ამის დანახვაზე ნიკომ გაიფიქრა, ალბათ დასაჯდომი ადგილიც აღარ იქნებაო, მაგრამ რესტორანი სანახევროდ ცარიელი იყო, მხოლოდ რამდენიმე მაგიდას უსხდნენ დასანაყრებლად შემოსული მგზავრები, უკანა მხარეს გამავალ ფანჯრებში კი მოჩანდნენ კორომში გაფანტული მოხალვათებული ტურისტები და მათი თავმობეზრებული გიდი, რომელიც წყაროს პირას, კუნძზე ჩამომჯდარიყო, სიგარეტს აბოლებდა და გულგრილად და მოთმინებით არაფერს არ ელოდა. ნიკომ კუთხეში მიდგმული ცარიელი მაგიდა დაიგულა და გარეთ გავიდა. თინა წყაროსაკენ მიმავალ ბილიკს მიჰყვებოდა, ნიკომ კი მანქანასთან მოცდა გადაწყვიტა, იქნებ რა სჭირდებაო, მაგრამ ქალი მობრუნდა, ხელი დაუქნია და ორივენი მივიდნენ წყალთან, ხელ-პირი დაიბანეს და უცებ გახალისდნენ სადღაც შორს, ყველაფრისაგან მოცილებულად ყოფნისა და თავისუფლების შეგნებით. თინამ ოთხად გაკეცილი ყვავილებიანი ცხვირსახოცი ამოიღო კაბის ვეებერთელა ჯიბიდან, სველი თითებით გაშალა, ნიკოსთან მივიდა და ღაწვები და შუბლი შეუმშრალა, ფრთხილად, მზრუნველობით. ხაზგასმული ინტიმური განდობით და მოწყურებული სითამამით – ეს მაშინვე იგრძნო კაცმა – გაბედულად და მაინც შეჩქვიფებული სიფრთხილით, თითქოს რის ვაი-ვაგლახით შეჩვეულ და მოთვინიერებულ ნაგაზს ეფერებოდა და მის კეთილგანწყობილ სიყუჩესა და თვალების ლულვაში გულის მომხალვათებლად გრძნობდა თავისი მაგიური შიშისაგან გათავისუფლების პროცესს, და იმასაც მიხვდა ნიკო, რომ ეს ნაგაზი თვითონ კი არ იყო, არამედ ქმარიც და თვითონაც, ორივე ერთად, უფრო სწორად მათი გამამთლიანებელი ცხოველური ბუნება, მათი საერთო ველური არსების ორი სახე -აგრესიული და თვინიერი, რომელსაც მთელი ცხოვრება იშინაურებდა ქალი თავის ქმარში და ბოლოს და ბოლოს ნიკოში მოიშინაურა და ახლა შეეძლო მიახლოვებოდა, ხელით შეხებოდა და მოფერებოდა კიდეც მარადიული შიშისაგან თავდახსნილი ცბიერი ცნობისმოყვარეობით, თავისი ქალური ძლიერების სრული ზეიმით და არავითარი საფრთხე არ დამუქრებოდა მისგან, იმ მიუკარებელი და მღრინავი არსებისაგან, რომელიც ახლა ნიკოს სახით გამოეცხადა, უკვე მორჩილი და თვინიერი, ვისთვისაც ამ სურნელოვანი ცხვირსახოცის ნაზი ქსოვილი მარტო შუბლის შესამშრალებელი სუფთა ნაჭერი კი აღარ იყო, არც მარტო ერთგულებისა და გულითადი მზრუნველობის გამოვლინება. არამედ საიდუმლოს განდობა. სხვისთვის მიუწვდომელთან მიწვდენა, რასაც კაცში სათუთი მადლიერებითა და მარადიული მოვალეობის გრძნობით უნდა ჩაესახლებინა ქალის სული. მაგრამ თინას არ ეცალა ამ გრძნობის ასახსნელად და გასაცნობიერებლად; იგი ახლა ისვენებდა; იგი ახლა უბრალოდ სავსე იყო ადამიანური სიხარულით და სიყვარულით, ამიტომ უჩვეულოდ ატაცებული და აფოფინებული შეუერთდა ტყის შრიალსა და სურნელებას, ბილიკიდან გადაუხვია, ბუჩქებში გაერია, ფერდობზე მიმოფანტულ ექსკურსანტებში აბორიალდა და ვიღაცას გამოელაპარაკა კიდეც, სადაურობა გამოჰკითხა და გაზვიადებული გაოცებით შეიცხადა მათი გზის სიშორე და გაბედულება, მერე უფრო ზევით აუყვა და ტევრში გაუჩინარდა – აქედან ვეღარც ნიკოს ხედავდა და ვეღარც ავტობუსის მგზავრებს, აღარც მათი ლაპარაკი ესმოდა და აღარც გზატკეცილზე მიმქროლავი მანქანების ხმაური, მიდიოდა და ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც ვერავინ მიაგნებდა და ვერც წვიმა ჩამოაღწევდა – ცა უკვე მთლად საავდროდ მოქურუხდა, ერთი წვეთიც ჩამოიპარა ტოტებში, შიშველ მკლავზე დაეცა და ჟრუანტელად დაურბინა, თბილი ქარის ნაკუწიც შემოეხვია ყელზე, მკერდზე მიეფერა და უბეში შეუცოცდა; ხის ძირას ბალახში ჩაჯდა, გულაღმა გადაწვა, ხელები თავქვეშ ამოიწყო ნეტარების ბურანში ჩახუჭა თვალები და მაშინვე მზით გაჩახჩახებულ ვეება ფანჯრებიან ოთახში აღმოჩნდა. საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა უზარმაზარი ნაცნობი ქალაქი, მზის გულზე აკიაფდა მისი ქათქათა ვერტიკალური კონტურები, ტყის მოშრიალე სიჩუმე აავსო მისმა შორეულმა, ზღვის მოქცევასავით ძლევამოსილმა გუგუნმა, მიწისა და ბალახის გამაბრუებელ სურნელს შეუერთდა მისი ქვაფენილებისა და ასფალტიანი ქუჩების მხუთავი, ბუღი. თუ ეს იმ პირველი, თავისი მოულოდნელი სიუცხოვით თავზარდამცემი ლოგინის სუნია, ლოგინის კი არა, სისხლით, ხორცით, ძვლებით გაპოხიერებული თბილი სამარის, რომელშიც სიკვდილიდან გამოღვიძებული წევს ახლა და ამქვეყნიურ ნათელში დაბრუნების სურვილით ელოდება ვიღაცის შეხებას და აჰა, შეეხო კიდეც, წელსა და მკლავებზე მოეხვია, ტანზე მიიკრა, მიიხუტა, გაოცებული სიყვარულით დაუკოცნა სახე, ყელი, მოხალვათებული ძუძუები, ხელში აიყვანა და ამ გაბრწყინებული ქალაქის ქათქათა სივრცეში გაიტაცა – როგორ ელოდა ამ წუთს, როგორ ეწადა ეს თვინიერი, ნატიფი, გამამდიდრებელი სიყვარული, როგორ უბრუნდება ნაძალადევად გაცემული და დახარჯული სიმდიდრე და როგორ ივსება მისი ძვირფასი საკუთრების ნატრული სიხარულით, რა კარგი, რა ადამიანური ბედნიერების მომნიჭებელია ეს ყველაფერი და ნუთუ ოდესმე უნდა გაქრეს და დამთავრდეს და პირმოღებულ სიცარიელედ უნდა დარჩეს გულში მისი დაუვიწყარი ხსოვნა! – ამ სიცარიელის ხორციელმა შეგრძნებამ შიშით გამოიქნია ნეტარების ბურანიდან და მთლად ჩამოქუფრულ და საავდროდ გალურსულ გარემოში დააბრუნა. წამოჯდა, მოიბუზა, ფეხებქვეშ კაბა ამოუფუთნა, თავი ჩახარა და ატირდა – ჭირვეულ ბავშვივით ფეხებგაწყობილი და მხრებჩამოყრილი ტიროდა, სველ ცხვირსახოცს წიწკნიდა და ყმუოდა, თან აქეთ-იქით იყურებოდა, ვინმე არ წამომადგესო. სწრაფად, სულმოუთქმელად, მოსასწრებად ზლუქუნებდა, მერე სიცივისაგან აკანკალდა და მიხვდა, რომ ძვალ-რბილში ნესტი გასჯდომოდა, წამოდგა, ერთი ორჯერ საბოლოოდ ამოიხვინჩა გული, ცრემლი მოიწმინდა, კაბა გაისწორა და ნელ-ნელა დაეშვა წყაროსკენ, სადაც ნიკო ეგულებოდა; მაგრამ ის რესტორანში იჯდა და ცივ ლიმონათს წრუპავდა;

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39