თურმე სამანქანო გვირაბი ყოფილა და აი, მიშხუის ახლა მის ვიწრო დაბინდულ წიაღში ყრუდ დაგმანული კედლების გასწვრივ და აქედან გაღწევის მოუთმენელი სურვილი არის მისი უსაზმნო ლტოლვა მომავლისაკენ. რა ხანია ამ გვირაბში მოდის ხან ფეხით, ხან მანქანით და ვერა და ვერ გამოუღწევია მეორე ბოლოს მომლოდინე კაშკაშა ნათელში. ჰო, მთელი ცხოვრება სამუზეუმო რეალობის ბინდბუნდში ბორიალობდა, ყოველთვის რაღაც ზოგადი და საყოველთაო ჭეშმარიტების მაძიებელი თვალით და გულით აღიქვამდა იმას, რასაც სავსებით კონკრეტული სახე და შინაარსი ჰქონდა, ეგონა, რომ ამაში იყო მისი შემოქმედებითი გენიის ძალა და უბრალო მოკვდავთაგან განსხვავებული უნარი და ეს საკუთარი თავისადმი მსასოოვარი მოკრძალებითა და სიამაყით აღავსებდა, რაღაც დიდისა და მნიშვნელოვანი შექმნის რწმენას უნერგავდა, მაგრამ ვერაფერი ვერ შექმნა, რადგან თანდათან დაკარგა ნამდვილი განცდისა და თანაგრძნობის უნარი და თავისი სილამაზითა და უჩვეულო ვნებებით მომნუსხველ სამყაროში გადასახლდა. იქ კი არც სიყვარული არსებობდა და არც სიძულვილი, არც სიხარული არც მწუხარება, იქ ყველაფერი მიწიერ გრძნობათა გულგამოხრული სიმბოლოებით იწონებდა თავს და ბოლოს და ბოლოს თვითონაც ისე გამოშრა და გამოიფიტა, როგორც მუზეუმის ეზოში დაყრილი თაბაშირის გამოფუღუროებული სტატუები. არა, გულგრილი და უჯიგრო არასოდეს ყოფილა – ეს ღმერთმა დაუფაროს – გულგრილი არასოდეს ყოფილა და ყოველთვის თანაგრძნობით გააყოლებდა ხოლმე თვალს გზად მიმავალ ადამიანს, რომელიც ოფლში გახვითქული და გაჭირვებისაგან დაღმეჭილი რის ვაივაგლახით მიათრევდა ზურგზე მოკიდებულ უშველებელ ტომარას და იქნებ ხელიც კი წაეშველებინა, თუ ამის დრო და საშუალება მიეცემოდა – როგორაა მოწყობილი ეს ოხერი ცხოვრება, როგორი ტანჯვისათვის გაუჩენია ადამიანი, – მაგრამ იშვიათად გაუვლია გუნებაში, რომ იქნებ მაინცდამაინც ამ კაცის ზურგი სულაც არ იყო მოწყობილი ასეთი მძიმე ტვირთის სატარებლად, იქნებ ზედ მუწუკი ან ძირმაგარაც კი ჰქონდა და საშინლად წვალობდა, რომ როგორმე მტკივანი ადგილი ტომრის კორძებისადმი მოერიდებინა, იქნებ ფეხსაცმელში ლურსმანი ამოჩროდა, ქუსლში ესობოდა და სიცოცხლეს უმწარებდა. აკი, ამაზეც უფიქრია, როგორ არა, ამაზეც უფიქრია და ბევრ სხვა რამეზეც და სავსებით შესაძლებელია, რომ ასე ყოფილიყო და ეს მეტად სამწუხაროა, მაგრამ ეს ტკივილები ხომ დროებითი და წარმავალი იყო და განა იძლეოდა რაიმე დასკვნების უფლებას? ყოველი კონკრეტულ ადამიანური განცდა მეტისმეტად ამორფულ, ნებისმიერად განტოტვილ შემთხვევითობათა უაზრო კავშირი იყო საამისოდ, რომ მის მარადიულ ვნებებზე დაფიქრებულ ნიჭს თითოეულის გარჩევა და დამახსოვრება შეძლებოდა; კონკრეტულ ადამიანურ გრძნობას არ ჰქონდა ლოგიკური, მკვეთრად გამოხატული აუცილებლობა, არ იყო ისე უეჭველი და გარდაუვალი, როგორც მზის ამოსვლა და ჩასვლა, როგორც დაბადება და გარდაცვალება და ამიტომ არც შეიძლებოდა ჭეშმარიტი ყოფილიყო. მაგრამ იყო ამ კონკრეტულ ვნებათა ქაოსში რაღაც ისეთი, რაც მაინც იპყრობდა მის ყურადღებას; ამ ქაოსის თავმომყრელი მეყვსეული წესრიგის გაელვება, ამ დანაწევრებული და დაშორიშორებული განცდების უფორმო სხეულიდან ამოგლეჯილი ერთი ასო, ჯერ მხოლოდ გონებაში მოაზრებული მუსიკის შინაგან ხმიანობაში ამომხტარი მთავარი ბგერა, მხატვრის დაუმთავრებელ ტილოზე აზელილ ფერთა მორევში შემთხვევით დაწვეთებული, მაგრამ სწორედ ამ შემთხვევითობის გამო ყველაფრის განმსაზღვრელი და შემოქმედებითი ექსტაზის გუმანით დაჭერილი ზუსტი გამა – პატარა მოასფალტებული ეზო, ეზოს შუაგულში მდგარი მოშლილი ონკანი, საიდანაც მუდამ გულის გამაწვრილებელი წკანწკარით იღვრება წყალი, ერთიმეორეზე მიხუნჭკლული, ჭრელაჭრულა ფიცრებითა და დაჟანგული თუნუქით შეჭედილ-შეხოხლილი ქოხმახები და მათ წინ საჩრდილობელივით წამოფოფრილი ლეღვის ხე მუდამ წვიმით გაჟივებული უგემური ნაყოფით, ბეტონის ნესტიანი, ხავსმოდებული ღობე, ხოლო ღობის იქით, მაგნოლიებით დაბურული ქუჩის გაღმა, ჰოსპიტლის მაღალი და გარმონივით დაღარული რკინის გალავანი და ზედ თეთრი ნიფხავ-პერანგების ამარა შემომსხდარი ხოტორა ჯარისკაცები, გამვლელ-გამომვლელთა თავებზე რომ გადმოუწყვიათ ავადმყოფურად ფერმკრთალი კორძებიანი ტერფები და უწმაწური გინებითა და მხოლოდ მათთვის ბუნებრივი კასტური სიმართლით და სითამამით რომ სთხოვენ ერთმანეთს ყუნწამდე დაყვანილ სიგარეტ “სოროკს”, ყველაფერი ეს არის მხოლოდ ქაოტური და უსახო ფონი, რომელზეც რვიანების ხაზვით და დარეტიანებული ინერციით მიგორავს საბავშვო ველოსიპედის დიდი ბორბალი, აგერ – აგერ უნდა წაიქცეს საწრეტ თხრილში, მაგრამ რაღაც სასწაულით ზედ ევლება. ქვაფენილზე მირეცრეცობს, ქუჩის გაღმა მხარეს ტროტუარზე შებარბაცდება, მთლად ქანცგაწყვეტილი და გაბურსალებული რბილად, ავადმყოფური უილაჯობით ეხება ჰოსპიტლის მწვანე გალავანს, ერთს კიდევ შეახტუნებს, შეაძაგძაგებს, უკანასკნელად გაიბრძოლებს და ბოლოს ცახცახით ეცემა, ყუჩდება და კვდება. და ბორბლის ამ მოძრაობაში ეზოდან ჰოსპიტლის გალავნამდე, მის ამ სიკვდილის გზაში, რომელსაც ცრემლიან თვალებს აყოლებს კედელს შენარცხებულ ველოსიპედის დაღრეკილ ჩარჩოში ფეხებგაჩრილი პატარა ბიჭი, მოქცეულია ნაღრძობი ხელის, გატეხილი შუბლის, გადაყვლეფილი მუხლების ტკივილიც, გულის გამტიალებელი და დამსამარებელი მწუხარებაც გაჩენის დღიდან ნაოცნებარი ველოსიპედის დაღუპვის გამოც და მთავარი და დაუვიწყარი განცდა – მყისიერად აფეთქებული ტკარცალა სინათლე, რომელმაც მისი ბავშვური მწუხარების წყვდიადს ელვის გაკვესასავით გამოსტაცა სადღაც შორიდან მოსულ ბარათზე კივილით დაცემული დედის სახება და მაშინვე კი არ გადაუკარგა, თავისი თვალის ამხელი და თავზარდამცემი აზრით ჩაუტოვა უცაბედად გარდასახულ შეგნებაში. ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ და რამდენჯერ გახსენებია ეს ამბავი, მაგრამ ყოველთვის გულის მომჭუჭკავი ნაღველით ავსებს არა იმ დამტვრეული და ატირებული ბიჭის გახსენება – უკვე ძნელია იმ კონკრეტული შიშისა და ტკივილის ხელახალი განცდა – არამედ ის უნათლესი ჭეშმატირება, რომელიც მის უცაბედად მოფიათებულ ცნობიერებას გამოუცხადა ბორბლის ტრიუმფალურმა აგონიამ ეზოდან ჰოსპიტლის მწვანე გალავნამდე. ამან შემოუნახა ხსოვნაში ის ეზოც, ის ჭრელაჭრულა ქოხმახებიც, ფოტოსურათიდან მომზირალი ახალგაზრდა მამის სახეც, ჰოსპიტლის მწვანე გალავანიც და ომიც – პირველად მაშინ მიხვდა, რომ ეს ყველაფერი, ჰოსპიტლის გალავანზე შემომსხდარ ხოტორა ჯარისკაცებიანად რაღაცით ომთან იყო დაკავშირებული – ალბათ ეს იყო ორმოცდაორი წელი და ხუთი წლის ბიჭს სხვა აღარაფერი აგონდება ისეთი, რაც ომის წლებს განაცდევინებდა, ახსოვს მხოლოდ ეს კრიალა წკირებიანი ბორბალი და მისი ტანჯული სიკვდილი, რომელშიც მისტიკური ნათელხილვით განსახიერებულა სადღაც შორს მოკლული მამის უკანასკნელი წუთები… შემდეგ კი, როცა ომზე ფიქრობდა ან წიგნს კითხულობდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მასაც თვალნათლივ ენახოს და განეცადოს იგი, უფრო მძაფრად და სულის შემძვრელად, ვიდრე სხვებს, და ეგონა, რომ შეეძლო დაეწერა რამე ისეთი, რაც ყველაფრის ამხსნელი სიმართლით გამოხატავდა ომს, სიკვდილს, მაგრამ საკმარისი იყო კალამი აეღო და შორეული წარსულის იმ ერთადერთ განცდას ჩაღრმავებოდა, რომ მაშინვე მიმხვდარიყო, თუ რა პატარა და უბადრუკი იყო მისი ტკივილი სხვა მილიონობით

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39