ვალდებულების აშორების მუხანათური სურვილი – იცოდა, რომ თინა გაფაციცებით ელოდა მის ხელს, ღონემიხდილი და გულგაწვრილებული იყო ამ მოლოდინით, გათანგული იყო ამ მოლოდინით, ამიტომ წამიწამზე ელოდა, რომ ქალი აუცილებლად გაყიდდა თავს, ვერ გაუძლებდა ამ უსულგულო გვემას, ამ უსინდისო, მომავლის განმჭვრეტ გულგრილობას და თავად მოუხმობდა, თვითონ იკისრებდა უკვე ორივესათვის გარდაუვალი დანაშაულის მთელ სიმძიმეს და მართლა ამის ბრალი იყო თუ სხვა რამისა, თითქმის ხიდის ბოლოს გასული თინა უეცრად წაბორძიკდა, წონასწორობა დაკარგა, ბაგირის მოსავლებად გაწვდილი ხელი ჰაერში აასავსავა, შეჰკივლა და ის იყო უნდა წაქცეულიყო, რომ მართლა გულგახეთქილი ნიკო მკლავში სწვდა, თავისკენ გამოსწია, მოულოდნელად დამყოლი და ბედს შერიგებული მორჩილებით შემობრუნებული ქალი გულზე მიიხუტა და მისი სხეულის შიშნეულ ცახცახში დამათრობელი კმაყოფილებით გამოიცნო თავისი უსიტყვო და ხელ-ფეხის გამხსნელი გამარჯვება, შემდეგ მადლიერებითა და სიყვარულით აკოცა მხურვალ ლოყაზე, სახეზე აბურდული თმა გადაუწია და თვალებში ჩახედა.

– თავს მოვიკლავ! – თქვა ქალმა – იცოდე, თავს მოვიკლავ!

მაგრამ თავისი გამარჯვების საზეიმო გუგუნით დაყრუებულმა ნიკომ ვერ იგრძნო ამ სიტყვების მომასწავებელი ტონი, ქალი ხელში აიყვანა და ასე განვლეს ხიდი, გვიმრებისა და მაყვლის ბარდებით შემობურული ბილიკი გაიარეს და მთვარიანში მბზინავ უკაცრიელ შარაზე გავიდნენ, სადაც აქეთ-იქით მოშრიალე სიმინდის ყანებიდან და წყლისპირა ლაქაშებიდან გამოისმოდა კალიების იდილიური სიმშვიდით განმწმენდი ზუზუნი, ბაყაყების ხამუშ-ხამუში კუთვა და ყაპყაპი, ხის ტოტებში დაბუდებული ჩიტების ფრთხიალი და ყველა ის ხმა, რომლითაც ივსება შეღამებულზე სოფლის განაპირა ჭალები და დობიროები.

– ჩამომსვი, – წყნარად თქვა ქალმა და სრიალით შეუშვა ყელზე  შემოხვეული ხელები, – დაგვინახავს ვინმე. – და მისი ხმაც ბუნებრივად შეუერთდა ყოველ მხარეს მფრთონავი ბგერების საიდუმლო სიცოცხლეს.

– გადმოდი, რაღას უცდი.

ეს უკვე სხვა კილო იყო, თითქოს ამ მტრულად ძლევამოსილ გარემოში დაქირავებული უშვილძირო და უგულო ბგერები მიუსია ღამეულ ჭალებს და დობიროებში შეხიზნულ საკუთარ ხმას, უმოწყალოდ დაარბია და განდევნა კაცის გულში თავშეფარებული თავისი უსუსური ორეული, რადგან ამ წუთას, გაურკვეველი მომავლის ზღურბლზე შედგმული პირველი ნაბიჯის წინ, სულ სხვა ქალი სჭირდებოდა კაცს, უფრო უცხო და ამოუხსნელი და არა თავისი გამჟღავნებული გრძნობებით დაფეთებული უმწეო თინა, ბონდის ხიდთან მის მკერდზე რომ ფეთქავდა, ამიტომ უკვე რესტორნის კიბეზე შემდგარი ქალი მანეკენის ფოტოგრაფიული კეთილდღეობით გადმოჰყურებდა მისკენ მიმავალ ნიკოს, თვალთმაქცური სიმშვიდითა და უზრუნველი ღიმილით ცდილობდა მის გათავისუფლებას, მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ დიდხანს ვერ გაუძლებდა ამ უჩვეულო როლს, დიდხანს კი არა, უკვე ვერ უძლებდა, რესტორნის კართან მისული, უკვე კაცის გამომეტყველებასა და სიმშვიდეში ეძებდა ნუგეშს, ხოლო, როცა ეს საიდუმლო კარიც შეაღეს და დარბაზში შევიდნენ და დაინახეს უზარმაზარ ფანჯრებზე ჭერიდან იატაკამდე დაშვებული ლიმონისფერი ფარდები, კედლებზე დაკიდებული თითქმის ერთნაირი, მეტისმეტად პირქუში და, ზედ გამოსახული მზიანი პეიზაჟების მიუხედავად, გულის დამამძიმებლად უსინათლო ნახატები, რის გამოც თითქმის ცარიელ რესტორანში საოცრად მქისე, შემაწუხებელი სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა, როგორც წიგნთსაცავში ან მუზეუმის დარბაზში, და როცა საგზაო რესტორნებისათვის უჩვეულოდ სუფთა და კრიალა მაგიდებთან მომლოდინე მდიდრულ სავარძლებსაც შეხედეს, თინას თვალსა და ხელს შუა გაუძვრა ძლივს მოხმობილი გაბედულება, მისი ისედაც საეჭვო და ბუნდოვანი მიზანი მთლად მიუწვდომელი იდუმალებით შეიმოსა, ნიკოც დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით, ვითომ დასაჯდომ ადგილს ირჩევდა, თან რატომღაც შეფარვით აკვირდებოდა ერთ მაგიდასთან მიმსხდარ ადამიანებს, თითქოს მათ შორის ეძებს იმ ბობრ კაცსო. ეს შენიშნა ქალმა და სულ მისავათდა ამაოებისა და უმწეობის შეგრძნებისაგან. უნდოდა ენიშნებინა, გარეთ გავიდეთ, აზრი არა აქვსო, მაგრამ ამ დროს ბუფეტში მთვლემარე თეთრხალათიანმა კაცმა თვალი გაახილა და ჯერ ნიკოს, მერე თინას თუთიყუშის მწირი და უამური ხმით უთხრა: “მობრძანდით, დაბრძანდით” და თინას რატომღაც სითამამე და რწმენა შემატა ამ ხმამ, თითქოს რაკიღა ვიღაც გამოელაპარაკათ და ისიც ასე თავაზიანად, შესაძლოა მთლად უიმედოც არ ყოფილიყო მათი საქმე, თან ამ დროს რესტორანში ავტობუსის მგზავრებიც შემოლაგდნენ და ხმაურით მიაშურეს ცარიელ მაგიდებს, ბუფეტის ბოლოში შეუმჩნეველი კარიდან გამოღოღდნენ ოფიციანტები და კედელში გაჭრილ სარკმლიდანაც გამოყო ვიღაცამ ჩაჩიანი თავი და მაშინვე ყველაფერმა ჩვეულებრივი იერი მიიღო; თინა უკვე გაფაციცებით აკვირდებოდა რესტორნის მომსახურე პერსონალს, სამზარეულოს სარკმელშიც შეიჭყიტა, ღია კარშიაც შედგა ფეხი და ცარიელი ბოთლებითა და ყუთებით ჩახერგილი ტალანი მოათვალიერა, მერე პატარა ოთახშიც შეიხედა, სადაც ახალთახალ საბანკეტო კოსტიუმში გამოწყობილი მოჭიდავის აღნაგობის ახალგაზრდა კაცი მოაზროვნის იერით ჩასჩერებოდა ათასნაირ ქვითრებსა და საბუთებს და ცალი ხელით საანგარიშოს კოჭებს დააჩოჩებდა – სათუთად, ფერებ-ფერებით, რაიმე არ ვატკინოო. ამასობაში კი ნიკო მებუფეტეს გამოელაპარაკა და მხოლოდ იმიტომ, რომ იმას ცუდი თვალით არ შეეხედა, ერთი უშველებელი შოკოლადის ფილაც გაუსაღა და მერე ჰკითხა: “შალვა არ მუშაობს დღეს?” მებუფეტემ ჯერ დაკვირვებით ახედ-დახედა, მერე სარკმელში თავი შეყო და ვიღაცას გასძახა: “შალვა, შალვა, შენ გკითხულობენ!” – და ნიკოს ფერფური წაუვიდა ამის გაგონებაზე, მუხლმოკვეთილი თინა კი დალიბრული თვალებით მიაცივდა სარკმელს, საიდანაც თავი გამოყო ერთმა გაცქნაფულმა შეგირდმა და აქეთ-იქით მიმოიხედა, ვინ მკითხულობსო. “აჰ, ეს არა, – დაუფარავი სიხარულით შესძახა ნიკომ. – მე სხვა შალვას ვეძებ”. მაშინვე გახალისებულ თინას კი სიცილი წასკდა და გასასვლელისაკენ გავარდა. მებუფეტემ ეჭვის თვალი გააყოლა, მერე ნიკოს შეხედა და შეუღრინა: “რას ეძებთ, ამხანაგო, თქვენ?” “არაფერს”. – უთხრა ნიკომ, ბოდიშიო, მიაძახა სარკმელში თავგამოყოფილ ბიჭს და სასწრაფოდ გავიდა რესტორნიდან, იქ კი თინამ, დაინახა თუ არა კიბეზე ჩამომავალი ნიკო, ნერვული, გადაფიჩინებული სიცილი ატეხა, წელში იკაკვებოდა, ხელებს აფართხალებდა, ფეხებს აბაკუნებდა, რაღაცას ამბობდა კიდეც, მაგრამ ამ წივილ-კივილსა და სულშეხუთულ კვნესაში იღრჩობოდა ყოველი სიტყვა და ბგერა და ნიკოსაც გადაედო მისი შეპყრობილი, ავზნიანი სიცილი და ასე ხარხარებდნენ კარგა ხანს, ერთმანეთზე ხელიხელგადახვეულნი და მოაჯირზე გადაკიდებულნი, ვიდრე ნიკომ, როგორც იქნა, მოახერხა და ხველებ-ხველებით ამოთქვა: “შალვა! ხა-ხა. შალვა! ხა-ხა-ხა! მართლა არ გამოგვეცხადა! მართლა არ ყოფილა!” თინამ კი ბოლოს და ბოლოს ქოთქოთითა და ვაი დედას კვნესით დაიცხრო სიცილი და მთლად გასავათებულმა თქვა: “ყველაფერს მოველოდი და ამას კი არა… უცებ აზრზეც ვერ მოვედი. კინაღამ მეგონა, იმ კაცს მართლა შალვა რქმევია-მეთქი. შენც, არა? დედა, რა იყო ეს” და ისევ გადაიკისკისა: “როგორ წრუწუნასავით გამოძვრა საცოდავი!”

– ისე, ბარემ ხომ არ გვესადილა? – ჰკითხა უკვე დამშვიდებულმა ნიკომ.

– რა გვეჩქარება, – უთხრა თინამ. – მე შენ გეტყვი რა, რესტორნები წინ არ გველოდება! – ეს ისე თქვა, რომ ნიკო მაშინვე მიხვდა: ამ პირველმა ნაბიჯმა, ამ მართლაცდა კომიკურმა შემთხვევამ ქალს გული კი არ გაუტეხა, პირიქით, რატომღაც წარმატების იმედიც ჩაუსახა და მისი მოგზაურობის მიზანს უფრო გამოკვეთილი და გასაგები აზრი შესძინა. ეს რესტორნები, გზადაგზა რომ უნდა მოენახულებინათ, უკვე ისე მიუღწეველი აღარ ეჩვენებოდა და შიგ მომუშავე ადამიანებიც სავსებით რეალურ არსებებად წარმოუდგნენ, რომელთა შორის სრულიად შესაძლებელი იყო იმ ადამიანის ყოფნაც, ვისაც ეძებდნენ. იმასაც მიხვდა, რომ არც ისე იოლი იქნებოდა მისი აღმოჩენა და კარგა ხანს მოუწევდათ გზებზე ხეტიალი და, რაც მთავარია, ამისმა შეგნებამ თავისი მიზნის მნიშვნელობაც უცებ ხელახლა გაუცხადა, ისევ ძველებური ცხოველმყოფელობით აღადგინა მის არსებაში ქმრის ძლევამოსილი სუფევა.

– აჰა, მაშინ ეს გამომართვი, – უთხრა ნიკომ და პიჯაკის ჯიბიდან შოკოლადი ამოაცოცა, – შალვამ მოგართვა. – შეეცადა ამ ხუმრობით გაეიოლებინა ქალისთვის უცებ გაცოცხლებული განცდების ტვირთი, მაგრამ მან ცალყბა ღიმილით და ნაძალადევი გაოცებით ჩამოართვა შოკოლადი – ოჰ, შალვა, შალვა!” და მანქანის კარი გამოაღო. მთლად გამოღეჭილი, დაცლილი, ავისმომასწავებლად გულგრილი იყო წეღან გადატანილი ნერვული შეტევისა და გამანადგურებელი სიცილის შემდეგ, თითქოს მთელი დღევანდელი განცდები ამ სიცილს ამოაყოლა, გული ამოიფერთხა და სულ სხვა, თავისი სისხლხორცეული და მარადიული საზრუნავების მისაღებად განამზადა. შოკოლადი კი მაინც გახსნა, მოხერხებულად, ჩამოქნილი თითების დამჯერი მოძრაობით და ყურადღებამისაქცევი მოხდენილობით ამოაცურა ვერცხლის ქაღალდში გაწკეპილი ფილა ბუდიდან, შუაზე გატეხა, ნახევარი კალთაში ჩაიდო, მეორე ნახევარი კიდევ დაამტვრია,

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39