როგორ უთხრას, თუ როგორ უყვარდა ეს კაცი და რა გულგრილად ჩაუარა გვერდით ერთხელ, როცა ზღვა ხალხთან ერთად სტადიონზე მიდიოდა – სწორედ იმ სტადიონზე, სადაც პირველად იმან წაიყვანა და მთელი პარკი მზესუმზირა უყიდა – როცა სტადიონზე მიდიოდა და სკამებზე დასაფენი ძველი გაზეთების გამყიდველ დაგლახებულ და დაფეთებულ მოხუცში რაღაც პირველი პათოლოგიური ვნების უამურ გახსენებასავით შეიცნო თავისი ბავშვობის კერპი და სასოება და სანამ შეჩქვიფებულ და უნებლიეთ შეყოვნებულ სახეს მოარიდებდა, თვალი შესწრო, როგორ დასტაცა ახორხოცებულ ამხანაგებთან ერთად მიმავალმა ბიჭმა მთელი ბღუჯა გაზეთი, როგორ დაიჩხავლა გამწარებულმა სტუმარმა, ხელი გამოიშვირა და რაღაც შესჩივლა მომღიმარე ხალხს… “როცა ხედავ, როგორ ეცემა შენს გვერდით შენი სისხლი და ხორცი, როცა ხედავ, როგორ ეკიდება ცეცხლი შენს მიწაზე აშენებულ სახლს, შენს ხეს…” მაგრამ ეს იყო ომი და მხოლოდ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამის სურათი და ველოსიპედის ბორბლის ტრიუმფალური აგონია აკავშირებს ამ სიტყვების ბუნდოვან სიმართლესთან. ახლა კი რაღაც აპირებს ამის ახსნას, ამ უცაბედად მოვლენილი სინათლის სიმჭვირვალეში ყველაფერი თავისი ჭეშმარიტი სახით იკვეთება; ის საშინელი, დენთითა და გავარვარებული რკინით დაგზნებული მოგუგუნე, მოტკაცუნე, კვამლის შავ ბოლქებში გახვეული ხილული ცეცხლი ბავშვობის ხსოვნაში დანთებული მხიარული ჭიაკოკონა იყო იმ თვალით უხილავ, ამაზრზენად ცივ და მზაკვრულად უალო ცეცხლთან შედარებით, შეუმჩნევლად რომ მოსდებოდა არე-მიდამოს და თანდათან ყლაპავდა, ნთქავდა, უკვალოდ და უფერფლოდ ანადგურებდა ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდებოდა – შენს მიწაზე აშენებულ სახლს, შენს ხეს, შენს სოფელს და ამას უკვე ვეღარაფერი აღუდგებოდა წინ, თუ არა სიკვდილი, სიკვდილი, რომელიც მარტო ტყვიას კი არ ეღობება ვიღაცის გადასარჩენად, რაღაცის დასაცავად ან იმ ხილული ცეცხლის ჩასაქრობად, არამედ სიკვდილი, რომელიც პასუხისგება იქნებოდა ამ უხილავი და ჩაუქრობელი ცეცხლის დანთებისათვის. მაგრამ გვიანღაა, უკვე ამის განცდაც აღარ შეუძლია! მეტისმეტად დიდი დრო და ენერგია შეალია თავისი პატივმოყვარეობის ლოლიავს და ბოლოს და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ უკვე საკუთარ გრძნობებსაც აღარ ენდობა, აღარც კი იცის, სად იყო ყალბი და სად გულწრფელი, როდის ამბობდა მართალს და როდის ცრუობდა, როდის სურდა ნამდვილად და როდის ეჩვენებოდა, რომ სურდა; ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა და გათანაბრდა და თავს იმითღა ინუგეშებდა, რომ თვითონვე ხვდებოდა ამას, ყოველთვის ცდილობდა იმის დამახსოვრებას, რომ თვითონაც ხვდებოდა, თორემ თუ ესეც დაავიწყდებოდა, მაშინ მომავალშიც ვეღარაფერს გამოასწორებდა, მომავლის იმედი კი ჯერ კიდევ არ დაეკარგა. მაშინ, როცა ყოველი დღე, ყოველი საათი და წუთი აღსავსე იყო სარედაქციო საქმეებით, ნაცნობ-უცნობებთან შეხვედრებით, მაღალფარდოვანი საუბრებით, კრებებით, პირმოთნეობით, ჭორებით, თავის მოჩვენებით, ღვინის სმითა და ყალბი სადღეგრძელოებით, წვრილმანი წუხილებითა და სიხარულებით და ვინ იცის კიდევ რით არა, იოლი იყო თავის დარწმუნება, რომ დრო არ ყოფნიდა თავისი ნამდვილი მოწოდების აღსასრულებლად, რომ დადგებოდა ჟამი, გათავისუფლდებოდა ყოველივე ამისაგან და ბოლოს და ბოლოს სერიოზულად მოჰკიდებდა ხელს იმ საქმეს, რისთვისაც იყო გაჩენილი. ამასობაში კი გადიოდა დრო, წლები ემატებოდა, აგერ, ორმოცდახუთსაც გადააბიჯა, ხელში კი არაფერი ჰქონდა იმ მეტისმეტად საეჭვო და მერყევი ფასეულობის გარდა, რასაც კარგი კაცის სახელი ერქვა. ნიჭიერიაო, ამბობდნენ მასზე, შემოქმედებით ალღოსა და გემოვნებას უქებდნენ, დახვეწილი ინტელიგენტი და პატიოსანი ადამიანიაო და თვითონაც კმაყოფილი იყო, რადგან ყველაფერი ეს კარგადაც საღდებოდა და ძვირადაც ფასობდა. თანაც არც შესახედაობა აკლდა და არც ქალების ყურადღება; წერდა კარგ, ზოგჯერ მართლაც ნიჭიერ საგაზეთო წერილებსა და ნარკვევებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე ტყუილითა და ყალბი პათოსით იყო დატენილი, რადგან ყველას ეს სჭირდებოდა, და მიდიოდა ასე საამო თვითკმაყოფილებით აღსავსე ცხოვრება. მაგრამ ეს ყველაფერი დრობითი მოვლენა იყო, მხოლოდ დღევანდელი დღე, რომელიც მომავლისათვის სჭირდებოდა და ხვალ, როცა ეს მომავალიც დადგება, ბოლოს და ბოლოს მოიცლის თავის თავთან დასაბრუნებლად, მაშინ ლოთის საფლავზეც ავა, უფროს დასაც გაიხსენებს და სტუმარსაც. ყველაფერს ისე განიცდის, როგორც მის გულს სწყურია, მაშინ იმაზეც დაფიქრდება, თუ რატომ დათმო თავისი ერთადერთი სიმართლე და რატომ დაიხია უკან, როცა იმ სიმართლემდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა, არა, უკვე ეს უკანასკნელი ნაბიჯიც გადადგმული იყო – სამი თვის შფოთვისა და დავიდარაბის შემდეგ ამაყად, ზეიმით, საკუთარი თავისადმი ნიშნის მომგები და მოჯიბრე სიხარულით გადაწყვიტა, რომ ყველაფერს გამოამზეურებდა, არასდიდებით არ დათმობდა არც ერთ სიტყვას, მძიმესაც არ მოაკლებდა, რადგან ეს ყველაფერი სიმართლე იყო და ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ითქვას ეს სიმართლე, ხომ უნდა იცოდნენ, რომ ხალხის მოტყუება და თვალში ნაცრის შეყრაა ყველაფერი, რის საქებრადაც გამოგზავნეს, რომ საშინელი დანაშაული იმალება იმ მოჩვენებითი კეთილდღეობისა და წესრიგის მიღმა, რასაც ტაშს უკრავენ და ხელის აწევით იწონებენ, რომ ბოროტმოქმედებაა იმ ადამიანთა საქმიანობა, ვინც თავდადებულ და უანგარო მოღვაწეებად მიაჩნიათ – სამი თვის ნერვების გლეჯად, გულის მჯიჯგნავ ეჭვებად და დამქანცველ ყოყმანად დაუჯდა ეს სიმართლე და ახლა არასდიდებით არ დათმობს, არც ერთ ფრაზას არ შეცვლის, რადგან ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დასრულდეს ეს დამახსოვრებული აწმყო და ხომ უნდა დაიწყოს ამდენი ხნის ნალოდინარი მომავალი! მაგრამ, დათმო, პირველსავე შემოტევაზე, როცა ყველაფერში დაეთანხმნენ, მაგრამ დაწვრილებით და ნათლად აუხსნას, რომ ეს ყველაფერი ასეა საჭირო სწორედ საქმისა და სიმართლისთვისო, თავი დაუქნია და შვებით ამოისუნთქა, რადგან უკვე ან გულითადი საუბრის დამთავრებამდე მიხვდა, რომ მისი ეს თავგამოდებული კვეთებაც მხოლოდ პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების სურვილი იყო და სხვა არაფერი, მხოლოდ თავის გამოჩენა და

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39