დამორჩილდა და ხასად დაუჯდა – ვერა და ვერ იშორებს ამ უცნაურ, მისი ქალური სიამაყისა და პატივმოყვარეობის დამრთგუნველ გრძნობას, რომ კაცის კი არა, მისი საძულველი სიმართლის ხასაა – და, ვინ იცის, როგორ აწვალებდა ეს გრძნობა, როგორ ცდილობდა რითიმე გაექარწყლებინა იგი, რამე ისეთი მოეპოვებინა, რაც მათ ცოლქმრობას თანასწორი და უფლებამოსილი სიყვარულის სიმაღლეზე აიყვანდა. მისი ყველაფრის გამღები და ზვარაკად მიტანილი ერთგულება არ კმაროდა საამისოდ, თუმცა მაინც მატებდა მცირეოდენ ძალასა და თავდაჯერებას. რა ძნელი იყო ეს ყველაფერი, რამდენჯერ უგრძვნია, რომ ქმრის მოუგერიებელი ვნებებით დაღლილ-დაქანცული თვალთმაქცობის ზღვარზე მიჩოჩავდა და ძლივს იმაგრებდა თავს, რომ მხოლოდ თანაგრძნობის კმაყოფილებაში არ გადავარდნილიყო და უკანასკნელი იმედიც არ მოშლოდა; ეს ყველაფრის დასასრული იქნებოდა, რადგან თუ ჯერ კიდევ უძლებდა, – იმ მანუგეშებელი შეგნებით, რომ კაცის ერთადერთი თავშესაფარი იყო, უკანასკნელი საყუდარი, სადაც მას თავისი დევნილი და ყველასაგან უარყოფილი სიმართლის დაბინავება შეეძლო, ისიც იცოდა, რომ სწორედ ამიტომ უყვარდა ქმარს, უყვარდა რაღაც მსასოოვარი, მადლიერი და იმედიანი სიყვარულით და ამით იმხნევებდა თავს, ეს უქარვებდა იმ მტანჯველ გრძნობას და ამიტომ აღარ ცდილობდა, რომ ძირისძირამდე ჩაჰყოლოდა საკუთარ გულს და სიმართლე ეღიარებინა. ამას ახლა ხვდება, როცა ქმრის მოულოდნელმა გაუჩინარებამ დროებითი თავისუფლება მოუტანა და იმის საშუალებაც მისცა, რომ უფრო დაკვირვებით, მუდამ ნანატრი გულწრფელობით გაეჩხრიკა თავისი ცხოვრება. ვინ იცის ეს? ვის შეუძლია იმის წარმოდგენა, თუ რა ძნელი იყო ამ უმოწყალო ძალმომრეობისა და უზურპატორული სიყვარულის ატანა? რა მოწამებრივი თავდადებით ებრძოდა ჟამიჟამ მოძალებულ ეჭვებს, მაგრამ ხანდახან მაინც შეეპარებოდა გულის მომკვლელი ფიქრები, რომ დრო მიდის, გაჩქარებით მიედინება და თან მიაქვს საბედისწეროდ მთავარი და მნიშვნელოვანი რამ, რაც ჯერ კიდევ არ განუცდია, არ გაუსინჯავს, არ უგემნია მისი მაცდური სიამე და სილამაზე. რა არის ეს მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც მუდამ შემპარავი, თავის თილისმურობაში დაჯერებული ხმით ეძახის ამ უძრავად ჩაკირული ბედნიერების მიღმა? რა ფერისა უნდა იყოს, როგორი სუნი და გემო უნდა ჰქონდეს, რომ ირწმუნოს მისი ცხადლივი არსებობა? ნუთუ არ შეიძლება, რომ აქაც იყოს, ამ უსახურ პროვინციულ გარემოში, რომელიც არც სოფელს ჰგავს და არც ქალაქს, რაღაც შუალედური ამფიბიური ცხოვრებით ცხოვრობს და ისე უამურად გამოუყვია თავი საკუთარი არასრულფასოვნებისა და სიმახინჯის შეგნებიდან, როგორც კუს თავისი ბაკიდან ან ლოკოკინას ნიჟარიდან, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაუღებელი წვიმებით ჩაჟალტამებული ნაცრისფერი სივრცე ყოველი მხრიდან ბლანტი ბურუსის ფარდებით იხურება და მთელ სამყაროს უიმედოდ მოწყვეტილ მიწაზე მქისე, გულის შემაწუხებელი სიჩუმე და ერთფეროვნება ისადგურებს? მერეხებში გაგიჟებული ზღვის მძვინვარე ღლოფინიც ვეღარ ერევა ამ ჩადუღაბებულ სიჩუმეს და მაშინ მწარე ფიქრებს გადევნებული გონება სინანულით იხსენებს დიდი ქალაქის აწრიალებულ ქუჩებს, სადაც ისე მითქერავ ერთმანეთში ალუფხულ და ერთ მრავალსახოვან მასად შერწყმულ ადამიანურ ვნებებსა და საზრუნავებს, როგორც სანაპიროს ქვიშას ზაფხულის გამთანგავ პაპანაქებაში და ისე თავისუფალი ხარ ყოველგვარი თანაგრძნობისაგან და ისეთი საამოა ეს თავისუფლება და ისეთი ლაღი და მოალერსე გულგრილობა ლივლივებს შენში, რომ სათნო და მშობლიური სიყვარულით გიყვარს მთელი ეს უცხო და უპიროვნო მასა და ამ ნარკოზული სიამით გაბრუებული და საზოგადოდ ბედნიერი დაფარფატებ ხალხით ამოშუშებული ქალაქის უდაბურ სიცარიელეში და მისი მილიონრეგისტრიანი ხმაურის მუსიკა ისეთი მარადიული წონასწორობისა და სიმშვიდის მომგვრელი განცდით გიპყრობს, როგორც ზღვის შეუმჩნეველი და ძლევამოსილი შრიალი შემოდგომის წყნარ ღამეებში. ნუთუ ამ მარადიულ ხმაურში, ამ საყოველთაო ზამბარით მომართულ მოძრაობაში, ამ უსახურ მრავალფეროვნებაში უნდა იყო შერთული და შეგლესილი, რომ უფრო მძაფრად შეიგრძნო და დააფასო ის მცირეოდენი საკუთრება, რასაც მოგიციცქნის ბედი შენი საყოველთაო კმაყოფილების ზოდიდან. რა ძნელი ყოფილა ამ მოციცქნილი კმაყოფილებით ცხოვრება აქ, ამ ქვეყანას მოწყვეტილ უდაბურ ქვიშრობში, სადაც ყოველი ადამიანი, ყოველი ხე და ქვიშის მარცვალი საკუთარი დაკანონებული ვნებებით ცხოვრობს და ირგვლივ არაფერი არ არის ისეთი, რაც დროებით მაინც გაგიტყუებდა ამ სამადლოდ წამოგდებული კეთილდღეობის დამფრთხალი სიმშვიდიდან, იმის საშუალებას მოგცემდა, რომ მცირე ხნით მაინც გაპარვოდი შენს საძულველ ბედნიერებას და სულ სხვა თილისმით მაცდუნებელი ყოფაც გაგესინჯა, დრო გაგეყვანა და აღარ გეფიქრა იმაზე, თუ რა მოუმზადებელი და სუსტი აღმოჩნდი იმ ცხოვრებისათვის, რომელზეც ამდენი გიოცნებია, იმ სიყვარულისათვის, რომელსაც მთელი არსებით ელტვოდი და დაეძებდი. რატომ გაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს მართლაც უდაბურ კუნძულზე ცხოვრობ და ყველაფერი, რასაც შენი ჰქვია, ამ კუნძულის ფარგლებითა და შესაძლებლობებითაა დასაზღვრული და ამას იქით გასაქანი არ გაქვს და არც გჭირდება, რადგან ყველაფერი აუცილებელი უკვე მოგეპოვება და ყველაფერი შენია და არავინ გეცილება ამ იძულებულ კმაყოფილებას და გიყვარს ქმარი, რადგან სხვა გზა არ გაქვს და გიყვარს შვილი და ბედნიერი ხარ მისი არსებობით, რადგან არც აქ გაქვს სხვა გზა და საშველი და გიყვარს ყველაფერი, რაც ირგვლივ არის – ცა, მიწა, წყალი, ხეები, ბალახი, ცხოველები, რომლებიც საოცრად ჰგვანან ადამიანებს, ისე საოცრად, რომ ზოგჯერ ადამიანებიც კი გგონია და როცა მათ უყურებ, სინანულითა და შემაცბუნებელი სიამით გახსენდება პატარ-პატარა ადამიანური სიხარული: კილომეტრიან რიგში მოპოვებული კინოთეატრის ბილეთი, უცნობი მამაკაცის დაჟინებული მზერა ხალხით ამოშუშებულ ტროლეიბუსში, გადამყიდველთან ნაშოვნი მოდური კაბა და შეგნება იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდად და მომხიბვლელად გამოიყურები და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ ათასგვარი შემთხვევითობითა და მოულოდნელობით აღსავსე ცხოვრებაში. ნუთუ ამ საყოველთაო ვნებებს თავშეფარებული და ჩასაფრებული მოლოდინია მთავარი და სხვა ყველაფერი, რასაც თავისი სახე აქვს, რაც უკვე მოგეპოვება და შენი საკუთრება ჰქვია, მხოლოდ და მხოლოდ მძიმე და გაუძლისი ტვირთია, თვით ეს მსასოოვარი, მტანჯველი, დამმონებელი სიყვარული, ასეთ ნანატრ, ქალური ბედნიერების მომნიჭებელ სიმდიდრედ რომ ჩასახლებულა შენს სულსა და ხორცში და გაფრთხობს თავისი მოდარაჯე, ცერზე შემდგარი სიმშვიდით და თვინიერებით, თითქოს ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობა კი არ არის, არამედ ავბედითად გატრუნული ნადირი გყავს მიხუტებული მკერდზე, გულისხეთქვით ეფერები, ეალერსები, უსაზმნო სურვილით გავსებს მისი მთრთოლვარე სხეულის ველური სითბო, ენერგია და სული და გეშინია ხელის გაშვება, რომ უცებ არ გეცეს და ნაფლეთებად არ დაგფლითოს და მისი საეჭვო ღრენაც ნეტარი შიშის ჭავლებად იღვრება შენში – ეს თვითმცლელი მანქანის ღმუილი ისმის სადღაც, შორს, სულგანაბული მოლოდინით დაძაგრულ ღამეში, თანდათან ახლოვდება, ხან სულ ახლოს მოდის, უეცრად ხმაგაკმენდილ სანიავო კბოდეს უკან, ხანაც მთლად მიილევა; ზეთოვანი წვიმის გაზინთულ წთოლვას ერწყმის და იკარგება, რომ მერე უცებ, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, უკანასკნელი ძალ-ღონით ახროტინდეს მშენებელთა ბარაკების გასწვრივ ამომავალ აღმართზე და წუთის შემდეგ ეზოს ირგვლივ შემოჯარულ კვიპაროსების დაფეთებულ ვარჯებში იხლართება შუქფარების გააფთრებული ჭავლები, ეჭვით, ცნობისწადილით, სულწასული მოუთმენლობით შეახტება ბაღ-ბოსტანს, ბეღელს,მარანს. ათასგვარი ხარახურით გატენილ ფარდულს;

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39