ბუნებრივი იყო მისი თანაგრძნობა ვიღაც მოხუცისადმი თუ ჩემს წინაშე პოზიორობდა. ხანდახან ისიც კი მეჩვენებოდა, რომ იგი საკუთარ თავს ცდიდა ამ გასაოცარი მარტვილობით, იმას ამოწმებდა, ჰქონდა თუ არა ალალი თანაგრძნობისა და სხვისთვის მწუხარების უნარი, თვითონ მას კი არა – თავისთავს ამ შემთხვევაში საცდელი ცხოველივით იყენებდა – მას კი არა, ადამიანს, ვის მარადიულ სიკეთესა და დიდსულოვნებაზე ჯერ კიდევ არ ჰქონდა გული გატეხილი, ვიღაც სხვა, თავის ძალასა და სიკეთის ქმნის უნარში დაეჭვებულ კაცს, რომ მისთვის რწმენა და თავდაჯერება მიეცა. ნუთუ მე ვიყავი მისთვის ეს კაცი, ეს ურწმუნოებითა და გულგრილობით დასნეულებული ავადმყოფი და ჩემს განკურნებას ცდილობდა თავისი თავდადებული ექსპერიმენტით? მე კი საშინელი სიძულვილი და პროტესტის გრძნობა მკლავდა, როგორც სიცხიან ბავშვს ნემსშემართული ექიმის დანახვაზე, ან შესაძლოა, სულ სხვაგვარად იყო საქმე, მაგრამ მაშინ სწორედ ამ პროტესტმა და სიძულვილმა მაიძულა წამოდგომა და ქუჩაში გასვლა, რომ მისთვის სახეში შემეხედა და თვალნათლივ დავრწმუნებულიყავ ჩემი მიხვედრის სისწორეში; ან იქნებ გუმანმა მიკარნახა, რომ სადღაც იქ, სულთმობრძავი ბერიკაცის სიახლოვეს იმალებოდა ის “რაღაც”, რომელსაც თავის დახსნის მტანჯველი სურვილითა და იმედით ვეძებდი; ის “რაღაც”, რომელიც ყველგან და ყველაფერში შეუცნობლად ბუდობდა; ის რაღაც, რომელიც წაიღო საბავშვო ველოსიპედის ბორბალმა თავის უკანასკნელი გზაზე ეზოდან ჰოსპიტლის მწვანე გალავნამდე. ის “რაღაც”, ეზოში ჩასული სტუმრის გამოსათხოვარ შემოხედვას რომ ახლდა მილიციის მანქანაში ჩაჯდომამდე; ის წყეული “რაღაც”, რომელსაც ვეწეოდი და ვერ ვეწეოდი, თითქოს საკუთარი ჩრდილი ყოფილიყოს, ფეხის ყოველ გადადგმაზე რომ მოუხელთებლად წინ მიმიძღოდა. ავდექი და გარეთ გამოვედი. თბილი, წყნარი ღამე იდგა. ცაზე არც მთვარე ჩანდა და არც ვარსკვლავები ციმციმებდნენ, მაგრამ მაინც მშვიდი და სათნო ნათელი ეფინა ქუჩას, სახლებს, ადამიანის სმენისთვის მიუწვდომელ ხმებზე მიყურადებულ მფეთქავ სიჩუმეს და მყუდროებას. პირდაპირ ჩაბნელებულ სადარბაზოს გამხდარი სილუეტი გამოეყო. ნელა მომიახლოვდა და მითხრა – “დამთავრდა”, მაგრამ იგულისხმა – “დაიწყო”, უნდა ეთქვა “დაიწყო”, რადგან ეს სიტყვა ახლა ყველაზე უფრო ზუსტად და გასაგებად გამოხატავდა იმას, რისი თქმაც უნდოდა და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მან არ თქვა ის, რასაც აპირებდა, რადგან შეეშინდა, რომ ჩემთვის გაუგებრად, ჩემთვის ყალბად, ჩემთვის ყურთ წამღები ჟღარუნით გახმიანდებოდა ეს სიტყვა ამ გრძნეულ სიწყნარეში, ისევე ყალბად და ყურით მოთრეულად, როგორც შემდეგ გაისმა ჩემი ნათქვამი – “იარაღი”, მაგრამ მაინც უნდა ეთქვა – “დაიწყო” ისევე, როგორც მე ვთქვი ის “იარაღი”, რადგან იგი ამ დროს ამომწურავად და ყველაფერზე პასუხის გამცემად გამოხატავდა ჩემს ლაჩრობასა და არაკაცობას, “იარაღი”, რომელიც უნდა მომიღეროს, როცა ისევ დაბრუნდება, აუცილებლად რომ მოვა, უსათუოდ რომ უნდა მოვიდეს, თუ კიდევ არის სამართალი ამ ქვეყანაზე, უნდა მოვიდეს და მომიღეროს, რათა აღასრულოს თავისი ვალი და მე შევალ ამ იარაღის ცივ წყვდიადში, როგორც სინათლის სხივი, ზეგარდმო სიშორიდან მომავალი; უნდა ეთქვა “დაიწყო”, რადგან ჩემს წინაშე იდგა არა ხორციელი ადამიანი, არამედ ლოცვით გაცისკროვნებული წმინდანი და მომეჩვენა თუ მართლა იყო, მის სახეზე დავინახე უღრმესი აზრით აღსავსე სიხარული და არც ის ვიცი, რა იყო ამის მიზეზი – საკუთარ თავზე გამარჯვების შეგნება თუ სიამაყე იმის გამო, რომ მისი ნებაყოფლობითი მარტვილობა ასეთი ყოვლის ამხსნელი და გამამართლებელი დასასრულით დაგვირგვინდა, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, მივხვდი, რომ კიდევ ერთხელ ვიწვნიე სასტიკი მარცხი და ამ შეგნებით გაპარტახებული მდუმარედ ვიდექი და ვუყურებდი, როგორ აღებდნენ ფანჯრებს მესამე სართულზე, შემდეგ ფარდებიც გადასწიეს და დავინახე, როგორ იმატა შუქმა ფანჯრებში, მერე ქალის თავშეკავებული ქვითინიც გავიგონე და ისევ მიწყნარდა არემარე, მხოლოდ ღია ფანჯრებში მოჩანდა მოფუსფუსე ჭირისუფალთა მზრუნველი სახეები. ჩვენ მდუმარედ დავეშვით დაღმართზე, განათებულ ქუჩაზე გამოვედით და ნელ-ნელა დავუყევით მძინარე ქალაქს – ჯერ კიდევ თბილი და წყნარი ამინდები იდგა და ხეებს მოწყვეტილი ყვითელი ფოთლები სატაძრო-რიტუალური ცერემონიალის ძლევამოსილი სიმშვიდით ცვიოდნენ გრილ მიწაზე.

– დანა-ჩანგალი, – ჩაესმა ნიკოს ქალის ხმა.

– ა?

– ნიშანი იყო გზაზე, ვერ დაინახე? – სიცილით თქვა თინამ და ნიკო, ვერ მიხვდა, ამ მართლაცდა სასაცილო, თავისი საყოველთაო მისიისათვის შეუფერებელი რიხითა და საბრძოლო შემართებით მომზირალ დანა-ჩანგლის შინაარსს აქილიკებდა ქალი თუ იმასაც, რაც მათთვის ამ ჩვეულებრივი საგზაო ნიშნის აზრს უკან იმალებოდა, რადგან არც თინას და არც ნიკოს ფიქრები და განცდები არასდიდებით არ იკარებდა საგზაო რესტორნების მიწიერსა და ყოფით სიმართლეს და ორივეს დაწვრილმანებული და მიზნის დამამცრობელი კირკიტის უამური შეგრძნებით ამძიმებდა, ამიტომ ამ შეგრძნების მისაჩქმალავად და კიდევ იმის მოსაჩვენებლად, რომ ვითომ აღარც კი ახსოვდა ის ბობრი კაცი, რომელსაც რაღაც უნდა სცოდნოდა, და ვითომ სხვა არაფერი არსებობდა ამ წუთას, მათი ერთად ყოფნის გარდა, ნიკომ მხოლოდ ქალზე მზრუნველი გულითადობითა და თავაზით თქვა:

– ჩავიდეთ, დავისვენოთ, დაღლილი იქნები, – და თინამაც კინაღამ დაიჯერა ნიკოს გულწრფელობა, ყოველ შემთხვევაში, აღარ ჩასძიებია ჩვეული გაფაციცებით და დადარაჯებული სიფრთხილით, ნათქვამი ისე მიიღო, როგორც კაცს უნდოდა და დაეთანხმა, ჩავიდეთ, მუხლი გავმართოთ, რაღაც მთლად მოვითენთეო და ამ გუმანით შეთქმულმა და ერთმანეთის თვალის ასახვევმა თამაშმა ორთავეს შვება მოჰგვარა, თითქოს მართლა იგრძნეს საამო დაღლილობაც და ცოტაოდენი შიმშილიც, ეს თუ არა, მუხლის გამართვა და მიწაზე ფეხის დაბიჯება ნამდვილად არ აწყენდათ, მით უმეტეს, რომ ხელმარცხნივ გზატკეცილიდან გაპარულ ორღობის ბოლოს კორომში ჩახატული მშვენიერი ფაცხა იდგა და მის ირგვლივ ფერდობზე შეფენილი ჩრდილნარიც საამო სიგრილისა და სიმყუდროვის აღქმით ეპატიჟებოდათ. ნიკომ ნელ-ნელა მიაგორა მანქანა ორღობის თავში მოწყობილ პატარა სადგომზე, სადაც კიდევ იდგა სამი თუ ოთხი მსუბუქი ავტომობილი და ერთი საექსკურსიო ავტობუსი შიგ უპატრონოდ დატოვებული ჩანთებითა და ტანსაცმლით.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39