მოაყოლა, სულ უმნიშვნელო წვრილმანებს ჩაჰკირკიტებდა და ბოლოს ამ უაზრო მოგზაურობაზეც დაიყოლია, გამუდმებული ჩიჩინით დააჯერა ქალი, რომ სადღაც იმ გზისპირა რესტორანში იყო დამარხული ძაღლის თავი და ამიტომ აუცილებლად უნდა მოეძებნათ ის კაცი, თუ უნდოდათ, რომ ქმრისთვის სასარგებლო რაიმე საბუთი ჩაეგდოთ ხელში, მაგრამ ეს მეტისმეტად უცნაურ და უიმედო განზრახვად მოეჩვენა თინას და დიდხანს უარობდა, ვიდრე ერთ დღეს ნიკოს უსაშველო მოწადინებამ  და ამ ორი თვის განმავლობაში მოჩხრეკილი ფაქტების შეჯერებამ ისიც არ დაარწმუნა, რომ უცხო კაცს რამე უნდა სცოდნოდა ისეთი, რაც ოდნავ მაინც გაუიოლებდა საქმეს და ამიტომ ყოყმანით, გულის ფანცქალით, შიშით დათანხმდა ამ მგზავრობას. ეს იყო მათი უკანასკნელი იმედი. “ორი დღე არ დაგვჭირდება, – არწმუნებდა ნიკო. – განა რამდენი რესტორანი იქნება მთავარ გზაზე”. და თინაც აჰყვა ამ ახირებას: ბოლოს და ბოლოს რა დიდი ამბავია ეს ორი დღე? ხომ უნდა დაუჯეროს ერთხელ ამ უცნაურ ადამიანს, ხომ უნდა დაეხმაროს რაიმეთი? განა მათთვის არ იტკივებს აუტკივარ თავს? იქნებ მართლა გამოდნეს რამე აქედან? ბოლოს და ბოლოს ისიც ხომ საქმე იქნება, რომ ქვეყანას დაუმტკიცონ მისი სიმართლე, ყველას დაანახონ, რომ არ მიუძღვის ბრალი იმ საზარელ მკვლელობაში, არც იმ უბედურ შემთხვევაში, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი. არავის არ სჯერა ეს, არავინ არ ეძებს სიმართლეს, იმიტომ, რომ არავის არ უნახავს, როგორ შემოვიდოდა ხოლმე ჭიშკარში შორეული რეისის შემდეგ – ბედნიერი, ამაყად დაღლილი, მონატრებული სიყვარულით გახსნილი და განათებული, ხმაურით მოედებოდა არე-მიდამოს და თან მოჰქონდა შესახარბებელი სიმდიდრე და სიხარული, თითქოს თავის საიდუმლო გზებზე ნანახი და განცდილი შემოჰქონდა შინ და ნაწილნაწილ ურიგებდა ყველაფერს, რასაც შეხედავდა და შეეხებოდა, მთელი სულისა და გულის გამცემი ხელგაშლილობით უყოფდა სულიერსაც და უსულოსაც, რათა გაეღვიძებინა და გაემხნევებინა ეს საკუთარ სიგონჯეში ჩაბუდრებული და ჩანაღვლიანებული გარემო, რომელიც მუდამ სიბრალულსა და სინანულს იწვევდა მასში თავისი უძრავი, სამყაროს მასულდგმულებელი ვნებებისათვის გულდახშული და უსუსური არსებობის გამო. არავის მოუსმენია, რა მიამიტური, უხერხულობის მომგვრელი გატაცებით ყვებოდა სრულიად ჩვეულებრივ ამბებს, თითქოს მოწიფული და ბევრის ჩვეული დამპყრობლური თავდაჯერებითა და მოძალადე გულწრფელობით და მხოლოდ იმით გაიძულებდა მოთმენასა და ყურის გდებას, რომ ბავშვი იყო და მის უჩვეულო ჭეშმარიტებებსა და გულუბრყვილო აღმოჩენებში იყო რაღაც შენთვის უკვე უიმედოდ დასამარებული საძულველი სიმართლე, რაც უნდა შეგეწყნარებინა და იძულებით გეღიარებინა ისევე, როგორც ძველისძველ ფოტოსურათზე გამოსახულ ტიტლიკანა ჩვილში დამთრგუნველი იძულებით აღიარებ და გაუცხოებული ჭეშმარიტების შეგრძნებით შეიწყნარებ საკუთარ თავს; არავინ იცის, თუ რა მოსაბეზრებლად ღვიძლი და ძვირფასი იყო ეს ყველაფერი – მისი მოუხეშავი ჟესტი, დაძაგრული ხმა, სოფლური კილო და საკუთარი შეფასებებითა და დაუმორჩილებელი განცდებით აღსავსე უსასვენო თხრობა: “და გადამიდგა წინ და მეუბნება ზევით სოფელში მივდივარ კაციშვილი არ მიჩერებს და თუ ძმა ხარ შენ მაინც ამიყვანეო შენ მაინცო გესმის? ვერა-მეთქი ვეუბნები საქმეზე მაგვიანდება სად გადავუხვიო ამ სიშორეზე ჩემს გზაზე რომ იყოს ვინ ოხერი მარა იქ ვერ წამოგყვები არ გეწყინოს-მეთქი თუ კაცი ხარ ვერ წამოვალ-მეთქი. კაი ფულს მოგცემო მეუბნება ნუ დამტოვებ ამ შუაღამეში გადამერევა ცოლ-შვილიო. კაცო რით ვერ გაიგე საქმეზე მაგვიანდება არ მინდა შენი ფული ღმერთმა სიკეთით მოგახმაროს შენ და შენს ცოლ-შვილს მარა ვერ წამოვალ-მეთქი ვეუბნები ამხელა მანქანა სად ავახრიგინო იმ სიმაღლეზე-მეთქი თან ვხედავ მართლა უჭირს და ნამეტანი შეწუხებულია და გული არ მიშვრება დატოვებას მაგრამ რა ვქნა გესმის ისეთი საქმე იყო… უნდა წამიყვანო მეტი გზა არ გაქვსო მეუბნება კაცო გესმის რას მეუბნება? მეტი გზა არ გაქვსო! მაინც რატომ-მეთქი და იმიტომ რომ აქ ხომ ვერ დამტოვებ ამ ღამეშიო ხა-ხა-ხა გესმის აქ ხომ ვერ დამტოვებო! შენ რა კაი ვიღაცა ხარ ჩემო ძმაო დაგტოვებ კი არა მეტსაც გიზამ ისე დაგტოვებ რომ შენ თვითონ მოგეწონება ისე მაძალებ ვითომ შენი ვალი მქონდეს-მეთქი. ვალი გაქვს აბა არ გაქვსო მეუბნება კაცს თუ არ გამოადგება ან ეს მანქანა რა ოხრობად გინდა ან შენ თვითონ რის მაქნისი ხარ ვიღაცა ხარო ხა-ხა-ხა! ერთი გაწრიპული ვინმე იყო სული რომ შემებერა მანქანა არ უნდოდა ისე აფრინდებოდა იმ თავის სოფელში ბარგიბარხანიანა გაგიგონია ასეთი რამე? არადა ვხედავ ნაღდი კაცია და რა უნდა ვქნა. შენ ჩემზე უარესი გიჟი ყოფილხარ დაჯექი წავიდეთ-მეთქი ვეუბნები. ამოათრია ორი ტომარა დამიჯდა გვერდით და გადაყლაპა ენა მთელი გზა ბაიყუშივით ზის და ხმას არ იღებს. მითხარი კაცო რამე წეღან რომ სული ამომაძვრე ქაქანით ახლა რა დაგემართა-მეთქი მარა საქმეში ხარ? რა გითხრაო მეუბნება რა დროს ლაპარაკია გზას უყურე და შენთვის იფიქრე ადამიანს საფიქრალს რა გამოულევს და მე ჩემთვის ვიქნებიო. ასე დამდურებულებივით ვიგრიხინეთ კაი ხანი და როგორც იქნა ავაღწიეთ სადღაც კურმუხეთში. ჩამოდიო მექაჩება ახლა უკან ხომ ვერ გაბრუნდები გათენდება და წადი საქმე სად გაგექცევა ვინ იცის მეორეჯერ შევხვდებით თუ არა ერთი-მეორეს მოდი ოჯახი დამილოცე ცოლ-შვილს გაგაცნობო. ჩამომაგდო ძირს და წამოყარა ჯალაბი თორმეტი სული იყო ცოლქმრიანა სულ ერთი-ერთმანეთზე მიწყობილი კინაღამ გადავირიე საშველი რომ არ დაადგა იმათ თავმოყრას. ადექით სტუმარი მოვიდაო დარბის სახლში სულ პაწაწკუნა ბღარტებიც დააწიოკა და ატყდა ერთი ჭყვიტინი და ვაიუშველებელი. ღვინო ჰქონდა სასწაული და რა დრო ვატარეთ რომ იცოდე რა დრო ვატარეთ იყო ერთი დიპლიპიტო და ცეკვა-თამაში თავი სიზმარში  მეგონა. თქვენ გაიხარეთ-მეთქი ვილოცები იცოცხლეთ და იბედნიერეთ-მეთქი აბა თქვენ ყოფილხართ თუ ყოფილხართ გაიხარეთ და დაიზარდენით-მეთქი. ამინო კვდებიან სიცილით და თავებს მიქნევენ მართალი ხარო მარა შენც კაი კაცი ყოფილხარ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მშვიდობით გარონიოს ქვეყანაზეო”. – და კაცი ვერ მიხვდებოდა, მართალს ყვებოდა თუ იგონებდა, ყველაფერი ნამდვილად ასე მოხდა, თუ თავის ღამეულ გზებზე შემოსეულ ფიქრებში გაეზვიადებინა, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, თინასაც გადაედებოდა ეს აფოფინებული და მახრჩობელა მღელვარება. თუმცა ხეირიანად ვერც აღიქვამდა ამ ამბებს, შინაარსსაც ვერ სწვდებოდა სადღაც სულ სხვა მხარეს მიმართული გულისყური, რადგან მისთვის მთავარი იყო არა ის, თუ რას ყვებოდა კაცი, არამედ ის, როგორ ყვებოდა, რა შემაცდუნებლად ალალი, დამაფრთხობლად უცხო და საიდუმლოდ შთაგონებული იყო ეს აღტაცება, ეს მოწამებრივი ტანჯვა, ეს სულისა და გულის მთუთქავი, სადღაც, ჩაუღწეველ სიღრმეში მოფათურე მაძიებელი სიხარული. თითქოს იყო კიდევ რაღაც უფრო მთავარი და არსებითი ამ ამბებში, რისი წვდომაც შეუძლებელია, რასაც ვერ ჩახვდება ჩვეულებრივი გონება, რაც არც მან იცის და ცდილობს ამოიცნოს, ამოპოტნოს, გულის გულამდე შეიგრძნოს, მაგრამ ვერ ახერხებს და ამიტომ წვალობს და ჯახირობს ასე; და არავის უნახავს ეს, არავინ იცის, თუ რა ძნელი იყო ამ თავის მომაბეზრებელი თანაგრძნობის ატანა ზოგჯერ, შუაღამისას, როცა საწოლზე წამომჯდარი და სიბნელეს თვალმიშტერებული წარმოთქვამდა თავის შეუბრალებელი გულწრფელობით დამქანცველ მონოლოგებს და მთელი დღის ნაჯაფი და დაღლილ-დაქანცული თინა ტკბილი ძილის ბურანიდან გამოჰყავდა: “თინი გძინავს თინი? აი სტაროვერებს რომ კუტი გოგო ჰყავთ ალინა ხომ ბავშვის ბრალი არაა რომ კუტია ხომ მისმა მშობლებმა გააჩინეს ასე მისმენ? როგორ განიცდიან ალბათ საწყლები რა დანაშაულის გრძნობა ექნებათ ხომ წარმოგიდგენია და ვინ უფრო ცოდვაა კაცმა არ იცის დაკვირვებიხარ მამამისს როგორი სახე აქვს სხვა ბავშვებს რომ უყურებს? დაკვირვებიხარ?” და არავინ იცის, რატომ შვრებოდა ამას, რატომ აღვიძებდა შუაღამისას ამ უმოწყალო სიმართლეებით; განა თინას შეეძლო ვისიმე შველა ან ტანჯვის შემსუბუქება ახლა, როცა ცოდვილნიც და უცოდველნიც ღრმა და უშფოთველ ძილში იყვნენ ჩაძირულნი? ვინმეს უგრძვნია, რომ თითქოს  რაღაც ჩადენილი დანაშაულის სასჯელს იხდიდა, თითქოს შეუცნობელი ცოდვების მონანიება სურდა და სხვისგანაც ამას მოითხოვდა, კი არ მოითხოვდა, ემუდარებოდა, თანამოაზრესა და თანაგანმცდელს ეძებდა. ჯალათის შეუბრალებელი სისასტიკითა და პატიების ვედრებით ცდილობდა ვინმე ჩაეთრია თავის მარტოხელა შეთქმულებაში. ვინ იცის, რომ თინაც თავისდა უნებურად დამორჩილდა ამ მოძალადე, უჩვეულო სინაღდითა და გაუგებრად აზრიანი სიცოცხლით მომნუსხველ ნებას,

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39