უყვარდეს მამაკაცს რაიმე გამორჩეული ტანსაცმელი, როცა გრძნობ, რომ იგი რაღაცნაირ სიმტკიცესა და ძალას ჰმატებს მის დაეჭვებულ კაცურ იერსა და გარეგნობას, უყვარდა ისე, როგორც შეიძლება უყვარდეს ადამიანს მოხერხებული სავარძელი ან თავის გემოზე მორგებული სასთუმალი, რომელზეც ტკბილად ეძინება და რომელსაც თავად არავითარი გრძნობა არა აქვს, ან თუ აქვს, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მასში მისი სხეულის ფორმა და სუნია ჩარჩენილი. უთხრას ეს თინას? უთხრას, თუ როგორ უყვარდა ეს ქალი და როგორ იოლად და უსინანულოდ დაშორდა ერთი წლის შემდეგ, რადგან მიხვდა, რომ უკვე აღარაფერი ჰქონდა ისეთი, რაც ერთხანს მაინც შეამაგრებდა ქალის მსასოოვარ სიხარულს? უთხრას ეს? უთხრას, რომ, როცა კიდევ ერთი წლის შემდეგ ის რაღაც უცაბედი სენით გარდაიცვალა, საფლავზეც არ ასულა, რადგან მის ჭირისუფალთაგან არავის იცნობდა და ვერავინ დაინახავდა და შეაფასებდა ამ დიდსულოვნებას. უთხრას ეს თინას? აუხსნას? თინას კი არა, საკუთარ თავსაც ვერასოდეს ვერ აუხსნა, თუ რატომ ქნა ეს, ამაზე დაფიქრებისაც კი ეშინოდა, რადგან ფიქრი ისეთ სიმართლეს ჰპირდებოდა, რომელიც მთლად ბოლოს მოუღებდა. წინასწარვე გრძნობდა, რომ ამაზე ფიქრი იმ ხასხასა სინათლით განათებულ დღეებთან მიიყვანდა, როცა მტკიცე და უშფოთველი ბედნიერებით აღსავსე პატარა ბიჭი იმედითა და სასოებით ჩააფრინდებოდა მაღალი, მხარბეჭიანი, მუდამ მოცინარი და რაღაც თავისებური ცხოველური სუნით გაჟღენთილი მამაკაცის ღონიერ ხელს და სიამაყით გაცისკროვნებული დაფრინავდა ზაფხულის მზით გაჩახჩახებულ ქალაქში; “სტუმარია”, – უთხრა დედამ ამ კაცზე და ახლა ისიც ახსოვს, თუ რა მაგიურად მოქმედებდა ეს სიტყვა მის შეგნებაზე, – სტუმარი! – როგორი შეუცნობელი სიამაყითა და კაცური თავდაჯერებით ავსებდა იგი; ახლაც ყურში უდგას მისი რბილი, ხავერდოვანი ხმა და მელოდიური, თბილი, თითქოს ორღანოს დაბალი რეგისტრებიდან გადმოღვრილი სიცილი, რომელიც მუდამ რაღაც კარგისა და ყველასათვის სასარგებლო საქმის კეთების ბუნდოვანი სურვილით ავსებდა ბიჭის გულს, განსაკუთრებით, საღამოობით, როცა ერთად კოტრიალებდნენ თალარით მოჩრდილულ აივანზე და კაცი დაუზარებლად უყვებოდა თავისივე გამოგონილ მართლაც დაუჯერებელ ამბებს ყაჩაღებსა და ღარიბ ძმებზე, რომლებიც უთვალავი ოქრო-ვერცხლის ხელში ჩასაგდებად სასწაულებრივ გმირობებს ჩადიოდნენ და ამ ზღაპრებსა და თავგადასავლებს კი არა, კაცის თბილ, გრძნეული გულითადობით აღსავსე ხმას და სიცილს ბიჭი უნებლიედ გადაჰყავდა საოცარი სიკეთითა და სილამაზით მომნუსხველ ფერადოვან სამყაროში, კაცის სახელიც გამამხნევებელ ძალას აძლევდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ამ თილისმური სიტყვის ყოველი ბგერაც სტუმრის ღონიერი სხეულის თითოეული ნაკვთისაგან იყო წარმოქმნილი და მისი შინაგანი ენერგიის ხმებს გამოსცემდა. ისიც ახსოვს, თუ როგორი ცრემლმორეული ბედნიერებითა და მსასოოვარი შიშით შეჰყურებდა ხოლმე დედა, როცა ისინი ხელიხელჩაკიდებულნი ეზოდან გადადიოდნენ, ან საღამოს შინ დაბრუნებულნი გატაცებით, წვრილმანების გამოუტოვებლად ხელების ქნევით უყვებოდნენ მთელი დღის თავგადასავლებს. ბიჭი სულმოუთქმელად ლაპარაკობდა კაცის ამხანაგებზე, სტადიონზე, კინოზე, ბილიარდზე, ზღვაში ბანაობაზე და მაღაზიაზე, სადაც აუარება ხალხი ირეოდა და თეთრხალათიანი და თეთრჩაჩიანი სტუმარი ხალისიანი ლაზღანდარობითა და მეგობრული ღიმილით ხვდებოდა და აცილებდა ყველას, ვინც კი შემოვიდოდა. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ხანა ნიკოს ცხოვრებაში, რადგან უყვარდა ეს კაცი, უყვარდა მსასოოვარი, მანუგეშებელი, იმედიანი სიყვარულით, ცდილობდა მიებაძა მისი სიარულის, მისი ხმის, სიცილისთვის და იმისთვისაც კი, რომ კაცს რაღაც მსუყე, თავისი სიმაღლითა და ველური სიძლიერით მიმზიდველი სუნი ჰქონდა – ეს სუნი ყველაზე უფრო მეტად აკლდა შემდეგ, როცა სტუმარი ისევე უცაბედად გაქრა მათი ცხოვრებიდან, როგორც მოვიდა, აკლდა არა მარტო ნიკოს, არამედ მთელ სახლს, – კედლებს, ავეჯს, სასტუმრო ოთახში ჩამოკიდებულ დიდ სურათს, რომლიდანაც სამხედრო ფორმიანი ახალგაზრდა კაცი ღიმილით იმზირებოდა დაბლა კედელთან მიდგმულ ხალიჩაგადაფარებულ ტახტისაკენ, სადაც დედას ეძინა ხოლმე. სტუმარი წავიდა ერთ ჩვეულებრივ საღამოს, მას შემდეგ, რაც ორი დღე და ღამე არ გამოჩენილა და გულშეწუხებული ნიკო ფანჯარას არ მოსცილებია მის მოლოდინში, დედა კი დამუნჯებული იჯდა და ნერვული თითებით ქარგავდა ყურთბალიშის პირს, და, როგორც იქნა, ისიც მოვიდა, ჩვეულებრივ გამამხნევებელი, მადლიანი ღიმილის ფრქვევით და კეთილი თვალების ციმციმით და, მივდივარო, თქვა. “სად?” – გულისხეთქით ჰკითხა ნიკომ, მაგრამ მას პასუხი არ გაუცია, მთელი თავისი ავლადიდება – ერთი შარვალი და ორი გარეცხილი პერანგი გაზეთში გაახვია, იღლიაში ამოიჩარა. ეზოში ჩავიდა და იქიდან დაუძახა ნიკოს. როცა გულში ჩაიკრა და მაგრად მოუჭირა მსხვილი, ძლიერი მკლავები, ნიკომ ნეტარებით შეისრუტა მისი სხეულის ბუნაგივით მყუდრო სითბო და ალბათ ეს სითბო იყო, სამუდამოდ რომ ჩარჩა მეხსიერებაში, მაგრამ არასოდეს თავის ცხოვრებაში არ უფიქრია, რომ ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა ბევრი რამის გასაგებად და ასახსნელად და კიდევ ის ახსოვს, რომ ეზოს გადაღმა, ქუჩაში მილიციის დიდი მანქანა იდგა და როცა სტუმარი მანქანასთან მივიდა, ორმა მილიციელმა უკანა კარი გამოაღო – ეს კარგად ჩანდა, რადგან გვიანი შემოდგომა იდგა და ეზოში ტოტებგაბარჯღულ ლეღვის ხეს ფოთლები გაცვენილი ჰქონდა. და კიდევ ახსოვს ნაყინი, პირველად რომ უყიდა სტუმარმა. პაპანაქება იყო და უშველებელ ხის ძირას იდგა პატარა, დამღრალი, გრძელცხვირა მენაყინე, რომელსაც კისერზე ღვედით ეკიდა ნაყინის ცისფერი ყუთი. როცა ნიკო და სტუმარი მივიდნენ, მან ღვედი ჩამოიხსნა, ყუთი ქვაფენილზე დადგა, სარქველი ახადა, იქიდან გრძელტარიანი კრიალა ჩამჩა ამოიღო, ცირკის მსახიობივით შეახტუნა და შეაბზრიალა ჰაერში, ჰოპო, დაიძახა, ყუთში ჩაკრა და მაშინვე ისევ ჰაერში შეისროლა, მერე მოუთმენელი ცნობისწადილით თვალდაჭყეტილ ნიკოს ცხვირწინ კრიალა ყალიბიდან ნაყინს თავი ამოაყოფინა, ზევიდან მრგვალი, შებრაწული ქერქი დააფარა, ქვევიდან ამოსდო და ორი თითით წკიპად მიაწოდა; ნიკომ გაუბედავად ჩამოართვა, ჯერ მენაყინეს შეხედა, მერე სიხარულით განათებულ სტუმარს და ორ თითს შუა მოქცეულ ნაყინს სუნთქვაშეკრული მოლოდინით აუსვა ენა. ახლაც ახსოვს მისი გემო და არც არასოდეს დაავიწყდება. ახლა აღარსად არის ისეთი ნაყინი, აღარც ისეთი მენაყინე და აღარც სტუმარი. მისი გარდაცვალების ამბავი ამ ხუთი თუ ექვსი წლის წინ შემთხვევით გაიგო, მაგრამ დაკრძალვაზეც ვერ ჩავიდა, რადგან უკვე აღარც დედა იყო ცოცხალი და სხვა არავინ ეგულებოდა ისეთი, ვინც ღირსეულად შეაფასებდა მის საქციელს. როგორ აუხსნას ეს თინას?

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39