– რა მანქანა?.. სად?.. – უაზროდ ჰკითხა ნიკომ.

– იქ, სამთისის ბოლოს. – უთხრა კაცმა. – ხრამში გადაიჩეხა.

– ესენი სად არიან? – სუფრაზე ანიშნა ნიკომ.

– წავიდნენ.

– სად წავიდნენ?

– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა ბობრმა კაცმა. – საიდანაც მოვიდნენ…

– თინა?

– თინაც წავიდა. თქვენ გეძინათ. ისინი კი ჩასხდნენ და წავიდნენ.

– იმათ წაჰყვა? – უგულოდ იკითხა ნიკომ. ვერაფრით ვერ სწვდებოდა მის შეგნებას ეს საუბარი.

– წაჰყვა. – თავი დაუქნია ბობრმა კაცმა.

– თქვენ ვინ ბრძანდებით?

– მე დირექტორი ვარ.

– ჰო, – დაეთანხმა ნიკო და ისევ დაკვირვებით შეხედა. კი, ნამდვილად ბობრი კაცი იყო.

– რა მანქანა! – იყვირა უცებ და წამოხტა. – დაიღუპა ვინმე?

– არ ვიცი. – თქვა ბობრმა კაცმა. – ღამეა, არაფერი არ ჩანს.

ნიკო გარეთ გავარდა. მანქანების სადგომზე არც ერთი ავტომობილი არ იდგა, არც მისი! ჯიბეები მოიჩხრიკა, აღარც გასაღები ჰქონდა. ერთხანს უაზროდ მისჩერებოდა სიბნელეს და ნაწვიმარ ქვაფენილს, მერე ყინულივით ცივი და მწივანა აზრი ნელ-ნელა შეუძვრა გონებაში, ანგარიშმიუცემლად წადგა ფეხი იმ მხარეს, საითაც იყურებოდა, ჯერ ლასლასით წავიდა, შემდეგ თანდათან მოუჩქარა ნაბიჯს და ბოლოს თავქუდმოგლეჯით გაიქცა; უსაზმნოდ, უმისამართოდ მირბოდა, გუგუნით, გრიალით, საფეთქლების დამხეთქავი ფეთქვით აწყდებოდა გონებას ოთხი მაგიური ბგერა: თინა!.. თინა!.. თინა!.. მერე დაგმანული ბაგეებიც გამოხეთქეს ამ ბგერებმა და თავზარდამცემი სიმართლით დანაღმულ სიჩუმეში დაიქუხეს: – თინაა! – და თითქოს ამ ქუხილმა გამოაფხიზლაო, ადგილზე გაქვავდა და უკაცრიელ გზატკეცილს გახედა, რადგან გაახსენდა, რომ არ იცოდა, თუ საით უნდა გაქცეულიყო.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39