სახლის კედლებს მიაწყდება, სუნსულით შემოურბენს ირგვლივ, როგორც ნადირობიდან დაბრუნებული პატრონის წინ-წინ გამოქცეული მწევარი, დახურულ კარს მოფხოჭნის, ფანჯრის რაფაზე ატოტდება, ცხოველურ სითბოსა და სუნს შეაფრქვევს დახშულ სარკმლებს, პატრონი კი, თითქოს მართლა ნადირობიდან ბრუნდებოდეს, ბრახუნით, ძახილით, ამაყად დაღლილი და გაცისკროვნებული შემოაღებს კარს, ნანადირევივით შემოიტანს მთელი დღის ნაგროვებ განცდებსა და თავგადასავლებს და დაუდევრად მოისვრის ოთახში, ჯიბრით, ნიშნის მოგებით, გამარჯვებულის თავნება სიხარულით დაალაჯებს, ლოგინიდან წამომდგარ თინას უტრიალებს, გზადაგზა იხდის გალუმპულ კომბინიზონს, ჯემპრს, ტალახიან ჩექმებსა და ორიოდე საათის წინ მორეცხილ იატაკზე ტოვებს მღვრიე ცემენტნარევ გუბეებს და: “თექვსმეტი რეისი! დედა ვუტირე თუ არა ვის უქნია! ეს მითხრან ვის უქნია! მიმტკიცებდა ვერ მოვასწრებთ, თავს ნუ იკლავო. ვეუბნები მოვასწრებთ ნუ გეშინია-მეთქი თქვენ ტოლი გადააფარეთ და დანარჩენი მე ვიცი-მეთქი. არ უნდოდა წუპაკს ვიცი რასაც აპირებდა მაგრამ არ ჩაუვიდა ფეხი ხა-ხა-ხა! თექვსმეტი რეისი თინი თექვსმეტი რეისი დავგლიჯე თუ არა! დაწყდა ხალხი მაგრამ მოვასწარით ყველაფრის გაკეთება შეიძლება თუ გული გულობს გულის ტკივილია მთავარი! დედა ვუტირე თუ არა აბა რა ეგონა ფეხს რომ ითრევდა რა ეგონა არ გაწვიმდებოდა თუ რა! უდაბნოში ხომ არ ვცხოვრობთ! გრამიც არ დავტოვეთ თინი მოდი აქ ჩემთან მოდი ხვალ კვირაა შუადღემდე ვიკოტრიალებთ”!… და შენ უხმოდ, შემწყნარებლური ღიმილით ემორჩილები, რადგან რა კარგი, რა ნაღდი, რა მოსაწყენად ერთფეროვანი და უაზრო გახდა ეს ყველაფერი. ჰო, გახდა. წვეთ-წვეთად, შეუმჩნევლად დაგროვდა მწარე და სინანულის მომგვრელი გრძნობა, რომ საბედისწეროდ ცხადი და ამოხსნილია ის, რაც ოდესღაც უჩვეულო, ყველაფრისაგან განსხვავებული და საინტერესო მომავლის მოლოდინით გაფორიაქებდა, არადა, რა კარგი, რა ნაღდი და დაუვიწყარია ეს დასაწყისი, ის პირველი დღეები და კვირეები, როცა ზარის დარეკვისთანავე, დაწყებულ სიტყვაზე შეწყვეტდი სათქმელს, სასწრაფოდ გამოემშვიდობებოდი გაოცებულ მოწაფეებს, ფაცი-ფუცით წამოკრეფდი წიგნებს, რვეულებს, ჟურნალებს. სამასწავლებლოში შეყრიდი და კიბეზე დაეშვებოდი, რომ ქუჩაში მომლოდინეს შეხვედროდი და მთელი დღე ერთად გეხეტიალათ, სადმე დამსხდარიყავით, ბაღში, ან მყუდრო კაფეში და დაუსრულებლივ გეცქირნა და გესმინა მისთვის, ამ უცნაური და შემაშინებელი კაცისათვის, რომელიც არავის არ ჰგავდა. მაშინ არც გეჯერა, რომ შეიძლებოდა მართლა არსებულიყო ასეთი ადამიანი, ასე მართალი, უმწეო გულითადობითა და კეთილშობილებით აღსავსე და ასეთი ამოუხსნელი – იგი მაშინაც თავის ასაკზე უფროსი გეგონა, რადგან ხმელი, კუთხოვანი პირისახე, ნაადრევად ჭაღარაშერთული თმა და ჭკვიანი თვალები ცხოვრებაგამოვლილი კაცის იერს ჰფენდა მთელ მის გარეგნობასა და გამომეტყველებას და ესეც საამო შიშნეული მოლოდინით გიჩქვიფებდა გულს, რადგან უკვე მაშინ იცოდა, გარდუვალი, ბედისწერული აუცილებლობის შეგრძნებით ეჩვეოდი, რომ ის იქნებოდა პირველი მამაკაცი შენს ცხოვრებაში და ამ დღითიდღე მოახლოებული წუთისათვის სამზადისი რიტუალური თრთოლვით ავსებდა შენს მოლოდინს. და აჰა, ეს წუთიც დადგა, ამ ნალოდინარი განცდების ზეიმით მოვიდა სამსართულიანი ლამაზი სახლის სხვენზე შეყუჟულ, ათასგვარი ხელსაწყოებით, გაუგებარი ნახაზებითა და იმპრესიონისტთა ფერადი რეპროდუქციებით სავსე ვეებერთელა ფანჯრებიან ოთახში, საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა მთელი ქალაქის ის ნაცნობი და მშობლიური, მაგრამ ახლა უცხო ფერებითა და ფორმებით მომზირალი უკიდეგანო ქვეყანა, სადაც აქამდე სულ სხვა ფიქრებითა და ვნებებით არსებობდა, და გარდაუვალი გარდასახვის მოლოდინით დაფეთებულს ერთადერთ ნუგეშად გეგულებოდა, რომ სიზმარი იყო ეს ჩახჩახა თვალისმომჭრელი სინათლე, მთელი კედლის სიგანეზე დატანებული ვეება ფანჯრები და ის, რომ ყველაფერი ხდებოდა არა რომელიმე მყუდრო, კომფორტულ, ინტიმური იდუმალებით მოცულ ბნელ ოთახში, არამედ აქ, თითქმის ცისქვეშეთში, მთელი ქვეყნის გადასახედზე, ამ მოგუგუნე, მოფუსფუსე, ფერადოვანი ქალაქის წინაშე და ისეთი გრძნობა გქონდა, თითქოს მთელ სამყაროს უძღვნიდი შენი გაღვიძებული სულისა და სხეულის საკრალურ საიდუმლოს, როგორც ის გულაღმა წამოწოლილი და ნადირივით ღონიერი შიშველი ქალი კედელზე გაკრულ გავარვარებულ ნახატზე!

რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ აქამდე მოგყვება იმ პირველი ზიარების მსასოოვარი განცდა. ვერაფერმა ვერ წაშალა მისი ავბედითი კვალი, ვერც ერთი დღე და ღამე ვერ შესწვდა იმ სიხარულსა და სიამაყეს, ვერც ის გრძნობა, მისი პირველი დაბრუნებისას რომ დაგეუფლა, როცა ორი წლის განშორების შემდეგ თითქმის დავიწყებული და გამოტირებული მოულოდნელად გამოგეცხადა და ამ წყეულ ქვიშრობში წამოგიყვანა, რადგან ქალაქიდან გაგდებულსა და შერისხულს სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა. მაშინ ვერ მიხვდი, რა ამოძრავებდა, როცა ამდენი ხნით ბედის ანაბარა მიტოვებულ ქალს ცოლობა გთხოვა – სიყვარული, სიბრალული, მარტოობის შიში თუ ის დამპყრობელი მზრუნველობა და სიკეთე, ყველაზე მძიმე ცოდვად რომ ჩასახლებულიყო მის სულში? ვერაფერს ვერ მიხვდი მაშინ და არც დაფიქრებულხარ ამაზე, რადგან, როცა მას უყურებდი, როცა მისმა ხმამ და მანერებმა ისევ ადრინდელი მღელვარებით აღადგინა მეხსიერებაში ერთად გატარებული ყოველი დღე და საათი, კიდევ ერთხელ იგრძენი, თუ რა პატარა და უბადრუკი იყო მასთან შედარებით ყველა, ვისაც ამ ხნის განმავლობაში შეხვედრიხარ და რა ცარიელი და უაზრო იყო ეს უბოლოოდ გრძელი და შეურაცხმყოფელი ურთიერთობებით სავსე ორი წელიწადი და უთხარი კიდეც ეს, მოულოდნელად მოვარდნილ სიხარულის ცრემლებთან ერთად გადმოიღვარა გულიდან ყველაფერი, რასაც გრძნობდი იმ შორეულ პირველ დღეებში და რაც ვერასოდეს ვერ გეთქვა მისთვის, რადგან გეშინოდა, რომ სიტყვები გაანელებდა შენს ნეტარ გაოცებასა და სიხარულს, სიტყვები დააფრთხობდა მის თვალისამხელ სიმართლეს, რომელიც იმით გნუსხავდა და გიმორჩილებდა, რომ მერე იგრძენი, დიდი ხნის შემდეგ, როცა ყველაფერი ეს შენი ცხოვრების ნაწილი გახდა – იმით გნუსხავდა და გიმორჩილებდა, რომ ჯერ მხოლოდ უცნაური, ყველასაგან განსხვავებული ბუნების გამოვლინება იყო, მხოლოდ უწყინარი აზროვნების წესი, მხოლოდ მეოცნებე სულის ლტოლვა და სხვა არაფერი. შენ შეგეძლო საათობით გესმინა, თუ როგორი ძვალ-რბილში გამჯდარი თანაგრძნობით ლაპარაკობდა ისეთ რამეებზე, რაზეც არავინ არ ლაპარაკობს; როგორი ბავშვური გულწრფელობით ფიქრობდა ისეთ რამეებზე, რაზეც არავინ ფიქრობს. აღტაცებული იყავი იმით, თუ რა იოლი, უბრალო და ერთადერთი იყო მისი ჭეშმარიტებანი და როგორ ბუნებრივად აწესრიგებდნენ ისინი ადამიანთა ამაო ვნებებითა და წარმოდგენებით გართულებული ცხოვრების ქაოსს. როცა ის ლაპარაკობდა, როცა რაიმე მოვლენის ახსნას ცდილობდა, ან მისთვის ჩვეული დაუდევრობით პასუხობდა შენს საგანგებოდ გულუბრყვილო შეკითხვებს, ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს ბავშვთა ნახატების გამოფენაზე იყავი და ნაცნობი ფერებისა და ფორმების უარმყოფელი უმარტივესი სურათები კასტური შეთქმულების მოძალადე საიდუმლოებით გაცბუნებდა, მაგრამ ამავე დროს ბუნდოვნად გაჯადოებდა მისი შეურაცხმყოფლად ბუნებრივი, გამღიზიანებლად უცხო და შეუვალი სიმართლე, სიმართლე კი არა, სიმართლის წარმოდგენა, სიმართლის ცოდნა, სიმართლის საიდუმლო ბოლოს და ბოლოს, რომელიც ამ თავკომბალა, თვალდაჭყეტილ, ფეხებგაჩაჩხულ არსებებსა და ქარის წამობერვასავით გაფერადებულ საგნებსა და კონტურებში კი არ დევს, არც მათ მიღმა და არც სადმე, არამედ უფრო ახლოსაა, ვიდრე ზედაპირზე და ვიდრე სიღრმეში, აგერ, სულ აქვე, მხატვრის სურვილებსა და რწმენაში და საკმარისია მან თქვას: – ეს მზესუმზირას გამყიდველი ქალია. მას შვილი მოუკვდა და სახლში მიდის. აგერ ამან უთხრა” – და გაჩვენოს თითქოს ფეხის წამოკვრისაგან გადაფერდებული ქალი, რომელსაც ხელში რაღაც მრგვალი საგანი უჭირავს – ახლა ხვდები, რომ ეს მზესუმზირას პარკია – და გაჩვენოს მის ზურგს უკან დარჩენილი პატარა ბიჭი, რომელიც, თუ საქმე საქმეზე მიდგა, მზესუმზირას საყიდლად მოსული ბავშვი უნდა იყოს, ვიდრე ამ სამწუხარო ამბის მაუწყებელი – თურმე რა ზუსტად გამოხატავს მისი სახე ამ მძიმე წუთს – და კიდევ, თუ საქმე საქმეზე მიდგა, რაღა ეფუთებოდა თუ ეპარკებოდა უბედურ დედას, ხომ უფრო მართალი იქნებოდა, რომ აღარც გახსენებოდა თავისი პარკი და იქვე დარჩენოდა, მაგრამ ხომ უნდა განირჩეოდეს  ამ ქალის მწუხარება სხვათა ასეთივე მწუხარებებისაგან და ამიტომ საქმე სწორედ იმაშია და ისაა მთავარი, რომ მაინცდამაინც მზესუმზირას გამყიდველია იგი და თუ აუცილებლად რამე უნდა დარჩენოდა, ხომ დარჩენია აგერ რაღაც კუნძისა თუ ქვის მაგვარი საგანი, რომელიც თურმე – როგორ ვერ მიხვდა ამდენ ხანს – პატარა ჯორკო ყოფილა და მაშინვე ყველაფერი ცხადი და გასაგები ხდება ამ ნახატზე, არა, ნახატზე კი არა – ნახატი მაინც ჯიუტად მიუღებელი, შენი ცხოვრებისეული

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39