინ და არც მერე, რადგან ამასაც მიჩვეული იყო და არც ახლა გაახსენდებოდა ეს ამბავი, ნიკო რომ არ შეჩენოდა… შემთხვევით მოაგონდა ერთ საღამოს, როცა ქმრის გაუჩინარების ამბავს უყვებოდა, უამბო ისე, სხვათა შორის, ავარიის წინა დღეების სხვა მოვლენებთან ერთად, მაგრამ ნიკო რატომღაც ორივე ხელით ჩააფრინდა ამ ბობრ კაცს, რამდენჯერმე ააწერინა მისი გარეგნობა და ყველაფერი თავიდან

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39