– მიხდება, რომ იცოდე! – თქვა ისევ სიცილით, როცა სარკეში მობანილი ჭრილობა შეათვალიერა. – ახლა დანა აიღე და წამომყევი.

ნიკო შიშისაგან გახევდა. იცოდა, რომ იგი არ ხუმრობდა და მართლა მიდიოდა იმათ საძებრად, ვინც ამ დღეში ჩააგდო. შიშით მაინცდამაინც არ შეშინებია, ეს თითქოს კარგად ახსოვს, ან იქნებ შეშინდა კიდეც, მაგრამ ეს არ იყო მთავარი – არ უნდოდა, რომ დავიდარაბაში გახვეულიყო, რადგან, ვინ იცის, რა მოჰყვებოდა მერე ამ ამბავს, ყველაფერი მშვიდობიანადაც რომ დამთავრებულიყო, ან იქნებ მაინც შიში იყო მთავარი? ასეა თუ ისე, დასაკეცი დანა აიღო და გარეთ გავიდა. თითქმის შუაღამე იყო, მაგრამ ქუჩაში მაინც ჩანდნენ კანტიკუნტად გამვლელები; რამდენიმე კაცი მანქანას ელოდა; ჩაბნელებულ სკვერშიც რაღაც ლანდები ბორიალებდნენ და ის პირდაპირ მათკენ წავიდა, ნიკოს კი მუხლი მოეკვეთა, გაჭირვებით გადადგა ნაბიჯი, ჯიბეში ტყვიასავით ჩამძიმებული დანა ვერაფრით ადგილიდან ვერ დაძრა, თუმცა არც ახსოვს, აპირებდა თუ არა საერთოდ მის ამოღებას, რატომ მას არ მივეციო, გაიფიქრა გულის ჩამთუთქვავი სინანულით და რაღაც სასწაულის მოხდენის იმედით ფეხათრეული გაემართა იმ ლანდებისაკენ, რომ რაც შეიძლება გვიან მისულიყო, თან გონებაში ამ დაგვიანების გამამართლებელ მიზეზს ეძებდა, მაგრამ სკვერში თითქოს არაფერი საეჭვო და საშიში არ ჩანდა და გულმოცემულმა ნიკომ ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის გაიქცა კიდეც. მაგრამ ის უკვე უკან ბრუნდებოდა და ბნელ კუნჭულებს აკვირდებოდა. ნიკო მიხვდა, რომ სკვერში ისინი არ იყვნენ, ვისაც ეძებდა და სიხარულისაგან ხმა აუთრთოლდა.

– არ არიან? – ძლივს ჰკითხა ისე, რომ სამარცხვინო მღელვარება არ გაემჟღავნებინა.

– ვინ? – გულგრილად თქვა მან.

ნიკო გაშრა. უცებ იაზრა, რომ ეს მორიგი გამოცდა იყო და მეტი არაფერი. მაშინვე როგორ ვერ მიხვდა ამას. როგორ წამოეგო ანკესზე, როგორ გათქვა თავისი სიგლახე! ცხადია, მან ყველაფერი შეამჩნია, ასეთი რამ არ გამოეპარება. დროზე უნდა მოასწოროს ეს საშინელი შეცდომა:

– ვინ და, ვინც გაგალამაზა! – უთხრა უკვე ყინჩად და მოუთმენლობის გამომხატველი ტონით, თან თვალები დააცეცა და ხელიც კი მოიჩრდილა შუა ქუჩაში მავთულზე ჩამოკიდებული ფარნის შუქისაგან.

– აქ უნდა იყვნენ, სად წავიდოდნენ, – უპასუხა მან, – შეიძლება დაბლა ჩავიდნენ. – და პროსპექტზე გასასვლელი ქუჩაბანდისაკენ გაიშვირა ხელი.

– რამდენი იყო?

– სამნი იყვნენ.

– სამთან კიდეც შეიძლება. – ურცხვად თქვა ნიკომ. – იარაღი აქვთ? – ყელში გაეჩხირა ეს მისთვის უჩვეულო, ამ წუთისათვის შეუფერებელი და ყურით მოთრეული სიტყვა.

– აქვთ ალბათ.

– უჰ მაგათი!.. _ კბილები გააკრაჭუნა ნიკომ. უკვე მთლად გაუქრა შიში და მხოლოდ იმასღა ცდილობდა, რომ როგორმე გადაეფარა წეღანდელი მარცხი. ახლა ისიც კი ეგონა, რომ მართლა თავგანწირვით იბრძოლებდნენ, თუ სადმე მიაგნებდნენ იმ სამეულს. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა სამი ლაწირაკი!.. მაგრამ მას ძებნა აღარ გაუგრძელებია, არც ადრე აპირებდა და ამის შეგნებამ ნიკოს მთლად მოსწყვიტა გული – აშკარა იყო, რომ კიდევ ერთ გამოცდაში ჩაიჭრა და ამ ნიშნის გამოსასწორებლად კარგა დიდი დრო იქნებოდა საჭირო.

– დანა მომეცი, – მშვიდად უთხრა მან.

ნიკომ უსიტყვოდ ამოიღო და გაუწოდა. მას ზედაც არ დაუხედავს, ისე მოისროლა მშენებლობისათვის შემოვლებული ღობის იქით.

– რა ჰქენი! – მართლა სინანულით იყვირა ნიკომ.

– ჩუ! – ტუჩებზე თითი მიიღო მან და მხარზე ხელი გადახვია,

– ხომ ვხედავ, რომ გული გისკდება.

– მისკდება კი არა…

– შეგეშინდა?

– ისე, რა…  თქვა ნიკომ და გულზე მოეშვა იმის გამო, რომ სანახევრო სიმართლის თქმა მაინც გაბედა.

– ყოჩაღ! – გულწრფელი სიხარულით შესძახა მან. – შიში აკეთილშობილებს ადამიანს! შენზე ნაკლებად არც მე შემეშინდა, სიმართლე თუ გინდა.

ეს უკვე მისთვის ჩვეული მობოდიშება იყო. ახლა პატიებას სთხოვდა ნიკოს ამ უმოწყალო გამოცდისათვის.

– რომ შეგვხვედროდნენ? – ჰკითხა ნიკომ.

– არ შეგვხვდებოდნენ, – თქვა მან. – ეს აქ არ მომხდარა, მოედანზე იყო.

ნიკომ უკვე უამისოდაც იცოდა, რომ ეს აქ არ მომხდარა.

– მაინც, ვთქვათ და, შეგვხვედროდნენ?

– მაშინ შენ აიღებდი დანას და ჩასცემდი პირდაპირ გულში,

– თქვა მან, ისევ გაიცინა და ხელი მოხვია, მაგრამ ნიკო მიხვდა, რომ ის მართლა ამბობდა ამას, სიცილი კი მხოლოდ ნიღბად აიფარა, რომ ეს შეუბრალებელი სიმართლე საკუთარი თავისთვის და ნიკოსთვისაც დაემალა. თვითონ სურდა, რომ ასე მომხდარიყო, კი არ სურდა, სწამდა, რომ ეს აუცილებელი იყო, არა, მკვლელობა არა, ეს არ უთქვამს და არც უფიქრია, მკვლელობა კი არა, რაღაც ისეთი თავგანწირული და ალალი ერთგულება, როგორიც თვითონ შეეძლო. ენატრებოდა, სწყუროდა ამ ერთგულებისა და სიმართლის ვინმეში აღმოჩენა და ყოველი საშუალებებით ცდილობდა მის შეგრძნებას. მაგრამ ვერ შეიგრძნო და ეს იყო მისი ტრაგედია. თუმცა გაბოროტებული არასოდეს ყოფილა. უდიდესი შეწყნარებისა და მოთმინების უნარი ჰქონდა და უდრტვინველად ეწეოდა ამ უთანასწორო სიკეთისა და სიყვარულის უღელს.

– ნიკო, შენ თუ გიყვარდა ვინმე? ძალიან თუ გიყვარდა?… – უცებ საბურავის გასკდომასავით გაიგონა ქალის შეკითხვა და კინაღამ მუხრუჭს დააჭირა ფეხი და კიდეც დააჭირა, რომ ნათქვამის ტონს დაკვირვებოდა და გამოეცნო, მაინცდამაინც ახლა რატომ დააინტერესა ამან, ან შემდეგ რა საუბარი მოჰყვებოდა ამ შეკითხვას. ამიტომ დაუგვიანა პასუხის მიცემა, თინა კი ჯიბრიანად გამართული და თავაღერებული იჯდა და ვითომ გზის ყურებაში იყო გართული, სინამდვილეში კი გამომცდელად უდარაჯებდა კაცის საქციელს, რადგან ელოდა, რომ ამ მოულოდნელი შეკითხვისაგან დაბნეული ნიკო მისთვის საჭირო განცდას გაამჟღავნებდა თავისი შიშველი და სტიქიური რეაქციით – ქალისთვის ახლა ყოველ უმნიშვნელო ნიუანსსაც ღრმა აზრი ჰქონდა, რადგან ეჩვენებოდა, რომ ბნელში ხელის ცეცებით მიიკვლევდა გზას მომავლის მიმზიდველ გაურკვევლობაში და სულ პაწაწინა სხივიც კი იმედსა და თავდაჯერებას შემატებდა – პასუხი არ იყო მთავარი, მთავარი ის იყო, თუ როგორ გასცემდა კაცი ამ პასუხს და ნიკომაც, რაკი ქალის განზრახვა დაიჭირა, ამ გაფაციცებული მოლოდინის გამბიაბრუებელი ხუმრობა დააპირა:

– შენზე უფრო არავინ… – მაგრამ მაშინვე, ამ სიტყვების დამთავრებამდე, დამთავრებამდე კი არა, პირველი ბგერების წარმოქმნისთანავე ყელში ბურთი გაეჩარა, იმდენად უჩვეულო და მისთვის უცნობი რამის თქმას აპირებდა და იმდენად თავისთავად, მისი ნება-სურვილის გარეშე იშვა ეს სათქმელი, თითქოს ვიღაცამ უკარნახაო, ქალმა კი თავის უეცარ შეცბუნებასა და გულის ჩქროლვას დაწდობა არ აცალა და ამ უადგილო აღიარების გამქილიკებელი კეკლუცობით უთხრა: – ეს ხომ მეც ვიცი, მაგას არ გეკითხები, – და ენაზე იკბინა, რადგან ეს ფლირტული სითამამე და სიმსუბუქე უეცარი დანგრევით ემუქრებოდა ისედაც მოყანყალებულ კეთილგონიერებისა და საჭირო თავშეკავების ზღუდეს. კაცმაც იგრძნო ნაადრევი საშიშროება და ამიტომ თავდაპირველ შეკითხვას მიაშურა:

– რა ვიცი, ალბათ მიყვარდა…

ეს არც მთლად სიმართლე იყო და არც ტყუილი, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ უფიქრია, სიმართლე იყო თუ ტყუილი. რა უპასუხოს? ის კანტიკუნტი იმპულსური განცდები, ხანდახან რომ გაკრთებოდა წარსულის მოგონებებში, მეტისმეტად ნამცეცა და მყისიერ სიხარულებადაა გაფანტული მთელი ცხოვრების გზაზე და არა და არ ერთდება მთლიან, განუყოფელ გრძნობად, რომ ბოლოს და ბოლოს ამოავსოს ის სიცარიელე, სადაც ნამდვილი მამაკაცური ვნებები უნდა ბინადრობდეს. უთხრას ეს თინას? თვითონ ხომ უამბობს თავისი მოუგერიებელი სიყვარულის ამბავს? ხომ უმჟღავნებს ამ უცნაური და უხერხული გულწრფელობით თავის გულისთქმას და ხომ უკითხავს ქმრის საიდუმლო წერილებს,

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39