გამოცდილებისა და წარმოდგენებისაგან გაუცხოებული ფორმებით გებრძვის და არ გიკარებს – ნახატზე კი არა, იქნებ შენს ირგვლივ მოფუთფუთე რეალურ ცხოვრებაში, სადაც ნუთუ მართლა მხოლოდ სურვილი და დაკვირვებაა საჭირო, რომ შორიახლო დაფიქრებით მიმავალ უცნობ ქალში თანაგრძნობით ამოიცნო შვილის სიკვდილით დამწუხრებული მზესუმზირას გამყიდველი? – ჰო, იყო მასში ეს გამღიზიანებელი, თავისი უბრალოებით დამამცირებელი და ლამის დამცინავი სიმართლე, რაც ასე მაგიურად მოქმედებდა შენზე და კინაღამ ხორციელი სურვილით გიპყრობდა, სწორედ ხორციელი სურვილით, რაც უცნაურია ახლა ამის აღიარება, მაგრამ სწორედ ხორციელით, თითქოს მხოლოდ ყოვლისშემძლე ქალურ ვნებას გაენდობოდა მისი სულის ნაფიცი საიდუმლოებანი, როგორ იყავი გაოცებული ამ უჩვეულო სურვილით, როგორ აეჭვებდი და აცბუნებდი შენს დას ამ უცაბედი და უცნაური გარდასახვით, როცა გვიან ღამით შინ დაბრუნებული ვეღარ მალავდი შენს ნეტარ სიხარულსა და მთრთოლვარე მოლოდინს და შემდეგ, შუაღამისას, როცა ოთახის მყუდროებას მარტო საკუთარი საზრუნავებითა და დღიური ვნებებით დაღლილი დის სუნთქვა არღვევდა, საწოლში განაბული და ძილგამკრთალი გონებით და ფიქრებით კი არა, ხელით ეხებოდი მის ხმას, მის გამომეტყველებას, მის ნერვულ ჟესტებსა და უჩვეულო აზრებს, ლოგინში იჩვევდი, იხუტებდი და ეფერებოდი და შენ თვითონვე გაკრთობდა ამ განცდების ავხორცული და დანაშაულებრივი სიტკბოება. ახლაც ვერ აგიხსნია, რა იყო ეს, სიყვარულით თუ შენი გაფაციცებული ქალური არსების უსაზმნო ლტოლვა სიყვარულისაკენ, გაღვიძებული ნაღდი ვნება, თუ ამ ვნების დაუოკებული წყურვილი, ან იქნებ სხვა რომ იყო, რისი ახსნაც მაშინ არ შეგეძლო, მაგრამ ახლა თითქოს სწვდები: რაღაც დასაბამიერი სურვილის გამომხმობი მუსიკა, შენს გაჩენამდელ ოცნებებში მფეთქავი ბგერების მოულოდნელი აჟღერება, რომელიც ერთადერთი, მთელი არსებით ნაგრძნობი და ჯერ მოუხელთებელი სიმართლით განმარტავს სიცოცხლის მარადიულ აზრს ისევე, როგორც ორკესტრის მომლოდინე და აღმსარებლური ჭეშმარიტების მწყურვალ ლოცვის პასუხად გახმიანებული ფორტეპიანოს პირველი აკორდები. ამ ერთადერთი პასუხის, ამ გარდაუვალი პირველი აკორდების აღმგზნები ვიბრაცია ედებოდა შენს სხეულს, როცა მასზე ფიქრობდი და ოცნებობდი, კი არ ხედავდი – გესმოდა, კი არ ეხებოდი – მისი ტალღების რხევა გეფინებოდა, კი არ არსებობდა – მარადიულად გენატრებოდა, მაშინაც კი, როცა შენს წინ იჯდა და გატაცებული გელაპარაკებოდა, თითქოს ეს ხილული და ხორცშესხმული კაცი თვითონ კი არ იყო, არამედ მისი არსებობის ხსოვნა, მისი თვისებების მქონე რამ, რაც ისეთი მადლიერი და მონატრებული სიყვარულით გაგონებს სადღაც მყოფ ძვირფას ადამიანს, თითქოს ხელში მისი ნაცნობი და მშობლიური სუნით გაჟღენთილი სამოსი გეჭიროს. უცნაურია, მაგრამ ეს სუნი უფრო სანუკვარი იყო, ვიდრე ამ სუნის მქონე ადამიანი, მისი ყოფნის შესაძლებლობა უფრო გაღელვებდა, ვიდრე ის, რომ აგერ, შენს თვალწინ ხედავდი ამ ადამიანს, რადგან გეშინოდა და არ გინდოდა მისი ნამდვილად არსებობა, თითქოს წინასწარვე გრძნობდი, რაც უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც სულ მალე, ორიოდე თვის შემდეგ, მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით და ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ჯადოსნურ სიზმრიდან უამურ ცხადში გადასვლას, რადგან ის, რაც მაშინ გაიგე, სულ სხვა სინამდვილიდან იყო შემოჭრილი და ერთი ხელის მოსმით ანადგურებდა შენს მონუსხულ ბედნიერებას. აქამდე აზრადაც არ მოგსვლია, რომ ყველაფერი, რასაც ის ამბობდა და ფიქრობდა, რასაც გასწავლიდა ან განიშნებდა, მხოლოდ ყველასაგან განსხვავებული და თავისი თვალის ამხელი სიმართლით საინტერესო უწყინარი აზროვნება კი არ იყო, არამედ მისი ბუნების სისხლხორცეული თვისება, მისი ცხოვრების წესი და კანონი, რაც ბოლოს და ბოლოს პრაქტიკულ მოქმედებაშიც გამჟღავნდებოდა და იმ გაუგებარ დანაშაულამდე მიიყვანდა. ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ მას შეეძლო ჩაედინა რამე ისეთი, რაც არ ეგუებოდა საყოველთაოდ მიჩნეულ ნორმებს, რამე დაეშავებინა, რაღაც წაეხდინა, თავისი საქციელით და ამისთვის დასჯილიყო, შენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რატომ ქნა ეს, მაშინ არც გიფიქრია მისი მოქმედების მიზეზებზე, მხოლოდ სადღაც გულის გარეთ გრძნობდი, ჩაუკვირვებლად და განუცდელად იცოდი, რომ იყო ამ ნაბიჯში თითქმის აუცილებელი და თავისთავადი სიმართლე, რომელიც ვინმეს უნდა გაებედნა, მაგრამ არა მას, რაღაც უნდა ამხედრებოდა ამ უეჭველ ბოროტებას, რაღაც ბუნებაში არსებული და გარდაუვალი, მაგრამ არა ის, რადგან, გინდა თუ არ გინდა, მაინც დანაშაული იყო ეს მოქმედება, არ იცი რატომ, მაგრამ იყო დანაშაული და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს! – მთავარი ის იყო, რომ ამ ამბავმა უეცრად ცივი წყალი გადაასხა შენს მხურვალე გრძნობებს, რადგან იმას იქით, რაც ასე გხიბლავდა მასში და რასაც მუდამ უშურველად გიზიარებდა. თურმე სულ სხვა განზრახვა იმალებოდა, შეურაცხმყოფლად საიდუმლო და დამამცირებელი შეთქმულება შენი მიამიტური და მღელვარე ბედნიერების წინაააღმდეგ და ეს თითქმის ვერაგულ ღალატს ჰგავდა. ახლა აღარც გახსოვს, როგორ გაატარე ის ორი წელიწადი, რადგან ეს იყო ყოვლად უაზრო და ცარიელი დრო, რომლის განმავლობაში სულ ორჯერ თუ გაგახსენდა ის, ვინც თავისი მძიმე დანაშაულის სასჯელს იხდიდა, გაგახსენდა რაღაც გულამდე ჩაუღწეველი ზერელე სინანულით და შემდეგ, მომდევნო განშორებების დროს, ხშირად გინატრია ეს პირველი თავისუფლება, მაგრამ ვერასოდეს ვერ მიაღწიე მას, თურმე ვერც მაშინ, რადგან, როცა ორი წლის შემდეგ მოულოდნელად გამოგეცხადა და პატიების მუდარით მუხლებში ჩაგივარდა – დაუჯერებელი იყო ეს – ადრინდელი შიში და სასოება კი არა, საოცარი სინდისის ქენჯნა და სულისა და გულის განმწმენდი მფარველური სიბრალული დაგეუფლა და პირველად დაფიქრდა იმაზე, თუ რა სატანჯველი უნდა ენახა იმ ხნის განმავლობაში, როცა შენ უზრუნველ დროსტარებაში იყავი და ბოროტი,

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39