რომ როგორმე მალე მოგვეშორებინა ეს ცხედარი, სასწრაფოდ ჩაგვეგოზა მიწაში და ზედ ყვავილები მიგვეყარა, ყვავილები მაინც! თვალნათლივ ვხედავდი ამ შეხვედრას და ჩვენი სახეებიც წარმომედგინა – არა ისეთი, ახლა რომ წარმომიდგენია. ახლა სულ სხვა იქნება, ახლა ვერც მოვასწრებთ ერთმანეთის დანახვას, ახლა მისი სახე მყისიერად იელვებს და მაშინვე განქარდება არყოფნის დამაბრმავებელ სინათლეში! – მისი სახე: უტეხად ამაყი, ძლიერი და შემწყნარებელი ღიმილით განათებული და მაინც ოდნავ შემკრთალი და შეცბუნებული თავის უფლებებში დაეჭვებული, თითქოს თხუთმეტი წლის შემდეგ შინ დაბრუნებული პირველად შეხვდა მის ხელში ფეხადგმულ მეზობლის ბიჭუნას, უნიფხვოდ რომ დატანტალებდა, კისერზე აჯდებოდა და ბიძიას რომ ეძახდა და უცებ დააბნია მისმა მოულოდნელმა, თავხედურმა ნახტომმა პირდაპირ კაცობაში, შელახული თავმოყვარეობის გრძნობით დათრგუნა და გააბრაზა, თითქოს რაიმე დაეშავებინოს მისთვის იმ პატარა ბიჭს თავისი დაუკითხავი და ხულიგნური გარდასახვით, და ჩემი სახე: ამ მოულოდნელობის ეფექტით გამარჯვებული, ამ აქსელერაციული აფეთქებით მოზეიმე, ნიშნის მომგები სიამაყითა და მადლიერებისა და პატივისცემის თვალთმაქცური ნიღბით, ნასწავლი გულითადობითა და მოკრძალებით, რომელშიც აშკარად გამოსჭვივის ამ მძიმე, ორთავეს დამთრგუნველი უხერხულობისაგან მალე განთავისუფლების მოულოდნელი სურვილი, ისეთი, ლიფტში რომ ეუფლება ყველაზე ახლობელი ადამიანის პირისპირ დარჩენილ კაცს, თუნდაც საყვარელი ქალის პირისპირ, როცა ამ ერთი ციცქნა დახშულ საკანში ყოფნის რამდენიმე წამი, ნებისმიერი სიტყვა ან საქციელი, თვით დუმილიც კი, უდიდეს სიმართლეს მოითხოვს, ამ რამდენიმე წამში კონცენტრირებული მთელი ცხოვრების სიმართლეს, მათი აქამდე ურთიერთობის შემაჯამებელ სიმართლეს და ამიტომ ერთი სული აქვს, სანამ ლიფტი გაჩერდებოდეს და კარი გაიღებოდეს და თითქოს ლიფტიდან კი არა, რენტგენის კაბინეტიდან გამოდის და რენტგენოგრამის პასუხივით ელის წინ მიმავალი ქალის პირველ სიტყვას – მინახავს ეს გამომეტყველება მის ძველ ნაცნობ-მეგობართა სახეებზე ქუჩაში, რესტორანში ან სადმე სხვაგან შეხვედრისას რომ გამოეხატებოდათ ხოლმე, როცა გვერდის ავლით ან შორიდან მისალმებით ცდილობდნენ თავის დაძვრენას, ანდა, თუ ეს შეუძლებელი იყო, წუთით გაუჩერდებოდნენ და ცხენშეკაზმულნი მოიკითხავდნენ და ამ მიკიბულ-მოკიბულ მოკითხვებსა და პასუხებში აშკარად იგრძნობოდა გულითადობის ღიმილით შენიღბული დადარაჯებული და უნდობელი სიფრთხილე, თითქოს ეშინოდათ რაიმე ისეთი არ ეთქვათ ან არ ჩაედინათ, რაც ძაღლივით უკბენდა მათი ძლივს მოწესრიგებული ცხოვრების ძვირფას სიმშვიდესა და კმაყოფილებას და კარგად გაჩერებულნიც არ იყვნენ, რომ უკვე წასვლას აპირებდნენ, უხერხული ღიმილით აფუჩეჩებდნენ ნაძალადევ საუბარს და ისევ შორდებოდნენ, როგორც შემთხვევით ნაცნობს, მაგრამ სახეებზე მაინც ეხატათ თვით მათთვისვე აუხსნელი სინანული და ეჭვი – ამას ნათლად ვხედავდი მაშინ, როცა მეც თავაზიანი და ცნობისმოყვარე მზერით გამომემშვიდობებოდნენ: – “აჰა, შენც გაები, ჯიგარო? – მეუბნებოდნენ მათი თვალები, – შენც მიგიტყუეს მახეში? დროზე დააღწიე თავი, ბოლომდე მაინც ვერ გაუძლებ, დროზე უშველე თავს, თორემ გვიან იქნება!” და მიდიოდნენ, სასწრაფოდ უბრუნდებოდნენ თავიანთ ცხოვრებას და შვებასთან ერთად მიჰქონდათ სევდა და სინანული და ეჭვი იმისა, რომ ვაითუ, მე მათზე ძლიერი აღმოვჩენილიყავი და შევგუებოდი იმ ყოფას, რასაც თვითონ ვერ შეეგუენ. მაგრამ ვერც მე შევეგუე. შეუძლებელი იყო ეს – ყველაზე უფრო თინა მიმიხვდება – შეუძლებელი იყო ამასთან შეგუება, ამიტომ სასოწარკვეთილი ვიბრძოდი თავისუფლების მოსაპოვებლად, ისევ ვწერდი და ვწერდი, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა მისგან თავის დასაღწევად და მეჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწევდი სასურველ მიზანს. და ვწერდი მოთხრობას ერთ კაცზე, რომელიც შუაღამით დგებოდა, პალტოს უბეში პურის გოგორას ამოიდებდა და ქუჩაში დადიოდა, რათა მაწანწალა ძაღლები დაეპურებინა, დილით კი სამსახურში მიდიოდა და საყვედურს საყვედურზე იღებდა იმის გამო, რომ სამუშაო მაგიდაზე თავჩამოდებულს ეძინა და ვერ ასწრებდა ციფრებით აჭრელებული ქაღალდების გადაწერას, რომლებიც საქმეს ძალიან სჭირდებოდა, და ბოლოს სამსახურიდანაც დაითხოვეს და თვითონაც მშიერი დარჩა და ძაღლებიც. და როცა ამას ვკითხულობდი, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, რადგან ვიცოდი, რომ მხოლოდ მას შეეძლო ამის გაკეთება ისე ბუნებრივად და საქმიანად, როგორც იცოდა ხოლმე ზამთრის გრძელ ღამეებში, როცა შუაღამეზე ადგებოდა, გათოშილი ქალაქის ცარიელ ქუჩებში დაეხეტებოდა, რომ სადმე კოცონს მიფიცხებულ ღამის დარაჯს წასწყდომოდა, მასთან ერთად სიგარეტი გაებოლებინა და დილამდე ესაუბრა. მაგრამ ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ მან სიცილით თქვა, გიჟის გარდა, არავინ დაეხეტება ქუჩაში შუაღამით იმისათვის, რომ მშიერი ძაღლები დააპუროს, მით უმეტეს, თუ დილით სამსახურში წასასვლელიცაა და თან ასეთი საჭირო საქმეც აბარიაო: თუ გიჟია, გიჟს სამსახურში რა უნდა, გიჟი საგიჟეთში უნდა იყოს, ხოლო თუ ჭკვიანია, მაშინ სხვა რაღაცაა საჭირო, თორემ ძაღლები ბევრს ეცოდება, მაგრამ არავინ არ იტეხავს ძილს მათთვის და არც სამსახურს კარგავს, თუ რაღაცაში არაა საქმეო; აი, ეს რაღაცაა მთავარი და ამას რომ იტყვი, მაშინ სხვა ამბავიაო. და მე მაცოფებდა ეს უბრალო და ნათელი ჭეშმარიტება და სიმწრისაგან თმას ვიპუტავდი, რატომ თვითონვე ვერ ვხვდები, თავს რად ვიბითურებ-მეთქი. რა იყო ის “რაღაც”, რომელიც ყველგან და ყველაფერში უნდა დამენახა და განმეცადა; ის “რაღაც”, ურომლისოდაც ნებისმიერი მოვლენა, ყოველი ადამიანური ქმედება, თვით ყველაზე აშკარა და უეჭველი სიმართლეც კი ყალბი და გაუგებარი იყო; ის “რაღაც”, რომელიც თვით მასაც აიძულებდა მთელი ორი დღე და ღამე თვალი არ მოეხუჭა და არც მე დავეძინებინე იმის გამო, რომ მოპირდაპირე სახლში ვიღაც დავრდომილი ბერიკაცი სიკვდილს ებრძოდა! “მე უნდა ვიგრძნო ის წამი, როცა მისი სული სხეულს გაეყრება!” უხერხული და ლამის ირონიული მაღალფარდოვნებით ამბობდა ის და დღე და ღამე ფანჯარასთან იჯდა ან ქუჩაში ბოლთას სცემდა და ბერიკაცის ბინის განათებულ სარკმლებს გაჰყურებდა, სადაც მაქმანის ფარდებს მიღმა წამდაუწუმ ჩნდებოდნენ ღამისმთეველი ნათესავების ლანდები, ან ვიღაც გამოიხედავდა და ცნობისწადილით დააჩერდებოდა სახლის წინ მოსეირნე ადამიანს. მე კი ვიწექი, ძილს ვებრძოდი და იმის გამოცნობას ვცდილობდი,

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39