ნიკოს ახსოვს ეს, შეუძლებელი იყო ამასთან შეგუება. იმან უკანმოუხედავი, ყველაფრის შემწირავი ერთგულებით იცოდა მეგობრობაც და სიყვარულიც და სხვისგანაც ამას მოელოდა, კი არ მოელოდა, მოითხოვდა რაღაც გამანადგურებელი ძალმომრეობით და შეუწყალებელი სიმკაცრით და ამის ატანა მართლაც შეუძლებელი იყო. შემდეგ, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, ნიკო მიხვდა, თუ რა კატორღას დააღწია თავი და რა ბევრი რამ დაკარგა მასთან მეგობრობის წლებში, მაგრამ მაშინ წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო – მომნუსხველი, დამდამბლავებელი მაგია ჰქონდა მის მოძალადე და დამპყრობელ სიმართლეს, რადგან გჭყლეტდა, გაანადგურებდა, ყოველ ნაბიჯზე ცხვირ-პირში გჩრიდა საკუთარ სისუსტესა და უბადრუკ კეთილგონიერებას, ათასგვარ დამამცირებელ ხრიკებს გაიძულებდა, რომ როგორმე ხელიდან დაძრომოდი, დასხლეტოდი და სადმე დამალვოდი მის დამქანცველ, თავის მომაძულებელ თვალთვალსა და მეურვეობას. ზოგჯერ ისიც კი გეჩვენებოდა, რომ ეს მისი მუხანათური ფანდი იყო, რითაც ადამიანის მიტყუებას და დასაკუთრებას ცდილობდა; ავადმყოფურად ეშინოდა, რომ დაუფარავად ეჭვიანობდა ყველაზე, ვისგანაც ამის საფრთხეს იგრძნობდა. ჰო, ეშინოდა, რომ ის ვიღაც მოზიარე თავისი მომხიბვლელი სიცრუითა და წარმავალი ვნებების მაცდური სილამაზით დაანგრევდა მის უპატრონოდ მოძუნძულე სიმართლის დროებით თავშესაფარს, ძლივს რომ მოიღობა შენს დანაკუწებულ და ნაწილ-ნაწილ დატაცებულ არსებაში და ეს ავადმყოფობას ჰგავდა. თვითონაც ხვდებოდა ამას, ზოგჯერ საშინელი დანაშაულის შეგნებაც აწვალებდა და მაშინ მთლად აუტანელი იყო, რადგან ყოვლად უვარგისი ხერხებით ცდილობდა ამ დანაშაულის გამოსყიდვას. “შენ ვერაფერს ვერ დაწერ, იმიტომ, რომ მარცხის გეშინია. სანამ არ შეურიგდები, რომ შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდე, შენგან არაფერი გამოვა”. – უთხრა ერთხელ ნიკოს და ეს იყო მწარეზე მწარე ჭეშმარიტება, რომელიც შემდეგ თვითონაც მრავალჯერ უღიარებია, მაგრამ მაშინ საშინლად დაიბოღმა და თავის დასაცავად რაღაც ღვარძლიანად მიახალა, იმან კი თავისი შემწყნარებლური ღიმილით მოუბოდიშა, თავზე ხელი გადაუსვა და უცებ უგულოდ ახარხარდა, ვითომ გეხუმრეო, მაგრამ ნიკომ ამ ხარხარის მნიშვნელობაც ხუთი თითივით იცოდა: მას უნდოდა მარტო ნიკოსთვის კი არა, საკუთარი თავისთვის გაექარვებინა ამ ულმობელი სიმართლით მიყენებული ტკივილი, რადგან იცოდა, თუ რა მწარე და გულის მომკვლელი იქნებოდა მისი მოსმენა. ყოველთვის ასე იცოდა: მაშინვე გააბიაბურებდა თავის სიტყვას და საქციელს, სულ სხვა რამეზე გადაიტანდა საუბარს, ჩვეული გატაცებით ალაპარაკდებოდა ახალწაკითხულ წიგნზე ან ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ამბებზე და ისეთი გადამდები იყო ეს გატაცება და ისე მართალი და საშიში იყო ამ დროს, რომ ნიკოს მაშინვე ავიწყდებოდა წუთის წინანდელი წყენა და მონუსხული ინტერესით იძირებოდა ამ გასაოცრად ზუსტი და მოულოდნელი დაკვირვებებით აღსავსე ექსტაზურ მონოლოგებში. ყველაფრის უფლება ჰქონდა ამ კაცს, ყველაფრის, სახეშიც რომ შეეფურთხებინა, მართალი იქნებოდა, ოდესმე დასრულდება ეს წამება?

– ზოგჯერ კი პირიქით, ძალიან გულგრილი იყო, – თქვა ქალმა მცირე დუმილის შემდეგ, როცა თავის მონაყოლს გულისყური გადაავლო და იფიქრა, გასაგებად ავხსენი ქმრის უცნაური ეჭვიანობის მიზეზიო. – რაღაც სხვა საზრუნავი გაუჩნდებოდა და სულ აღარ ვახსოვდი. მთელი კვირა ისე გავიდოდა, რომ ჩემკენ არ მოიხედავდა. თითქოს მეც ეს უნდა მდომოდა, თითქოს უნდა დამესვენა, ხომ? მაგრამ ეს უფრო ძნელი იყო…

– რატომ? – ქალს კი არა, თავის თავს ჰკითხა ნიკომ, უკვე მერამდენედ, მაგრამ ვერასოდეს ვერ მიიღო ნაღდი და ერთადერთი პასუხი.

– მეშინოდა და იმიტომ, – დაუფიქრებლად უთხრა თინამ. – ვიცოდი, რომ მალე ისევ მომიბრუნდებოდა და თავიდან უნდა შევჩვეოდი, როგორც უცხოს; არა, თვითონ კი არ იცვლებოდა, თვითონ ისევ ისეთი იყო, მაგრამ მე მიჩნდებოდა ეს გრძნობა, თითქოს უკვე უცხო ვიყავი მისთვის, თითქოს უფლება არ მქონდა ხელახლა შევჭრილიყავი მის ფიქრებსა და საზრუნავში და ყოველთვის ისევ ვემზადებოდი ამ უფლების მოსაპოვებლად, შორიდან ვუახლოვდებოდი, ნიადაგს ვსინჯავდი… ღმერთო, რა ჯოჯოხეთი იყო! ხანდახან მგონია, რომ განგებ მომიწყო ბედმა ეს გამოცდა, უნდოდა გაეგო, გავუძლებდი თუ არა…

– გაუძელი? – პასუხის გასაიოლებლად, ვითომ ღიმილით ჰკითხა ნიკომ, მაგრამ მთლად დაიძაბა ამ პასუხის მოლოდინში და სუნთქვაც კი შეიკრა, რომ ქალის ოდნავი რეაქციაც არ გამოჰპარვოდა.

თინა კარგა ხანს ჩუმად იყო, ნერვულად წიწკნიდა ბალახს, პასუხს ეძებდა და ნიკოს მოეჩვენა, რომ ეს მოულოდნელი შეკითხვისაგან გამოწვეული ნერვიულობა არ ყოფილა, რადგან ქალი მთელი არსებით ელოდა ამ შეკითხვას და როცა ის გაიგონა, თითქოს შვებაც კი დაეუფლა და მხოლოდ იმაზე ფიქრმა შეაყოვნა, რომ ბოლოს და ბოლოს საშუალება ეძლეოდა ეთქვა ის, რაშიც აქამდე თავის თავსაც ვერ გამოსტყდომოდა. ყველაფერში იგრძნობოდა, რომ მას უყვარდა ქმარი, მაგრამ საკუთარ გულსაც ვერ უბედავდა ამის აღიარებას, აღიარება კი არა, ეჭვითაც არასოდეს დაეჭვებულა, რომ ის მსასოოვარი, ლამის ღვთაებრივი მოწიწება, ყოველთვის რომ გრძნობდა ქმრის სიახლოვეს, სიყვარული არ ყოფილა. ის მხოლოდ მისი უჩვეულო ბუნებით იყო დაფეთებული, მისი მომნუსხველი სიმართლისა და კაცური ძლიერების ტყვეობაში იმყოფებოდა და ეს გრძნობა საოცრად, თითქმის ტყუპისცალივით ჰგავდა სიყვარულს. მაგრამ ჯერ ვერ თქვა ეს, ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ გუმანით ნაგრძნობი გარდაუვალი მომავლის წინაშე პირნათელი ყოფილიყო და არაფერი შეშლოდა. ეჭვით, ყოყმანით, მხრების აჩეჩვით ამომარცვლა: – არ ვიცი, არაფერი არ ვიცი – და სადღაც მარჯვნივ, მდინარის გაყოლებაზე გაიხედა, რომ ნიკოსთვის ამ პასუხით წამოფრენილი შიში დაემალა, მაგრამ მაშინვე იმის უფრო შეეშინდა, რომ სხვა დროს აღარ მიეცემოდა ამის თქმის საშუალება და თავგანწირვით წამოიძახა:

– ვერა, ვერ გავუძელი! – და თუმცა ნიკო მხოლოდ ამ პასუხს ელოდა, მაინც გულწრფელი გაკვირვებით და თითქმის საყვედურით შეხედა ქალს, იმანაც კი თავის გასამართლებლად სასწრაფოდ დაუმატა: -შეუძლებელი იყო ეს…

ეს მართლაც შეუძლებელი იყო. ვინ-ვინ და ნიკომ კარგად იცის – ეს შეუძლებელი იყო. მას ხომ სულით ხორცამდე აქვს გამოცდილი და იცის: ვერავინ ვერ გაუძლებდა ამას – ყოველ ადამიანს სწამს, რომ სიმართლით უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაზე, სიმართლით და სიკეთით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ვერ მიუღწევია ამ ნაოცნებარი სიმართლისათვის და თავს იმითღა ინუგეშებს, რომ რას იზამ, ცხოვრება არ გაძლევს ასეთი ფუფუნების უფლებას, ცხოვრება გაიძულებს აკეთო ის, რაც თავად არ გჯერა, ცხოვრება გიკარნახებს,

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39