ყველას ერთად, მთელ ამ მოყაყანე, მოჭყვიტინე, ავხორცული ვნებებით ატაცებულ გარემოს, რომელიც მას ითხოვდა, უხმობდა, ნაღდი და დაუფარავი სურვილით ეძახდა, მიუკიბ-მოუკიბავი გულწრფელობითა და გაშიშვლებული გრძნობით უღებდა გულს და სხვა არაფერი არ უნდოდა მასთან ყოფნის გარდა, მთელი არსებით მას ეკუთვნოდა. და არაფრის არ ეშინოდა – აქედან უფრო შეიძლებოდა უკან დაბრუნება! ახლა, როცა წუთიწუთზე იყო მოსალოდნელი ბობრი კაცის გამოჩენა და რაღაცის შეტყობა, ქალი უკან დასაბრუნებელ გზას იტოვებდა, უკანასკნელი თავგანწირვით ცდილობდა იმის გაკეთებას, რასაც ნიკო ვერ ახერხებდა, ვერ ახერხებდა კი არა, არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა – თინამ წეღანვე შენიშნა, რომ კაცი შიშის ფეთებით ეძებდა ამ გამოსავალს. რესტორანში შემოსვლამდე და შემოსვლის შემდეგაც იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ მოქცეულიყო, რომ თავი დაეხსნა ამ გასაჭირისაგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ავტომობილში მოხდა; მას შემდეგ, რაც ამ ქვიშიან ნაპირზე ჩამოვიდა და პირველად მოისმინა თინას ქმრის ამბავი; მას შემდეგ. რაც მისი მოძებნა და სიმართლის გაგება გადაწყვიტა; მას შემდეგ, როცა პირველად შეეხო ქალს მოყანყალებული ბონდის ხიდზე და პირველად ჩასახლდა მასში ეს უცნაური, გაუგებარი, მოუშორებელი შიში, რომელსაც მალავს და ვერც მალავს, უმხელს და ვერც უმხელს და მაინც რომ გრძნობს ქალი მის ყოველ სიტყვასა და საქციელში; ახლა კი, როცა კვანძის გახსნა მოახლოებულია და ყველაფერი ავად თუ კარგად უნდა დასრულდეს, მთლად გონდაბნეულია ამ შიშით და მხოლოდ თინასგან ელოდება ხსნას და საშველს – როგორ აშკარად ეტყობა ეს შეცბუნებულ და ახალი სიმართლით გამხნევებულ სახეზე, როგორი სიძულვილითა და უპატიებელი საყვედურით უყურებს მთვრალი კაცების წრეში მოცეკვავე და მოკისკისე თინას, თითქოს მართლა არაფერი არ ყოფილა ან ყველაფერი ტყუილი და უზნეო ქალის თვალთმაქცობა იყო: ის დაუვიწყარი საღამო ბონდის ხიდთან, ის მთრთოლვარე შეხვედრები მდინარისპირა ჭალებში თუ ქვიშრობებში, ის ორაზროვანი, მომავლის წინაშე თავის გამმართლებელი საუბრები უკაცრიელ სანაპიროზე, ეს აფორიაქებული ვნებებით ჩაქროლილი გზა, ეს მონატრებული და მადლიერი ალერსი შემხვედრი მანქანების შუქით განათებულ კაბინაში – არაფერი არ ყოფილა, ან ისეთივე ავხორცული ჟინი იყო, როგორც ეს თრობა, როგორც ეს გამომწვევი სიცილ-კისკისი როგორც ეს ტოკვა და ცახცახი გალეშილი კაცების ალყაში! ო, ეს ურცხვი, უნამუსო, მოღალატე დიაცი, ეს უზნეო გულისთქმებს აყოლილი კახპა! როგორ უცაბედად გაიყიდა, როგორ პირველსავე ჭიქაზე გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და გაათავისუფლა ნიკო ამ სინდისის მქენჯნავი დანაშაულისაგან, ამ შიშისაგან, მოუშორებლად რომ სდევს ყველგან, როგორც საკუთარი აჩრდილი! მავნე, გულის მკორტნავი სიხარულისაგან აფართქალებულ თინას კი უკვე ფეხსაცმელებიც წაეძრო, კასტანეტებივით ეჭირა აწეულ ხელებში, ერთმანეთზე ატკაცუნებდა და კი არ ცეკვავდა – დათუთქული ფეხისგულებით მიხტოდა ცხელი ფარდაგის ხაოიან ზედაპირზე, კი არ აბიჯებდა – შიშველი ტერფების აწივლებული ნერვებით ეხებოდა გავარვარებული ქვიშრობის მწველ სიტკბოებას, კი არ გაურბოდა – სულწასული მოლოდინის ელდით გაქნეული უსხლტებოდა დასაჭერად გამოდევნებული კაცის ხელებს და – “აქ, ამ ცხელ სილაში უნდა გავაჩინოთ ჩვენი შვილი!” – ყვიროდა კაცი და ეს სიტყვები, ეს სიცოცხლის პირველყოფილ აზრში ჩაყურყუმალავებული ღაღადი ორივეს ველური ვნებით ათრობდა და ქალის მთელი არსება თავდავიწყებით როკავდა შორეული უღრანებიდან გამოხმობილი ტამტამებისა და ბუკების ხმაზე; და – “არ შეხვიდეთ! ჩამოინგრევა ეს გვირაბი, ჩამოინგრევა!” – ყვიროდა იგივე ხმა თვითმცლელი მანქანის კაბინაში და დარბაზს აზანზარებდა აღმუვლებული ძრავის დამანგრეველი ვიბრაცია; და – წკაპ!” მუსიკის, ტაშის, ძრავის გრიალში გაისმა უცნაური ჩქამი და ვიღაცამ თვალი გაახილა და დაინახა საწოლიდან ჩამოვარდნილ საბანში წამოყუნცული ბავშვი და ღია სარკმელთან მშვიდად მძინარე ქალი, რომელსაც მკერდსა და სახეზე ეფინა უჩინარი მთვარის შორეული ნათელი და შემდეგ გაისმა კაცის სასწაული ხმა: “ნუ გეშინია! ნუ გეშინია!” და მერე იგივე ხმა საზარლად აქვითინდა ელექტროზარის გაბმულ ზრიალსა და სირენების გულგამყინავ ყმუილში: – “არ მოხვიდე, ნიკო გაიქეცი, არ მოხვიდე! მოგკლავ!” მაგრამ ნიკო გაშეშებული იდგა, მუსიკის ჭყვიტინში, მემთვრალეთა ხორხოცსა და ბრახა-ბრუხში ღვინით აგუგუნებდა და გაბრუებულ გონებაში უსმენდა ამ ჩაუცხრომელ და მშობლიურ ხმას, ამ გამამხნევებელ მოწოდებას, ამ მონატრებული სიმართლითა და სინათლით გაცისკროვნებულ ლოცვას და თვითონაც ერთბაშად გაივსო ამ სინათლითა და სიხარულით. მახრჩობელა აღტაცებამ გაუძაგრა ყელი, ღვინით გალიცლიცებული ტოლჩა ჩაბღუჯა, აიტაცა და – სიმთვრალისაგან გამრუდებული აღქმის ბრალი იყო თუ სხვა რამისა – პირველი სიტყვის წარმოთქმისთანავე მოეჩვენა, რომ უცნაურად შეცვლოდა ხმა. თითქოს თვითონ კი არა, ვიღაც სხვა ლაპარაკობდა მისი პირით: – “ყოველ სიკვდილს თავისი სიმართლე აქვს…” – თქვა და სულის მოსაბრუნებელ შეყოვნებაში ზედ ყურთან გაიგონა თინას დაზაფრული ხავილი: – “გაჩუმდი! თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი!” – მაგრამ უკვე გაჩუმება აღარ შეეძლო, სიტყვები თავისით დაიძრნენ გულიდან, მოკუმული ბაგეები გამოხეთქეს. გაღაჟღაჟებული სახეების უსიერ ტევრში და დარბაზის ნისლეულ უდაბურობაში განიბნენ “არ დალიო. ნიკო, გეხვეწები, წავიდეთ აქედან! წავიდეთ!” – ისევ ჩაესმა ქალის გულშემოყრილი მუდარა, ხელის აქნევით მოიცილა მყისიერად გაელვებული სიბრალული და ხმას აუწია: – “ყოველ სიკვდილს თავისი მიზანი აქვს! როცა ხედავ, როგორ ეკიდება ცეცხლი შენს მიწაზე აშენებულ სახლს, შენს ხეს, შენს სოფელს, მაშინ აღარ გახსოვს აღარაფერი – შენს წინ მხოლოდ სიკვდილის მიზანია განათებული და გამოკვეთილი და არ არსებობს ძალა, რომელიც თუნდ წამით გაგახსენებს შიშს, სიფრთხილეს!”

ტოლჩა ნახევრამდე არ დაელია, როცა იგრძნო, რომ გონება ეკარგებოდა და თვალთ უბნელდებოდა და არ იცოდა სასმელისაგან ემართებოდა ეს თუ უკანასკნელი სიტყვის წარმოთქმისთანავე მოვარდნილი პანიკური შიშისაგან, ვერ ბედავდა სასმისის ჩამოღებას და შესვენებას, რათა არ დაენახა დარბაზის კუთხეში მომლოდინე იარაღშემართული კაცი, თვალები ტოლჩაში ჩაეყო, ნელ-ნელა, გაჭიანურებით სვამდა და აგუგუნებულ ყურებსა და გონებაში ურახუნებდა თამადის ომახიანი შეძახილი: – ბრავო! ბრავო! შევსვათ ომში დაცემულ ვაჟკაცთა სადღეგრძელო!

 

…შემდეგ იგრძნო, რომ ვიღაც ანჯღრევდა და უროსავით ჩასძახოდა:

– მეგობარო!.. მეგობარო!.. ადექით!.. გაიღვიძეთ!..

ძლივს წამოწია თავი, სახე მოისრისა და მიმოიხედა. ჯერ ცარიელი დარბაზი. დაინახა, მერე ხორაგის ნამუსრევით და ნამწვავებით დახორილი მაგიდა, მერე თავზე წამომდგარ ვიღაცას შეხედა. მაშინვე იცნო ბობრი კაცი.

– ადექით. იქ რაღაც მოხდა. – უთხრა ბობრმა კაცმა. – მგონი მანქანა გადავარდა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39