– აბა დაიღუპა?

– არც დაღუპულა, – ხმას დაუწია გამომძიებელმა. – შემთხვევის ადგილზე მისი გვამი არ აღმოჩნდა, ესაა და ეს…

– მაშინ რა იქნა? აორთქლდა? მკვდრეთით აღსდგა? ზეცაში ამაღლდა? – დაცინვის გუნებაზე დადგა ნიკო.

– არ ვიცი. – მხრები აიჩეჩა გამომძიებელმა. – აქ, როგორც იტყვიან, გამოძიება ჩიხში მოექცა.

– საოცარია, პირდაპირ ამაზე ამბობთ, გამოძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდა, შეცდომა გამორიცხულიაო?

– დიახ, გამორიცხულია! – ისევ გაჯიუტდა გამომძიებელი.

– დანაშაული უეჭველია, მაგრამ დამნაშავე არ არსებობს, არც მკვდარი, არც ცოცხალი.

– იქნებ სულაც არაა დამნაშავე. ხომ შეიძლება, მანქანაში სხვა ვინმე მჯდარიყო, მისი სახელით ემოქმედნა. ასეთი რამ არ დაგიშვიათ?

– დავუშვით, მაგრამ მაშინვე გამოვრიცხეთ. ამის დამადასტურებელი არავითარი საბუთი არ აღმოჩნდა.

– ახლა რომ აღმოჩნდეს?

– არ აღმოჩნდება! – იყვირა გამომძიებელმა. – შეუძლებელია! – მაგრამ მაშინვე თავი აიღო და ნიკოს გამომცდელად მიაჩერდა. – არ აღმოჩნდება… – გაიმეორა უკვე დაეჭვებით. – თქვენ რა, რაიმე ხომ არ იცით?

– არა, ჯერჯერობით არაფერი, – განგებ დამაეჭვებლად უთხრა ნიკომ, რადგან გულის სიღრმეში უკვე მოუთმენელი ნეტარებით იბადებოდა რაღაც საბედისწერო და ურყევი გადაწყვეტილება. – მაგრამ ვხედავ, რომ არც თქვენ გაგაოცებდათ ასეთი საბუთის აღმოჩენა.

– მე არაფერი არ გამაოცებს, მეგობარო. ჩვენს საქმეში გაოცება უცხო გრძნობაა, თანაც შეცდომისაგან არავინ არის დაზღვეული, თვით მართლმსაჯულებაც კი, – თქვა და თვითონვე გაუკვირდა თავისი ნათქვამი. – მაგრამ კიდევ გიმეორებთ: ეს ის შემთხვევა არ არის, სადაც შეცდომის დაშვება შეიძლებოდა. გარდა ამისა, თუ რაიმე ალიბი არსებობს, თავისთავად ამოტივტიდებოდა, როცა საჭირო იყო. სხვანაირად არ ხდება, მერწმუნეთ. ასე, რომ, ტყუილი იმედი გაქვთ, სამწუხაროდ, თუმცა, მე პირადად არ მეწყინებოდა ეს ამბავი.

– მაშინ რატომ ამტკიცებთ, რომ მკვლელი სწორედ ის არის და არა სხვა ვინმე?

– მე არაფერსაც არ ვამტკიცებ. – შელახული თავმოყვარეობის გრძნობით თქვა გამომძიებელმა. – ჩვენ არავის დანაშაულს არ ვამტკიცებთ. პირიქით, ჩვენ ვეძებთ პიროვნების უდანაშაულობის საბუთებს. ეს კაცი, პირველად ჩემთვის უდანაშაულო იყო, როცა მისი საქმე გადმომეცა, უდანაშაულო, მაგრამ ეჭვმიტანილი. ეს კი სხვადასხვა მცნებებია, ეჭვის მიტანა ყველაზე შეიძლება, ამის უფლება გვაქვს, სამწუხაროდ, – ბოლო სიტყვა განსაკუთრებული კმაყოფილებით წარმოთქვა, – და მართლმსაჯულება ცდილობს, ყოველნაირად გაფანტოს ეს ეჭვები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს არ ხერხდება და მაშინ ეჭვმიტანილი დამნაშავედ იქცევა. ასე იყო ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, მე ყოველნაირად ვცდილობდი, გამეფანტა მასზე მიტანილი ეჭვები, თუმცა ვიცოდი ვისთანაც მქონდა საქმე.

– ვისთან?

– მკვლელთან! – უცებ აჯახა გამომძიებელმა. – ის ხომ მანამდეც იყო მკვლელობისათვის ნასამართლევი.

– როგორ! გაშრა ნიკო. – რას მეუბნებით!

გამომძიებელმა ჯერ ნიშნის მოგებით, შემდეგ კი უცაბედად აღძრული ეჭვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა მოსაუბრე და უკვე ჩვეული პროფესიული თავდაჯერებითა და ქედმაღლური სიდინჯით ჰკითხა:

– თქვენ მართლა არ იცნობდით დამნაშავეს?

– არა… – შიშით უპასუხა ნიკომ. – ჩემს დღეში თვალით არ მინახავს…

– ვითომ? – გამომძიებელი წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა.

– კარგად დაფიქრდით, იქნებ იცნობდით, ა?

– არა, საიდან უნდა მცნობოდა… შემთხვევით გავიგე ეს ამბავი და, სიმართლე გითხრათ, ძალიან დამაინტერესა. ჩემს დღეში არ მინახავს ის კაცი… – და თქვა თუ არა ეს, მაშინვე, თვითონაც არ იცოდა რატომ, იგრძნო, რომ ტყუოდა.

არა, მაშინ ალბათ არაფერი არ უგრძვნია. ამას მერე მიხვდა, თითქმის ორი თვის შემდეგ, როცა სამგზავროდ გამზადებულ თინას უყურებდა და ავი წინათგრძნობით შეჩქვიფებული იმის გახსენებას ცდილობდა, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. სანამ ავტომობილს დაძრავდა, ერთხელ კიდევ შეფარვით შეავლო თვალი გვერდით მჯდომ ქალს, იქნებ მისი სახის გამომეტყველებაში დაეჭირა რამე ისეთი, რაც ოდნავ მაინც შეეშველებოდა, გაამხნევებდა, როგორმე გაუქარვებდა გულის მწიწკნავ ეჭვებსა და მოუსვენრობას, მაგრამ ქალიც შეცბუნებული და დაბნეული იყურებოდა საქარე მინაში, ნერვიულად ტკეპნიდა სავარძელს, თითქოს გრძელი გზის წინ უფრო მოხერხებულად მოკალათება სურსო და მხოლოდ მაშინ, როცა უცებ შენიშნა კაცის მომლოდინე თვალთვალი, თავი მისკენ მიაბრუნა, მანუგეშებლად გაუღიმა და საჭეს ჩავლებულ მარჯვენა ხელზე გამამხნევებლად გადაუსვა თავისი მსუბუქი, სიფრიფინა ხელისგული.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39