ხელის გულზე დაიწყო და ნიკოს მიაწოდა – სიყვარულით, სასოებით, მზრუნველობით. “როგორც იმას” – გაიფიქრა ნიკომ. რადგან ქალის მრავლისმეტყველი დუმილი აქ კი არა, სადღაც ძირს, მხოლოდ მის კუთვნილი ცხოვრების სიღრმეში იყო ჩაწოლილი და ეს მზრუნველი ყურადღება და სიყვარულიც იმ საიდუმლო სიღრმეებში შენახულ არსებას უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე ნიკოს და იმანაც თანაგრძნობით, ქალის მთელ განწყობილებასთან შეთანხმებული შეთქმულებრივი განდობით გაუწოდა ხელი, ფრთხილად, თითქოს იმ არსების დაფრთხობას ერიდებაო, აიღო ერთი ნატეხი და ერთხანს ასე გაფაციცებული და შეჩქვიფებული იჯდა, რადგან ისევ – მერამდენედ ემართება უკვე ეს – ისევ დაეუფლა ყოვლად უცნარი შეგრძნება: ვიღაც იჯდა მასთან ერთად მის ადგილზე, არა, მის ადგილზე კი არა, მასშივე იყო შეთქვეფილი და შესახლებული, და არც ასე, არამედ როგორღაც გაუგებრად, თითქოს მისი მეორე, შექცევადი მხარე ამოდიოდა სამზეოზე ზუსტად იმ ადგილას, მას თვითონ რომ ეჭირა სივრცეში და ორივენი ერთდროულად მჟღავნდებოდნენ ამ სივრცეში, ერთდროულად არამდგრადნი და წარმავალნი, როგორც ნეგატივში პოზიტივის ამოსვლა, ამოფენა, ამოსახიერება, და ნიკოს მოეჩვენა, რომ ქალი სწორედ ამ ჯადოსნურ პოზიტივის იცხადებდა ახლა მისი სხეულის უსახურ და ნეგატიურ კონტურებში და თვითონაც უცნაურ სიამეს განიცდიდა ამ გამოყოფისა და გამოჭუპრების ხორციელი შეგრძნებისაგან, თითქოს უსასრულო გვირაბის ბნელი წიაღიდან გამოდიოდა, საბედისწერო შიშისა და ნეტარი მოლოდინის კედლებში მოიბრძოდა გარეთ მარადიულ სინათლეში გასაცხადებლად. ჩემი დრო გრძელი და ბნელი გვირაბია და მე… თქვენ რა ბრძანდებით ბრალდებულის?… ვითომ?… კარგად დაფიქრდით, იქნებ იცნობდით? არ მინახავს, არა, ჩემს დღეში არ მინახავს… და მაშინვე, თვითონაც არ იცოდა რატომ, იგრძნო, რომ ტყუოდა. ისინი ხომ იცნობდნენ ერთმანეთს, მთელი ორი წელიწადი ერთად ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ ნაქირავებ ოთახებში და ეს იყო დიდი ხნის წინათ, ისე დიდი ხნის, რომ კინაღამ დავიწყებია და კინაღამ ვერ მიხვდა. რომ ის, ვის ამბავსაც თინა ასეთი გატაცებით და სულის მწეწავი განცდებით უყვებოდა, მისი სიყრმის მეგობარი იყო, მისი ახალგაზრდული წლების ბედისწერა, მისი საძულველი სიამე და ნეტარება, რომელიც აი, ისევ მოუვლინა ბედმა თავისი საშინელი მუქარის აღსასრულებლად! არა, მაინც მიხვდა მაშინ, იმ საღამოს, როცა ქალაქიდან დაბრუნებული პირდაპირ თინასთან მივიდა, რათა თავისი პირველი წარმატება ეხარებინა, ორი ნაბიჯით ავარდა კიბეზე, დაუკაკუნებლად შეაღო კარი და სანამ ათასჯერ დალაგებულ და აწონილ სიტყვებს წარმოთქვამდა, შენიშნა, როგორ შეცბა თინა მის დანახვაზე, საჩქაროდ დაჭმუჭნა რაღაც ქაღალდი და ხალათის ჯიბეში ჩაიჩურთა; მაგრამ ეს არ იყო მთავარი, თუმცა პირველად მოხდა, რომ ქალმა ქმრის წერილი დაუმალა, ეს მაინც არ იყო მთავარი: როგორც კი წერილი დამალა და კარისაკენ მობრუნდა, ნიკომ მაშინვე გულისხეთქვით დაინახა ის, რასაც ამ ბოლო ხანებში ყოველ წუთს ელოდა: ქალს ეშინოდა მისი სიტყვების, ეშინოდა იმ ამბის, რაც ახლა უნდა შეეტყო და უკვე ვეღარ ახერხებდა ამ შიშის დამალვას – იგი ჩანდა ყველაფერში, მთელ მის გარეგნობასა და გამომეტყველებაში – ნერვულად შეძგიბული და კარისაკენ ოდნავ თავმიბრუნებული იდგა, რომ დაენახა და ვერც დაენახა ნიკოს სახე, წინასწარ ამოეცნო და ვერც ამოეცნო მისი სათქმელი, ქანდაკებასავით აღმართული და გაქვავებული იყო, რათა წამის შემდეგ, იმის მიუხედავად, რასაც მოისმენდა, მოშვებულიყო, მოფუშულიყო, განთავისუფლებულიყო ამ ნერვული შოკისაგან და წინასწარ შერიგებულის სიკერპით დამორჩილებოდა ბედის განაჩენს. ყველაფერი ეს თვალის დახამხამებაში მოხდა, კარის გაღებიდან ქალის შემობრუნებამდე, მაგრამ ახლა, როცა ამ დაუვიწყარი მოვლენებით დაყურსული ყოველი დღე და წუთი გამადიდებელ შუშაში მოჩანს, ნიკოს მისხალ-მისხალ ახსენდება ქალის თითოეული ნაკვთის შეტოკება და ეჩვენება, რომ საოცარი აღმოჩენებით სავსე დრო გავიდა მისი ოჯახში შესვლიდან იმ წუთამდე, როცა თავისი შეცბუნების დასაფარავი ნაძალადევი გულითადობით ჰკითხა ქალს: “მისი წერილია?” – მან კი ოდნავ გაუქნია თავი და ძლივგასაგონად წაიჩურჩულა: “ძველია, ციხიდან გამოგზავნილი” და თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, სახე მოარიდა, დაბნეულად აწრიალდა, სარკეს ჩაუარა და გავლით, წამიერად წაჰკრა თვალი თავის გამომეტყველებას, ვითომ თმა შეისწორა, სინამდვილეში კი ის შეამოწმა, ძალიან თუ დაეტყო სახეზე მოღალატე სიწითლე და შეცბუნება და მიხვდებოდა თუ არა კაცი მისი აღელ-ვების მიზეზს. თვითონაც არ იცოდა, რამ დაამალვინა ქმრის წერილი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა – მთავარი ის იყო, რომ წერილი დამალა და ამით უნებლიედ გაყიდა თავი, უსაზმნოდ ანიშნა ნიკოს, რომ მათ ურთიერთობაში რაღაც გაჩენილიყო ისეთი, რაც ქმრის წერილთან მარტოდმარტო ყოფნასაც კი ორგულობად და დანაშაულად უთვლიდა, ლამის ღალატის შეგრძნებით აცბუნებდა, ყოველ შემთხვევაში, ეს ინსტინქტური, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი გრძნობით ნაკარნახევი საქციელი კაცს სწორედ ამ აზრით უნდა აღექვა და აღიქვა კიდეც და ქალიც მაშინვე მიხვდა ამას, მაგრამ ვერაფერი მოეფიქრებინა თავისი საშინელი შეცდომის გამოსასწორებლად და მხოლოდ ნიკოს სულგრძელობის იმედად დარჩენილი, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ელოდა მის პირველ რეაქციას. კაცი კი დუმდა და ამ გრძნეული წუთის ამოხსნილი საიდუმლოებით ტკბებოდა; უკვე აღარც მან იცოდა, რა უნდა ექნა, კიდევ ეთქვა თუ არა რაიმე იმ წერილზე, ადრინდელად ეთხოვა წამიკითხეო, თუ გაჩუმებულიყო, რადგან ამაზე იყო ახლა დამოკიდებული მათი შემდგომი ურთიერთობის შინაარსი: დუმილი პირის შეკვრას, შეთქმულებას, გამოწვევის მიღებას ნიშნავდა, დუმილი იმის ნიშანი იყო, რომ სხვაგვარ მოქმედებას იწყებდა მათ შორის ჩამდგარი ადამიანის მარად თანამდევი აჩრდილი, აჩრდილი კი არა, მისი ყველგან და ყველაფერში მსუფევი სიცოცხლე, რომელიც ამიერიდან მათ თითოეულ ნაბიჯს უთვალთვალებდა, ზომავდა, სამართლიანი სასჯელით ემუქრებოდა, და არაფერი არ უკითხავს, რადგან ახლა, როცა მთავარი საქმე იწყებოდა და სამოქმედო გეგმაც დასახული ჰქონდა, მიხვდა, რომ მთელი მისი თავდადებული, უანგარო რუდუნება სიმართლის დასადგენად და უკვალოდ გაუჩინარებული ადამიანის მისაგნებად მხოლოდ და მხოლოდ ამ წუთის მოლოდინი იყო და სხვა არაფერი, და აი, როცა, ბოლოს და ბოლოს, ეს წუთიც დადგა, როცა ქალის მუხლმოდრეკილი მუდარით გათანგულ დუმილში გულის გამყინავი შიშით შეიცნო თავისი მომავალი გამარჯვება, იგრძნო, რომ აქედან იწყებოდა ახალი, ჯერგანუცდელი და ნანატრი ბედნიერებით აღსავსე სიცოცხლე და ვერავითარი შიში, სინანული, სინდისის ქენჯნა ვერ აიძულებდა მასზე უარის თქმას. განაჩენი უკვე კარგა ხნის გამოტანილი იყო, რჩებოდა მხოლოდ მისი საჯარო გამოცხადების ცერემონიალი და აი, გამოცხადდა ამ გრძნეულ დუმილში, ამ რიტუალური საიდუმლოებით დაყურსულ დუმილსა და მოლოდინში და ვერაფერი ვერ შეაფერხებს მის სისრულეში მომყვანას – მკვლელმა უკვე გადმოდგა პირველი ნაბიჯი და აჰა, მოემართება თავისი საზარელი განაჩენის აღსასრულებლად! – საკმარისი კი იყო მხოლოდ ოდნავი ძალდატანება თავისა, მცირეოდენი გონიერება, მხოლოდ ორადორი სიტყვა და ყველაფერი იქვე დამთავრდებოდა, სადაც უნდა დაწყებულიყო, მარტო ორი სიტყვა: “მეც წამაკითხე”, მაგრამ ნიკოს ენა გაუხევდა, რადგან მიხვდა, რომ უყვარდა ამ ქალს, უყვარდა გაოცებით, თავდავიწყებით, გაურკვეველი მომავლის წინაშე მსასოოვარი შიშით და ძალა არ ეყო ამ ბედნიერებაზე უარის სათქმელად, ისიც ვერ შენიშნა, რომ ქალი უკანასკნელი იმედით, ყელგადაგდებული უხმო ვედრებით ელოდა ამ ორ სიტყვას, უნდოდა, რომ ისევ მისცემოდა ქმარზე ლაპარაკის საშუალება, ეთქვა, რომ ამდენი ხნის დაკარგული ადამიანი ისევ ძველებურად უყვარდა, რომ მისი წერილების კითხვა კვლავ ახსენებდა თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ ხანას, როცა ისინი დაუოკებელი სიხარულით ატაცებულნი დარბოდნენ უკაცრიელ ნაპირზე და ერთიმეორისაგან მარადიული კუთვნილების რწმენით ბურხალობდნენ შუადღის მხურვალე ქვიშაში და “აქ, ამ ცხელ სილაში უნდა გავაჩინოთ ჩვენი შვილი!” – ყვიროდა კაცი და ეს სიტყვები, ეს სიცოცხლის პირველყოფილ აზრში ჩაყურყუმალავებული ღაღადი ორთავეს, ველური ექსტაზით ათრობდა და ქალის მთელი არსებაც თავდავიწყებით როკავდა შორეული უღრანებიდან გამოხმობილი ტამტამებისა და ბუკების ხმაზე… სადღაც აქ, ამ ადგილებში ჩაისახა ახალი სიცოცხლე და ეს წმინდა საიდუმლო უზენაეს შუქს ჰფენდა ქალის მთრთოლვარე მოლოდინს, თითქოს ნაყოფს კი არ დაატარებდა მუცლით, არამედ მთელი მისი სული და ხორცი გაჟღენთილი იყო ამ მარილიანი ლურჯი ზღვით, ლაჟვარდოვანი ცით, ამ ხასხასა და შრიალა ქვიშის მწველი სიტკბოებით და არავინ იცოდა ეს მის გარდა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39