მოძუძგურებულ პატივმოყვარეობას – რომლებსაც ვერასოდეს ვერ დაწერდა, ვერც მალე და ვერც დიდი ხნის მერე და მართლაც ვერ დაწერა, რადგან ყოველი აზრი, ყოველი ფრაზა, რასაც გონებაში აკოწიწებდა და რის ვაივაგლახით გადაჰქონდა ქაღალდზე, ყოვლად უგულო და ფშუტე ექოდ უბრუნდებოდა უკან, თითქოს ამომშრალ ჭას ჩასძახოდა, თითქოს თვითონ იყო ეს ამომშრალი ჭა, რომელიც მქისე, ცარიელი ბგერებით პასუხობდა მისი ხელოვნური განცდებით დაფეთებული ცხოვრების განწირულ ძახილს; დრო კი ულმობელი სისწრაფით მიდიოდა და თანდათან არიგებდა გულის გამტიალებელ სიმართლესთან, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა შერიგებოდა ბედს და სხვათა მსგავსად მიჰყოლოდა ჩვეულებრივი სიცოცხლის მოსაბეზრებელ მდინარებას; გულის მომკვლელი იყო იმის გაფიქრება, რომ ამაო ოცნებებსა და იმედებში შემოეხარჯა ნახევარი სიცოცხლე და აღარაფერი შერჩა ხელთ, არც ნაოცნებარი სახელი და დიდება და არც ორდინარული ცხოვრების თვითკმაყოფილი სიმშვიდე, რომლითაც თავს მაინც შეიქცევდა; ყველაფერი ამ იმედებს შესწირა: ნაცნობმეგობრები, ნათესაობა, სამსახური, ოჯახსაც ვერ მოეკიდა და ბოლოს, რომ ეგონა, თავისუფლება მოვიპოვეო, საკუთარი ხელით შემოწნულ გალიაში აღმოჩნდა და ახლა აქეთ-იქით უნდა ეხეთქოს და იფართხალოს გამოსასვლელის საძებნელად – დაღლილი, დაჩლუნგებული, დაყრუებული იყო მისი გაოცებისა და თანაგრძნობის უნარი, აღარსად იყო ის საიდუმლო “სეკრეტები”, რომელთა აღმოჩენას ასეთი იმედითა და თავდაჯერებული სიჯიუტით ცდილობდა. “სეკრეტები!” “სეკრეტები!” ეს “სეკრეტები” ბავშვური სიხარულით გაახსენდა ამას წინათ, როცა სანაპიროს გასწვრივ გაყოლებულ წიწვნარში მიდიოდა და ჩრდილოვანი ტევრის სიმშვიდითა და სურნელებით ტკბებოდა. დიდი ხანია უნდოდა აქეთ გამოვლა და ამ უდაბური ადგილების დათვალიერება, რადგან ხშირად ხედევდა, როგორ ბრუნდებოდნენ აქედან სოკოებიანი კალათებით დატვირთული მხიარული ქალები და ბავშვები, მას კი სოკოს კრეფა სასკოლო სახელმძღვანელოების ნახატებში ენახა და ამიტომ რამდენჯერმე გადაწყვიტა, ერთხელ მაინც წავალ და ვნახავო, მაგრამ ვერასოდეს ვერ წავიდა და მხოლოდ ახლა, თბილი და ნათელი ამინდით გახალისებულმა ბოლოს და ბოლოს გაბედა და იმ უშენისაკენ გაემართა. უსაზმნო სიხარულით მიცუნდრუკებდა ზღვის ნაპირ-ნაპირ, ცდილობდა, სწორ ხაზზე ევლო და წამწაუწუმ უკან იხედებოდა, რათა ნოტიო ქვიშაზე დატოვებული ნაფეხურებისათვის ემზირა, მერე სპირალური ზიგზაგების ხაზვა დაიწყო და ბოლოს დიდრონი ოკრობოკრო ასოებით გამოიყვანა – “თინა”, თან რატომღაც შიშით მიმოიხედა, ვინმემ არ დამონახოსო და მაშინვე მწარედ გაეღიმა ამ უადგილო სიფრთხილისა და ჩვეული კეთილგონიერების გამოჩენაზე, არ იქნება ჩემი საშველიო, სინანულით გაიფიქრა და უკვე დინჯად განაგრძო გზა. ვეებერთელა დაჭაობებულ ველზე ბღუჯა-ბღუჯად ამოწვერილიყო ლერწამი, ხოლო იქ, სადაც ქინქლების გუნდები ბუჟღაობდნენ და ნემსიყლაპიები პიკირებდნენ, მოჩანდა მზის ალმაცერ სხივებზე მოკამკამე გადასარკული ტბორები და ნიკოს რატომღაც თავისი ბავშვობის საყვარელი გასართობი მოაგონდა – მეზობლის გოგო-ბიჭებთან ერთად სახლის უკან მდებარე უშენზე “სეკრეტების” კეთება. ყველა თავისთვის, საიდუმლოდ ჩიჩქნიდა ბალახში სათითურის ტოლა ორმოებს, შიგ ფერად-ფერად მინის ნამტვრევებს, ჭრელაჭრულა ზღვის კენჭებს, ვერცხლის ქაღალდების ნაკუწებს, მინდვრის ყვავილების ნაირ-ნაირ ფურცლებს აწყობდნენ, ზევიდან შუშის მოზრდილ ნატეხს აფარებდნენ და მიწას აყრიდნენ, რომ სხვისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო ის ორმოები, შემდეგ კი ვითომ შემთხვევით წააწყდებოდნენ აღნიშნულ ადგილს, ცნობისწადილით თვალდაჭყეტილი ამხანაგების წინაშე საჩვენებელი თითის ფრთხილი სრიალით წრიულად მოასუფთავებდნენ შუშის სახურავს და გაოცებით, შეცხადებით, ვაი-ვაის ძახილით აღმოაჩენდნენ მიწაში ჩამარხულ “სეკრეტს”, რომელიც მართლაც საოცარი იდუმალებით და თვით მისი შემოქმედისათვის მოულოდნელი სილამაზით იმზირებოდა ბალახიდან. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მათგანს საკუთრად ჰქონდა ასეთი “სეკრეტი” და არავისთვის არაფერი მოულოდნელი და საიდუმლოებით მოცული არ იყო, მაინც აღტაცების შეძახილებითა და გულწრფელი გაკვირვებით ხვდებოდნენ ყოველი “სეკრეტის” აღმოჩენას და დიდხანს და გაცხარებით კამათობდნენ მათ ღირსებებზე. ასეთი “სეკრეტებით” იყო მოფენილი მთელი ეს ჭაობიანი ველი. ნიკოს რატომღაც ეს ბავშვობის გასართობი გაახსენა მისმა დანახვამ და სინანულით დაუწურა გული ამ უბიწო, თავისი მიამიტური სიხარულით აღსავსე წარსულის მოგონებამ, უნდოდა გაეხსენებინა, მართლა ასეთი ლამაზი იყო ის ბავშვობისდროინდელი “სეკრეტები” თუ მაშინ ეჩვენებოდა, მაგრამ ვერ გაიხსენა, რადგან რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ და განა ახლაც აქვს ის სილამაზის შერჩევისა და განცდის უნარი? განა ახლაც შეუძლია გაიგოს ეს თანამგრძნობი, გამამხნევებელი, გულითადი აღტაცება სხვისი უბრალო და კონკრეტული სიხარულის გამო? არასოდეს არ დაფიქრებული იმაზე, რომ ქალის დაუფარავი და აფოფინებული მღელვარება, მასთან სიახლოვის გამო რომ განიცდიდა, მისი შემგულიანებელი, თავდაჯერებისა და რწმენის მომცემი გულუხვი აღტაცება, მთელი არსებით რომ გამოხატავდა ნიკოს საუბრების მოსმენისას, მისი სიკეთისა და სითბოს გამომსხივებელი ქალური მზრუნველობა შესაძლოა თვით ქალისავე შინაგანი განცდების ნაყოფიც ყოფილიყო, მისი საკუთარი ვნებების, მისი ადამიანური სიხარულისა და ტკივილების გამოხატულება. ყველაფერი, რასაც ის ამბობდა და აკეთებდა, რასაც გრძნობდა და ფიქრობდა, რაც აღელვებდა ან ამშვიდებდა და ისიც კი, რომ მართლა უყვარდა ნიკო ამ პატივისმცემელი, მისი კაცური ღირსებებისა და ნიჭის უყოყმანოდ მცნობელი სიყვარულით, ნიკოს მხოლოდ თავისი ძლიერების საჯარო აღიარებად მიაჩნდა, ყველაფერს თავის კუთვნილებად მიიჩნევდა და მისხალსაც არ უნაწილებდა ქალს, ეს ქალიც იმისთვის არსებობდა, რომ მის გულწრფელ შეფასებებსა და ემოციებში ნიკოს ნანატრი თავისუფლება მოეპოვებინა. მასში, ამ ქალში, ერთადერთში მთელ ქვეყანაზე, გადაეტანა და დაემკვიდრებინა ის, რის ქაღალდზე გადატანასაც ვერ ახერხებდა და ამით ოდნავ მაინც დაეკმაყოფილებინა თავისი მსუნაგი პატივმოყვარეობის შიმშილი; ეს ქალი სწორედ ამისთვის მოევლინა მის ცხოვრებას და ამისთვის გამოუგზავნა ღმერთმა და ამიტომ უხაროდა მასთან ყოფნა და ამიტომ უყვარდა ისე, როგორც შეიძლება

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39