მიშლისო, არადა, ახლა ახსენდება, რა საამო ელდა დაეცემოდა ხოლმე, როცა შესვენებებზე წიგნში თავჩარგულს გოგო უკნიდან მიეპარებოდა, ქაღალდის წვერით კეფაზე ან ყურის ბიბილოზე უღიტინებდა, რათა მისი ყურადღება მიეპყრო, წიგნს მოეწყვიტა და სამოქმედოდ გამოეწვია, მაგრამ ვერ გამოიწვია, ვერც მაშინ და ვერც მერე, რადგან კარგი ნიშნის მიღება და უფროსების ქება უფრო მეტს ნიშნავდა მისთვის, ვიდრე ამ გოგოსთან ყოფნის უბრალო და ნათელი სიხარული. ის ტკბილი გულისჩქროლვა კი, გოგოს სიახლოვეს რომ ეუფლებოდა ხოლმე, სიყვარული იყო და სხვა არაფერი, ნამდვილი, ბედნიერების მომნიჭებელი და გამწმენდი. სიყვარულს კი ვერ გაუფრთხილდა, რადგან უფრო მეტის მოლოდინში იყო, უფრო დიდ მსხვერპლს მოითხოვდა გოგონასაგან, ვიდრე ყურში ღიტინი და მალულად ჭვრეტა იყო, თვითონ კი გაბუსუნებული დაიარებოდა და ნაბიჯიც არ გადაუდგამს მისკენ, რათა არ დაემცირებინა თავისი ფუყე და მშიშარა სიამაყე. იმის სიამაყესა და განცდებზე კი არასოდეს უფიქრია – ამასაც ახლა ხვდება, ამ წერილის უბიწო სინათლეში! ან იქნება ეს მაშინ იყო, სტუდენტობის ჟამს, როცა ტყეში მიკარგულ ციხის ნანგრევებთან ქეიფის შემდეგ ამხანაგებს ჩამორჩნენ და გზაკვალარეულებმა ძლივს გამოაღწიეს რომელიღაც სოფელში, სადაც მატარებელი ჩერდებოდა. მთელი დღის ხეტიალით დაღლილ-დაქანცულები და ამ მოულოდნელი სიმარტოვით შეცბუნებულები მოდიოდნენ თივის ზვინებით მოფენილ სათიბში და ნიკოს ვერ გადაეწყვიტა, შეხებოდა თუ არა მის წინ ლანჩებამძვრალი ფეხსაცმლის ფრატუნით მიმავალ ტანმორჩილ გოგოს, ეთქვა თუ არა რამე ისეთი, რაც ოდნავ მაინც გამოხატავდა მის გულში წამოფრენილ გრძნობებს, არადა, ესეც სიყვარული იყო. ახლა ხედავს ამას, ამ სხვისეული სიხარულის სინათლეში – ესეც სიყვარული იყო – რადგან ყველაფერი, რასაც ხედავდა და გრძნობდა: ის გრილი საღამო, ის რუხი ღრუბლებით მოქურუშებული ცა, მშვიდი და თბილი პულსით მფეთქავი სურნელოვანი თივის ზვინები და მათ შორის მოცუხცუხე ყვითელნისკარტა შაშვები, ირგვლივ შემომდგარი გაკრეფილი ბაღების შეცბუნებული სიმსუბუქე, შორს, რკინიგზის პირას ბინდბუნდში მოციმციმე მწვანე შუქი და ყველაფერი იმიტომ იყო ასე მშობლიურად საყვარელი და ძვირფასი, რომ მასთან ერთად გოგოც ხედავდა და გრძნობდა ამ საიდუმლო თანაზიარობას, ამ წუთას მხოლოდ მათი კუთვნილი სამყაროს ბუსუსდამყრელი შეგრძნება სათიბში მდუმარედ მიმავალ თითქმის უცხო გოგოს სამუდამოდ ახლობელსა და განუყრელს ხდიდა და შემდეგ, როცა სიცივისაგან აბუზულები და ერთმანეთს მხრებით მიტყუპებულები ბაქანზე ისხდნენ და მატარებელს ელოდნენ, ნიკოს განძრევისაც ეშინოდა, რომ არ გამქრალიყო ასე უბრალოდ და ბუნებრივად მოსული სიხარული და ეგონა, რომ ასე იქნებოდნენ მუდამ, ერთმანეთზე უხმოდ მზრუნველნი და ერთიმეორისათვის ბედნიერების მიმნიჭებელნი, მაგრამ ქალაქში ჩასვლისთანავე ყველაფერი განქარდა და გადაიკარგა, რადგან არც იმ სურნელოვან სათიბში და არც უკაცრიელ ბაქანზე არაფერი არ გააკეთა ისეთი, რაც ორივეს დიდხანს, ერთმანეთის წინაშე თუნდაც მცირეოდენი მოვალეობის გრძნობით ჩაუტოვებდა გულში ამ ნათელ სიხარულსა და ბედნიერებას, არადა, საჭირო იყო ამ მოვალეობის შეგრძნება და დამახსოვრება. საჭირო იყო იმ მადლიერების სამარადისოდ შენახვა, ერთხელ ტორშერის სიფრიფანა შუქით განწმენდილ მყუდრო ოთახში რომ დაეუფლა, როცა ღვინით ოდნავ აღგზნებული ირწეოდა ნელი საცეკვაო მუსიკის ტაქტზე და ნეტარების ბურანში ჩაძირული ისმენდა ყურთან მოჩურჩულე ქალის თბილ და მომნუსხველი გულითადობით აღსავსე ხმას, ან იქნებ ეს დიდი ხნის წინანდელი განცდა კი არ არის, არამედ ახლა მის მხარზე მიყრდნობილ თინას სხეულიდან გადმოღვრილ სითბოსა და სიხარულში იმ შორეული წარსულის ილუზიით ცოცხლდება მივიწყებული გრძნობა, მაგრამ ასეა თუ ისე, ნიკოს ახსოვს რა დაბნეული და გაოცებული იყო სულ სხვა, აქამდე უცნობი ურთიერთობის აღმოჩენით, რომელიც ახალ ცხოვრებას ჰპირდებოდა.

ქალი ჩუმად, თითქმის ყურში ელაპარაკებოდა მდორე და ერთფეროვან ცხოვრებაზე, ვიღაც უცხვირპირო და მოსაწყენ ადამიანებზე, მათ რედაქციაში რომ დაბორიალებდნენ, უნიჭო და თვითკმაყოფილ მჯღაბნელებზე, ნამდვილი შემოქმედების სიხარული რომ არ განუცდიათ, პროვინციული და ტლანქი მანერების მქონე მამაკაცებზე და ჭორიკანა ქალებზე. “შენ სულ სხვა ხარ, – ეუბნებოდა იგი, – პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ კაცი მოხვედი, რომ არ ჰგავდი იმ კაცუნებს, მატლებივით რომ ფუთფუთებენ დერეფნებში, ფუჰ!.. – თვითონვე არ მოეწონა თავისი შედარება და გაიცინა. – სულ გაკვირდებოდი, რას აკეთებდი, ვისთან დადიოდი, ვის ელაპარაკებოდი, შენი მოთხრობა რომ წავიკითხე, მაშინ მთლად გავგიჟდი, ვიფიქრე, უნდა მოვასწრო და დავითრიო, ვიდრე სხვები ჩაიგდებენ ხელში და გააფუჭებენ-მეთქი. ძალიან გთხოვ არ გეწყინოს, ასე რომ გელაპარაკები, არც ცუდი რამე იფიქრო ჩემზე. იმათთვის არ მემეტები, იმიტომ რომ შენ სხვა ხარ. ჩვენ მეგობრები ვიქნებით, ხომ?” ნიკომ მორცხვად დაუქნია თავი და რაღაც ჩაიბურდღუნა მასზე და მის მოთხრობაზე და მიხვდა, რომ რაღაც ჰქონდა ისეთი, რაზეც დაყრდნობა შეიძლებოდა, რაც საიმედო ბიჯგად შეუდგებოდა მის მოფამფალებულ თავდაჯერებას. ეს მისი პირველი დაბეჭდილი მოთხრობა იყო და თუმცა არც ისეთი სიხარული არგუნა, როგორსაც მოელოდა, მაგრამ მაინც შეჰმატა მცირეოდენი ძალა და სიმტკიცე და ახლა ქალის იმ მოულოდნელმა სიტყვებმა მთლად თავბრუ დაახვია, იგრძნო, რომ აქედან იწყებოდა ის გზა, რომელსაც მისთვის ნანატრი თავისუფლება უნდა მოეტანა. შემდეგ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყოველ დღე ხვდებოდა ამ ქალს, მისი ლამაზი ოთახის მოსალბუნე სიმშვიდეში ჩათბუნებული და ჩამყუდროებული ისმენდა მის აღგზნებულ მონოლოგებს და თვითონაც თავდავიწყებული გატაცებით უყვებოდა ჯერ დაუწერელი რომანებისა და მოთხრობების სიუჟეტებს, რომლებსაც – მაშინვე იცოდა ეს, მაშინვე ხვდებოდა, რომ ამ შთაგონებული, მთელი სულისა და გულის დამცლელი საუბრებით ხელოვნურად იკლავდა თავისი მოუხელთებლობით გამღიზიანებელ შემოქმედებით ჟინს და ამით იკმაყოფილებდა მშიერი ძაღლივით

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39