იჯდა შინ და დაპატიმრებას ელოდა. ერთი კვირის შემდეგ წაიყვანეს”. და ნიკო ცდილობდა წარმოედგინა, თუ რას ფიქრობდა ბრალდებულის სკამზე დამჯდარი მკვლელი: – რა იცოდით, რომ გვირაბი ჩამოინგრეოდა? – ჰკითხეს მას; ვიცოდი – უპასუხა მან, – გქონდათ რაიმე კონკრეტული საფუძველი? ვიცოდი, რომ ჩამოინგრეოდა, – უპასუხა მან;

– რატომ არ თქვა? – ჰკითხა ნიკომ თინას.

– რა? – გზისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე შეეხმიანა ქალი.

– სიმართლე რატომ არ თქვა…

– რა სიმართლე?! – გაოცებით ჰკითხა ქალმა, რადგან თავის ფიქრებში იყო წასული და უცებ აზრზე ვერ მოვიდა, თუ რას გულისხმობდა კაცი. – ვინ არ თქვა?

ნიკო მიხვდა, რომ მართლა უცნაურად გამოუვიდა, რადგან ამდენ ხანს არც უხსენებიათ კაცი, ეს პირველი შეკითხვა იყო, უშუალოდ მას რომ გულისხმობდა და იმით გაღიზიანებულმა, რომ ასე ბრიყვულად გაუმჟღავნა ქალს თავისი ფიქრების საგანი, გახსნილი კარტივით გადმოუყარა:

– იმ წყეულ გვირაბში რატომ შევიდა! ვერ მიხვდი, რასაც გეკითხები?

– რას მიჯავრდები! – იწყინა ქალმა. – გულთმისანი ხომ არ ვარ… – ვითომ საყვედურით კი თქვა ეს, მაგრამ მაინც შეეტყო, რომ ესიამოვნა კიდეც ნიკოს გაღიზიანება, თითქოს მარტო მის ქმარს კი არ გულისხმობდა ეს შეკითხვა, არამედ მასაც ეხებოდა, მისი ქალური საიდუმლოს ამოსაცნობად იყო გამიზნული და რაღაცით ეჭვიანონობასაც კი ჰგავდა. ისეთ ეჭვიანობას, ყველა ქალს რომ ეთნევა და მართალიც იყო, რადგან თინა ყოველთვის, ქმარზე საუბრისას, თითქოს რაღაცას ახარბებდა ნიკოს, ნიშნს უგებდა, სულ სხვა, მხოლოდ მისთვის ნაცნობ და გასაგებ სამყაროსთან ყოფნის დემონსტრირებით თრგუნავდა, ყოველ შემთხვევაში, ხშირად ცდილობდა ამას. თითქოს ის, რაც ქმრის ხასიათს შეადგენდა, მისი საუნჯეც იყო, მისი ქალური ბუნების საიდუმლო სიმდიდრე; ის, რაც ქმრის გვერდით ყოფნისას საკუთარი სისუსტისა და არასრულფასოვნების შეგნებით ამცრობდა და აწუხებდა, ახლა მის უპირატესობად ქცეულიყო, ისიც კი, რომ ქმრის საქციელში ბევრი რამ ვერ გაეგო ან არ მოსწონდა, ახლა მის ქალურ ღირსებებს ემატებოდა და ალამაზებდა, როგორც ძვირფასი სამკაული და ნიკო ხან შეწყნარებითა და თანაგრძნობით აღიქვამდა თინას ასეთ განცდებსა და განწყობილებებს, ხან კი თავშეუკავებლად ღიზიანდებოდა ხოლმე და ეჭვიანობას იწყებდა, რადგან, როგორადაც არ უნდა ყოფილიყო, გრძნობდა, რომ თინა მართლა ფლობდა მისი მამაკაცური ღირსებისა და თავდაჯერების შემაცბუნებელ საიდუმლო განძს, რომელსაც თვითონ მაინცდამაინც ვერაფერს ვერ უპირისპირებდა. ამიტომ მიახალა ასე გაგულისებით ის სიტყვები და “რას მიჯავრდები! – იწყინა ქალმა. – გულთმისანი ხომ არ ვარ…” – და მცირე დუმილის შემდეგ, როცა კმაყოფილებით იგრძნო, რომ ნიკომ ზუსტად შეაფასა მისი ტონი, კიდევ უფრო გამღიზიანებელი გაურკვევლობით დაუმატა:

– მაინც ვერავინ გაიგებდა…

მართალია, ვერც ვერავინ გაიგებდა და ვერც თვითონ შეძლებდა ამის ახსნას, ნიკომ იცის ეს – ვერც თვითონ შეძლებდა. იმიტომ არ შესულა, რომ თავისი სიმართლე დაემტკიცებინა – ეს არაფერს ნიშნავს. არც იმიტომ, რომ სხვის გადასარჩენად გასწირა თავი – ვერც ეს ხსნის რამეს, და არც იმიტომ, რომ ყველასათვის ეჩვენებინა, თუ რა ბოროტება ხდებოდა მათ თვალწინ და რა ლაჩრები და მოღალატეები იყვნენ ისინი, ვისაც არ უნდოდა ამ ბოროტების დანახვა და გაგონება – არც ესაა მთავარი, და არც ის, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო და რომ ასეთი იყო მისი ცხოვრების წესი და კანონი – არა, არც ეს, ამის უფლება არავის არ აქვს, ეს მთლად აკრძალული ილეთია! კი, ბატონო სხვამ, უცნობმა, სხვა ხალხში, სხვა გარემოებაში, მაგრამ აქ, ჩვენ თვალწინ, ჩვენ გვერდით მყოფმა, ჩვენივე ხატმა და ასლმა? გვაპატიეთ და, ამას რაღაც სხვა სუნი უდის, სხვა ეჭვებს იწვევს, მთლად მასე არაა საქმე, მას რომ ჰგონია! ეს თავხედობაა, ხულიგნობა, ხალხის აბუჩად აგდება: განა ჩვენ არ ვიცით, რომ საჭიროა სხვისთვის თავის განწირვა, მაგრამ არავინ არ ვარდება ცეცხლში პირველი შემთხვევისთანავე; არავინ არ მიძვრება ჩამოსანგრევად გამზადებულ გვირაბში იმის დასამტკიცებლად, რომ გვირაბი მართლა ჩამოინგრევა. არავინ არ უშვებს მკერდს სხვისთვის გამიზნულ ტყვიას იმის ნათელსაყოფად, რომ ტყვიას კაცის მოკვლა შეუძლია; პირმორღვეული არ გაიძახის ყველასათვის ცნობილ სიმართლეს იმის საჩვენებლად, რომ ადამიანები ცუდად ცხოვრობენ. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ ამ ბანალური ჭეშმარიტებების მტკიცებით სხვებს სიმშვიდე დაუფრთხოს, ააფორიაქოს, დააეჭვოს თავის სრულყოფილებასა და ღირსებებში. არავის არ სჭირდება ეს იმის გარდა, ვინც ამას სჩადის და ყველამ იცის ეს, იმის გარდა, ვინც ამას სჩადის და მისი სიმართლეც ისაა, რომ არაფერი იცის, არც ის, თუ როგორ იბადება, იბადება კი არა, დაუბადებლად ცოცხლობს – როგორც მთვარის ცივ ნათელში სითბო – დაუბადებლად ცოცხლობს და შეუმეცნებლად არსებობს ყველაფრის ამხსნელი გრძნობა იმ უბრალო და გასაკვირველად ყოველდღიურ ფრაზებში, ერთხელ თინას რომ მოსწერა და რომელთა წაკითხვაზეც ნიკოს ტანში აბურძგნა – დაუჯერებელი იყო ეს: სხვისი ხელით ნაწერ საკუთარ სიტყვებს კითხულობდა და ეს ხელიც მეხის გავარდნასავით ეცნო უცებ, იმ სიტყვებს, დიდი ხნის წინათ საიდანღაც რომ გადმოიწერა და ისე შეისისხლხორცა და შეითვისა, რომ ბოლოს საკუთარიც კი ეგონა, ან იქნებ მართლა მისი იყო, მაგრამ საიდან გაჩნდა პატიმრის წერილში ზუსტად ისე, როგორც მას ახსოვს?! “ყოველთვის ბევრს კითხულობდა, – უთხრა თინამ მაშინ, – თუ დროს იპოვიდა, ყველაფერს გამოეთიშებოდა და წიგნს ჩაუჯდებოდა. ასეთ ადგილებს მეც მიკითხავდა ხოლმე. ეს?.. ეს არ ვიცი… ეს ალბათ სადმე იქ იპოვა. მასეთებით სავსე წერილები, აი ნახე…”

“ყოველ სიკვდილს თავისი სიმართლე აქვს. ჩვენ გვინახავს, როგორ ეგებებოდნენ ადამიანები სიკვდილს ერთი გოჯი მიწის დასაცავად, გვინახავს, როგორ კვდებოდა მეგობრის გადასარჩენად თავგანწირული ჯარისკაცი; იყო ამ სიკვდილებში შემაძრწუნებელიც თავისი უაზრობით და აღმაფრთოვანებელიც თავისი სიდიადით, მაგრამ ეს იყო ომი და ყოველი სიკვდილი, თვით ყველაზე შემთხვევითი და ბრმაც კი, იყო სიკვდილი სიცოცხლისათვის. ყოველ სიკვდილს თავისი მიზანი აქვს. როცა ხედავ, როგორ ეცემა შენს წინ შენი სისხლი და ხორცი, როცა ხედავ, როგორ ეკიდება ცეცხლი შენს მიწაზე ნაშენებ სახლს, შენს ხეს, შენს სოფელს, აღარ გახსოვს აღარაფერი – შენს წინ მხოლოდ სიკვდილის მიზანია განათებული და გამოკვეთილი და არ არის ძალა, რომელიც თუნდ ერთი წამით გაგახსენებს შიშს, სიფრთხილეს”…

ნიკომ რამდენჯერმე წაიკითხა სასკოლო რვეულის ფურცელზე ნაწერი სიტყვები, მაგრამ მაშინ ვერა და ვერ მიატანა გონება მათში გამოხატულ აზრს – ყველაფერი იმდენად უბრალო იყო და ისე სწორად და იოლად მისდევდა სიტყვა სიტყვას, რომ გულისყური ფეხს ვერ იკიდებდა მათ გლუვ და კრიალა ზედაპირზე და ადგილიდან ვერ იძვროდა. ნიკო ცდილობდა, როგორმე გაეხსენებინა ან ევარაუდა მაინც ის განწყობილება, რამაც ოდესღაც ეს სიტყვები დააწერინა, მაგრამ იმასაც კი ვერ იხსენებდა, მართლა მისი ნაწერი იყო თუ სხვისი და მხოლოდ პატიმრის წერილში დასმული წინწკლები ანიშნებდა, რომ ალბათ მასაც რომელიმე წიგნიდან ექნებოდა ამოწერილი, მაგრამ ახლა ეს არ იყო მთავარი; მთავარი ის იყო, რომ ახლა მთელი მისი არსება უცებ დაიძრა ამ აზრის თვალისმომჭრელი სინათლისაკენ, ისეთი თავზეხელაღებული ქროლვით და დაუმორჩილებელი სისწრაფის ფიზიკური შეგრძნებით გაფრინდა, რომ ნიკო მთელი ძალით მოეჭიდა ავტომობილის საჭეს და ასე ნერვებად ქცეული და თვალყურგაფაციცებული შევარდა წარსულიდან გამოდევნებული კიდევ ერთი განცდის დასანთქმელად პირდაბჩენილ სიბნელეში, რომელიც

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39