რომ მუდამ სხვისთვის სიკეთის ქმნას ზოგჯერ საკუთარი კეთილდღეობა არჩიო, რადგან ყველაფერი უფრო დასაფიქრებელია და ამიტომაა, რომ ყოველი კაცი საკუთარ სიმართლეებს ქმნის, პატარ-პატარა იძულებით სიმართლეებად აქუცმაცებს იმას, რაც მასაც ერთადერთ და განუყოფელ ჭეშმარიტებად მიაჩნია და თან ორივე ხელით ებღაუჭება მაშველ აზრს: ხომ არსებობს ქვეყანაზე ეს ჭეშმარიტება, ხომ არიან კიდევ მისი ერთგული ადამიანები და ეს სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ კაცმა კაცობა არ დაკარგოს, პირუტყვად არ იქცეს და არ გაველურდეს. ბარაქალა მას, რაც არსებობს სადღაც თავისთვის და მას ვერ შეეხება, ვერ გამოელაპარაკება, ვერ გაარტყამს, ვერ მოეფერება, შვილს ვერ გაუჩენს და იქნება ასე, თავისი შორეული არსებობით დამაიმედებელ მიუწვდომელ სადღაცაში, მაგრამ თუ ერთხელ მაინც პირისპირ შეეფეთება იმ უცხოობით კარგსა და ყოჩაღს, ხელით შეიგრძნო მისი ხორციელობა, მოისმინა მისი ნამდვილი ხმა, შეისუნთქა მისი ადამიანური სუნი, დაინახა, მისი მოძრაობა – გველი, გველი ზუსტად მისი თავის სიმაღლეზე ეკიდა, მარჯვნივ, ორიოდე მტკაველის დაშორებით! – მოისმინა მისი აზრები და განიცადა მისი გრძნეული სიახლოვის ელდა, მაშინვე ხვდება, თუ რა ძნელია ამ უმსგავსობის გვერდით ცხოვრება და რა ამაზრზენად მახინჯია, რაც არ უნდა მშვენიერი იყოს იგი და ამიტომ თავგანწირვით გადაეფოფრება საკუთარ წვრილ-წვრილ სიმართლეებს, როგორც კრუხი თავის აწიაქებულ წიწილებს და იმით ინუგეშებს თავს, რომ მეტისმეტი სიმართლეც სიცრუეა და არის მასში რაღაც პათოლოგიური და მიუღებელი და ბოლოს და ბოლოს, კაცმა არ იცის, რა არის ეს სიმართლე, რადგან ცხოვრება თავისას მოითხოვს და აღსავსეა უთვალავი ურთიერთობითა და ადამიანური ვალდებულებით და რომ არ ეკუთვნი მარტო საკუთარ თავს და ამით ხარ ძლიერი და მართალი – გველი, გველი ზუსტად მისი თავის სიმაღლეზე ეკიდა, მარჯვნივ, ორიოდე მტკაველის დაშორებით შემოხვეოდა თხმელის ტოტს, აქეთ-იქით არწევდა ღონიერ სხეულს, რკალურად ასავსავებდა წვრილ თავს და წყალში გადასავარდნად ემზადებოდა. ანკესის ტარზე ხელშეყინული ნიკო ერთბაშად გათანგა მთელ სხეულში გამდგარმა მოშიშინე დამბლამ, გაჩხიბული იჯდა და თვალს ვერ აშორებდა თავისი ძლევამოსილი სიმარტივით მოზეიმე არსებას. ეს გველი მაშინ შენიშნა, როცა წყალში ჩაგდებული ტივტივას გამართვას ელოდა, მაგრამ უცებ ვერ მიხვდა, რომ გველი იყო – შავი მბზინავი წერტილი თანაბარზომიერი და რბილი სრიალით მოსერავდა წყალს მდინარის გაღმა ნაპირიდან. სიფრიფანა ტალღები შლეიფად იშლებოდა და ორი-სამი მტკაველის არეში ლივლივებდა უნატიფეს ნაოჭებად. ჩამავალ მზეზე ვერცხლოვანი ათინათებით ციმციმებდა ეს ამაზრზენად ლამაზი ჭავლები, ეს გულის ამრევი მშვენიერება, ეს შემზარავად დახვეწილი ბალეტი წყლის გასარკულ ზედაპირზე და მდინარის მღვრიე სიღრმიდან დაძრული და თანდათან მომძლავრებული საორღანო რულადებით ივსებოდა დაბურული ბუჩქნარისა და სიმინდის ყანების მწვანე იარუსებში ჩაძირული დარბაზის დაელექტროებული მდუმარება. ერთხელ უკვე განუცდია ასეთი რამ – უცებ გაახსენდა – ერთხელ უკვე განუცდია ბავშვობაში, როცა სიცხით გათანგული იწვა წითელი ქსოვილებით მორთულ ოთახში და თალხიან ბურანში გალურსული უსმენდა, უსმენდა კი არა, მთელი თავისი გათარანებული არსებით შედნობოდა სადღაც შორს, მეორე ოთახის მიუწვდომელ სიღრმეში მჟღერ მუსიკას – ალბათ რადიოთი გადმოსცემდნენ რომელიღაც კლასიკურ სიმფონიას – და ნიკოს გაბურსალებულ შეგნებაში აქამდე წარმოუდგენელი, თვალის ამხელი სიმართლის ღაღადისით შემოდიოდა მისი ძლევამოსილი ჰანგები, ყოველი ბგერა დაბადებიდანვე მშობლიური ენით მოუთხრობდა იმას, რაც მის გარშემო ხდებოდა მუდამ, გაჩენის დღიდან დღევანდლამდე და ვიდრე შორეულ დასასრულამდე, რომელიც აჰა, უკვე დამდგარა და მთელი თავისი სიდიადით ჟღერს ამ ჯადოსნური მუსიკის აპოთეოზში და ეს სინანული, ახლა რომ ასე ტკბილად ტკენს გულს, ხომ არ არის იმ სიცხიან ბურანში ნათელხილული მომავლის უეცარი გახსენება? და ისე ცხადი და გასაგები იყო ეს ყველაფერი და ისე ამაზრზენად ბუნებრივი და ველური იყო რაღაც მასში, რომ ნიკოს ეთერეოვან არსს თანდათან იპყრობდა ამ ბუნებრივთან და ველურთან შეხების მჩხიბავი შიში და ახლა, როცა მდინარის პირას, ფლატეზე ჩამომჯდარს გარდუვალად უახლოვდებოდა ეს ჯადოსნური ხელოვნებით ნაქსოვი შლეიფი და მის მეტალურად მკვრივ ნაკეცებში ვერცხლოვანი ათინათებით კრიალებდა ჩამავალი მზის სხივები – სუფთა, გამჭვირვალე ბგერები ეჯახებიან ერთმანეთს, წამიერად ერთდებიან და ისევ იფანტებიან წითლად დაფერილ ოთახის კედლებში – ნიკომ ისევ იგრძნო ეს ნეტარი შიში, ამ სილამაზეს, ამ სრულქმნილებას რომ მოჰქონდა მდინარის გაღმა ნაპირიდან გამოღმისაკენ – აჰა, ის მოდის, მოემართება, თამამად თავაღერილი მოირხევა, მოქნილი, ელეგანტური და თავის სიმართლეში დაჯერებული, ლამაზი ამ სიმართლით, უძლეველი ამ სიმართლით და მისი ყოველი ნაბიჯი მშვენიერია, ყოველი მოძრაობა თვალწარმტაცია პირველიდან უკანასკნელ შეტოკებამდე, როცა თითს დააჭერს დამიზნებული იარაღის შეფიცულ სასხლეტს!

– არა, არა მგონია, რომ მასე ყოფილიყო, – თქვა თინამ. – უბრალოდ, მე ვერ გავუძელი, მე თვითონ აღმოვჩნდი ძალიან სუსტი და ვერ გავუძელი, თუმცა მართლა მინდოდა მეცხოვრა მისი კანონების მიხედვით, მაგრამ ძნელი აღმოჩნდა ეს, დავიღალე… არ გეგონოს, რომ ოდესმე უსიამოვნება მოგვსვლოდეს ან ერთმანეთისთვის ვერ გაგვეგოს. არასოდეს დამიჩივლია არც სიღარიბე, არც სხვა გაჭირვება. ესეც შეუძლებელი იყო მის გვერდით. მე კმაყოფილი ვიყავი ჩემი ცხოვრებით და თუ ოდესმე მეღირსა, კვლავ სიამოვნებით მივიღებ მას… ოღონდ ყოველთვის ერთი რამე მაწუხებდა: ვიცოდი, რომ არ ვიყავი ისეთი, როგორადაც მას ვეჩვენებოდი და ეს მტანჯავდა. მე ვცხოვრობდი ისე, როგორც მას უნდოდა, როგორც თვითონ მკარნახობდა, ეს იყო და ეს, მეტი ვერაფერი… არ შემეძლო რაიმე მერჩია, რამეში შევშველებოდი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, უფრო სწორად, მეშინოდა, რომ ჩემი სიტყვა და

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39