– გააჩერე, – უთხრა თინამ.

– ჰო, მივიდეთ ბარემ და სადმე დავაყენებ. იქნებ ღამის გათევაც აქ მოგვიხდეს.

– არა, ახლა გააჩერე. – დამხრჩვალი, უჰაერო ხმით გაომეორა თინამ და ნიკოს თითქოს მისი გულის ბაგაბუგიც შემოესმა.

– რა მოხდა?

– მეშინია… – თქვა ქალმა. – ხელ-ფეხი სულ გამიშეშდა.

– კარგი ახლა, რის გეშინია, – ნაძალადევი სიმხნევით უთხრა ნიკომ, მანქანა კლდის ძირას მიაგორა და გააჩერა. – ერთ-ორ ჭიქას გადაჰკრავ და გუნებაზე მოხვალ. რისი უნდა გეშინოდეს?

– რა ვიცი… – გაიღიმება სცადა თინამ. – მეშინია რაღაც…

ნიკომ მხარზე ხელი დაადო და გამამხნევებლად და თანაგრძნობით მოუჭირა. ქალმა სასოწარკვეთილი, გამოსათხოვარი მზერა მიაპყრო.

– მოდი… – უთხრა ჩურჩულით. – მოდი ჩემთან… – და სანამ კაცი მისი ნათქვამის აზრს ჩასწვდებოდა, თვითონვე მიჩოჩდა, ხელები მოხვია და ჩაეხუტა. გულგახეთქილმა ნიკომ კანკალით დაუკოცნა შუბლი, თმა, თვალები, ხელები. თინაც სულშეხუთული და აცახცახებული ეძებდა მის სახეს, ყურადღებას აღარ აქცევდნენ იმას, რომ ჟამიჟამ შემხვედრი მანქანების შუქი ანათებდა ბნელ სალონს; ვიღაცამ დაუსტვინა კიდეც, ვიღაცამ ყიჟინაც დასცა შხუილით ჩაქროლილი ავტომობილიდან, რესტორნის წინ განათებულ მოედანზე ვიღაც მთვრალი ლანდები აბორიალდნენ და ნიკო დამბლადაცემულივით გაშეშდა მათ დანახვაზე, გაშრა, გაილურსა, ქალის კალთაში გაყუჩდა – ისინი იყვნენ, მაინც იყვნენ იქ, ქუჩის გაღმა მხარეს სანახევროდ განათებულ ვიტრინასთან; შორიდანვე მოჰკრა თვალი ვეე-ბერთელა მინების წინ მობანცალე სამ ლანდს და იგრძნო, როგორ შეცბა და შეიძგიბა მისი ძმაკაცი და როგორი სინანულით და ბოდიშის მოხდით გადმოხედა მას, შემდეგ კი უხმოდ გაემართა იმ სამი ლანდისაკენ, ნიკოსთვის არც არაფერი უნიშნებია, არც უკან მოუხედავს, მომყვება თუ არაო, ამაყად გამართული და გამზადებული მიდიოდა და მისვლისთანავე მოუქნია ხელი ერთ-ერთ მათგანს, მაგრამ ვერ გამოზომა, თვითონვე წაიფორხილა და კედელს მიეხეთქა და ისინიც მაშინვე მისცვივდნენ და უმოწყალოდ დაუწყეს ცემა. ნიკო გაოგნებული და გახევებული იდგა ადგილზე, ციდან ჩამოვარდნილი საშველის იმედით შეჰყურებდა ამ უთანასწორო ბრძოლას და არაფრით არ ეჯერა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა, ვერც წინ წასვლა გაებედნა, ვერც ხმის ამოღება, შიშის ელდით გათანგული და ხელფეხშეკრული იდგა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა ეღონა ისეთი, რაც შემდეგ სათქმელად და თავის გასამართლებლად გამოადგებოდა, რაც მერე, როცა ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, იმის საშუალებას მისცემდა, რომ ეთქვა, ასე და ასე მოვიქეცი, როცა შენ მიწაზე ეგდე და ვერაფერს ხედავდიო. ის კი რამდენჯერმე წაიქცა და წამოდგა, თავგანწირვით იბრძოდა და ყოველ გაბრძოლებაზე თანდათან ელეოდა არაქათი, ბოლოს კედელთან ჩაიჩოქა და თავზე უმწეოდ წაიფარა ხელები. ისინი ახლა დაჩოქილს მიადგნენ და უკვე ყასიდად, ყოველი შემთხვევისათვის უბრაგუნებდნენ ხან მუშტებს, ხან წიხლებს და ნიკო თავზარდაცემი ბოროტი აღტაცებით მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო, რომ ბოლო მოეღო მის უსასრულო მონობას და ტანჯვას და რომ სამუდამოდ თავისუფლდებოდა ამ ნარკოზული ნეტარებით მომნუსხველი და საძულველი სიყვარულისაგან. საოცრად იოლად, თავისთავად მოვიდა ეს ნანატრი თავისუფლება და უკვე შეეძლო დაპატრონებოდა საკუთარ თავს და დამტკბარიყო ამ თავისუფლებით. და ისეთი ძლიერი და ყველაფრის გამმართლებელი იყო ეს გრძნობა და ისე მუხანათურად ზეიმობდა კედელთან ჩამხობილ სხეულზე ყოველ დარტყმას, ისეთი გამეტებით, შეუბრალებლად, მთელი თავისი სათქმელისა და გაბოროტების ამომნთხევი ბოღმით უზაპუნებდა მომჩვარულ ტანს, რომ ამ ველურ ჟინს აყოლილმა ნიკომ მართლა გადადგა ნაბიჯი, ბორდიურში ჩაგოზილი უშველებელი ქვა ამოაძრო და ვის მოუქნია ასეთი ზიზღით, მთელი სულისა და გულის ამომტანი გინებით, იმ სამს, თუ ქვაფენილზე წაქცეულ ადამიანს? –  ლოდი ერთ-ერთი მათგანის მხარზე ასხლტა და ვიღაცის განწირულ ღრიალთან ერთად შეასკდა განათებულ ვიტრინას; შუშის მსხვრევის ხმამ და ელექტროსიგნალის ზრიალმა დააყრუა არემარე და შიშისაგან გონდაკარგულმა ნიკომ ძლივს აღიქვა თავქუდმოგლეჯით გაქცეული სამი ლანდი და იმ ზეცის ჩამომქცევ ზრიალში გაიგონა სასოწარკვეთილ ზლუქუნში დამხვრჩვალი ყვირილი: “გაიქეცი, ნიკო, გაიქეცი!”, მაგრამ ნიკო ადგილიდან არ იძვროდა, ვეღარც გაქცევას ახერხებდა და ვერც მისკენ მიდიოდა, რადგან ნუთუ მართლა დასასრულია ეს ყველაფერი და ნუთუ მართლა რჩება ამ უდაბურ, გულის გამტიალებლად ცარიელ და მიუსაფარ თავისუფლებაში, სადაც მთელი თავისი დღე და მოსწრება იმას უნდა ეცადოს, რომ როგორმე გამოისყიდოს ეს დანაშაული, ეს საძაგელი სულმდაბლობა, ეს დამსამარებელი მარცხი და საკუთარ თავს უნდა უმტკიცოს, რომ ამ გამბითურებული ღალატისა და ლაჩრობის მიზეზი შიში ან გულგრილობა კი არ იყო, არამედ შურისძიება, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშის გასწორება მისი დამმონებელი სიყვარულისა და სიკეთისათვის, ვაჟკაცური განცხადება იმისა, რომ უკვე აღარ სჭირდება მისი მოძალადე ერთგულება და მზრუნველობა და რომ არსებობს უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმე ამქეყნად, ვიდრე მისი ავადმყოფური, თავის მომაბეზრებელი, ყელში ამოსული სიმართლეა. და ნიკომ არ იცოდა, მართლა ეს იყო თუ არა მისი საქციელის მიზეზი, მაგრამ იმას კი ნამდვილად გრძნობდა, რომ ამაში თავის დარწმუნება იყო ახლა ერთადერთი საშველი, რადგან სადღაც, სულ ახლოს ისმოდა მილიციის მანქანების სირენების ყმუილი და ელექტროსიგნალის გაბმულ ზრიალში ჩამხრჩვალი გულამოსკვნილი ვედრება: “გაიქეცი!.. გაიქეცი! არ მოხვიდე!.. მოგკლავ!..” და ნიკოც უკან მოუხედავად გაიქცა, ბნელ ქუჩაბანდში შევარდა, დაბლა დაეშვა და უცებ გაჩახჩახებულ მოედანზე ამოყო თავი, ინერციით კიდევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და დაფეთებული თავგზააბნეული შედგა: აქ, ამ ხელისგულივით შიშველ არეზე, ლამპიონებით გაჩირაღდნებულ ხილულ სივრცეში, რომელსაც ყოველი მხრიდან ერთვოდა მტრულად ჩასაფრებული ქუჩებისა დაქუჩაბანდების ბნელი შენაკადები, ამ დანის პირივით ალესილ და თავბრუდამხვევი ხაზებით დაქსელილ ასფალტზე მას უცებ მთელი თავისი ძალმოსილებით დაატყდა თავს ის გამაოგნებელი შიში, რომელსაც ასეთ ფეთებით გამოექცა; ის შიში, რომელიც სამუდამოდ ჩასახლდა მის არსებაში, ჩაყუჩდა და გაილურსა, რათა შემდეგ, დიდი ხნის მერე, ასეთი საბედისწერო და თვალისამხელი აზრით გაცოცხლებულიყო. ის შიში, რომელიც გრძელ, სლიპ, გრძნეული ელდით გამთანგავი ქვეწარმავალივით იწვა მათში, სადღაც შორს, მომავლის ნისლეულ სივრცეებში სძრავდა ტანს და იქ ამაზრზენად მოხვანცალე კუდს ეძებდა, რათა მას შეერთებოდა, ერთიან არსებად ქცეულიყო და დასრულებული აზრი მიეცა მისი მარადიული მოლოდინისათვის! და აი, შეუერთდა ერთხელ, რამდენიმე დღის წინ, როცა რკინიგზის სადგურიდან შინ ფეხით ბრუნდებოდა: უკაცრიელ საურმე გზაზე წამოეწია კოკისპირული წვიმა, თითქოს ერთბაშად გადაიხსნა ზეცაში დაგუბებული წყალსატევის ყველა ჯებირი და თავის უშველებელ სხეულში დაუტევარი წყალი ზავთითა და გრიალით ჩამოიქცა ზაფხულის ხვატით დაშაშრულ მიწაზე, თვალის დახამხამებაში დაჟვერა უზარმაზარ სივრცეზე გადაშლილი სიმინდის ყანა, გაშმაგებულ ნიაღვრებად დაიძრა გზისპირა ფლატეებზე და ყველაფერი წალეკა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39