– ყურადღება, მეგობრები! – გაისმა მოქეიფეთა სუფრაზე ვიღაცის სააღლუმო ბრძანება და დარბაზიც მაშინვე დაშოშმინდა, თინაც და ნიკოც გაჩუმდნენ და ფეხზე წარმომდგარ სახეგაბადრულ კაცს მიაჩერდნენ, რომელიც ალბათ თამადა უნდა ყოფილიყო. – ყურადღება! მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი ძვირფასი სადღეგრძელო. დღეს ჩვენს მამაკაცურ ღრეობას შეუერთდა შესანიშნავი მანდილოსანი და თავისი მობრძანებით გაანათა ეს პირქუში გარემო!

– ოო! – შესძახეს ერთხმად, ორმა-სამმა ტაშიც შემოჰკრა და ყველანი ფეხზე წამოდგნენ, სავსე ჭიქები აიღეს და თინასაკენ მობრუნდნენ. თანამეინახეთა ერთსულოვანი მხარდაჭერით კმაყოფილმა თამადამ კი კვლავ საზეიმო ხმით გააგრძელა:

– საქართველოში ძველი დროიდანვე სუფევდა ქალის კულტი. ჩვენც ქართველები ვართ და ჩვენი ვალია შევინახოთ და დავიცვათ ეს დიდებული ტრადიცია. ამიტომ მეგობარს არ ეწყინება, თუ ცალკე შევსვამთ მისი მომხიბვლელი მეგობრის.. – თამადა განგებ შეყოყმანდა და ნიკოს შეშველების მოლოდინში შეკითხვის გამომხატველი ტონით დაუმატა: – თანამშრომლის… მეუღ…

– მეუღლის… – ღიმილით ჩამოართვა ნიკომ და რატომღაც თავი დაუქნია, თინა კი, სანამ თამადა მათი ურთიერთობის გამოცნობას ცდილობდა, ჩადარაჯებული და სუნთქვაშეკრული ელოდა ნიკოს პასუხს და როცა ეს პასუხიც გაიგონა, გული მოეძმარა, თუმცა თვითონაც ხვდებოდა, რომ ახლა, ამ ვითარებაში მხოლოდ ეს იქნებოდა ერთადერთი გონივრული პასუხი, თუ უნდოდათ, რომ როგორმე შეენელებინათ მთვრალი კაცების აგრესიული თავაზიანობა და ყურადღება, მაგრამ გული მაინც მოეძმარა, რადგან მეტისმეტად გამოთვლილი, თავის შესაფარებლად საიმედო და დამამცირებლად პრაქტიკული იყო ნიკოს ნათქვამი სიტყვა “მეუღლე”, ისეთი უამური და პროტესტის აღმძვრელი სიბრალულით დააწვა ქალის გულსა და გონებას, თითქოს ბაზრის შესასვლელში მჯდომარე მათხოვრის შარვლის ტოტიდან გამოყოფილი ნაიარევი ტაკვი დაენახოს, თვალიც ისე მოარიდა მათხოვრის წინ ქვაფენილზე გადმობრუნებულ ქუდს და ყველაფერს მიმხვდარი კაცების ირონიულ ღიმილს შეხედა, ისინი კი თამადის სიტყვის დამთავრებას აღარ დაელოდნენ და ქალის შეთქმულებრივი გამოხედვით წაქეზებულნი, ერთად აყაყანებდნენ, ჭიქების ჭახუნი ატეხეს და ლამაზ-ლამაზი და მაღალფარდოვანი სიტყვების კორიანტელში ადღეგრძელეს თინა.

– მეუღლე არ მადღეგრძელებს? – დაუფარავი ირონიით ჰკითხა თინამ ნიკოს და ჭიქა აიღო. – მალე, სამადლობელი უნდა დავლიოთ.

– ყოჩაღად იყავი, – უთხრა ნიკომ, – მთელი ცხოვრება წინ გაქვს…

– გამოსათხოვარია?

– შენ როგორ გრძნობ?

– მე ვგრძნობ, რომ რაღაცას სისულელეს ჩავიდენ… ღმერთო, მიშველე! – თქვა თინამ და სახეზე ხელები აიფარა.

– ბედნიერებას გისურვებ, – უთხრა ნიკომ და ჭიქა მიუჭახუნა.

– ნუ დათვრები ძალიან.

– გეშინია?

– ჰო, – თავი დაუქნია ნიკომ.

– აღარ შეიძლება ამდენი შიში! – იყვირა თინამ და ჭიქას ხელი დაავლო. – აღარ მინდა ამდენი შიში!

– ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, – ძლივს ამოღერღა კაცმა, – დადგი ეგ ჭიქა.

თინამ საყვედურით კი არა, თითქმის სიძულვილით შეხედა და ჭიქა სულმოუთქმელად გამოსცალა.

– მეგობრებო! – ისევ გაისმა თამადის ხმა. – დღეს ჩვენ აქ უბრალო ქეიფი არ გვქონია. უმიზეზოდ ღვინის სმასა და დროსტარებას რა ეშხი აქვს! ქართველი კაცი ყოველთვის დიდი სიხარულის დროს ილხენდა: ქორწილში, დღეობაში, ნათლობაში, ომში გამარჯვებული და ა.შ. ჩვენც დიდი გამარჯვების დღე გვაქს დღეს! მშვიდობიან ბრძოლაში გამარჯვების დღე! ჩვენმა გამრჯე კოლექტივმა პირნათლად მოიხადა თავისი ვალი ქვეყნის წინაშე და გადაჭარბებით შეასრულა წლიური გეგმა-ვალდებულება! – თანამეინახეებმა ტაში დასცხეს. – ეს ჩვენი კოლექტივის დიდი გამარჯვებაა. ამ ლხინის უფლება ჩვენი ოფლით მოიპოვეთ. გაუმარჯოს ლხინისა და ზეიმის უფლებას! აბა, ერთხმად!

– გაუმარჯოს! გაუმარჯოს! – შესძახეს სუფრის წევრებმა. ატყდა ჭიქების ჭახუნი და გადაძახილ-გადმოძახილი. მემუსიკეებმა მთიულური დასცხეს. თამადამ ნიკოს ანიშნა, ჭიქა ასწიე და შემოგვიერთდიო, შემდეგ კი თინას დაადგა თვალი, მკლავები გაშალა, ძუნძულით შემოურბინა ქალს, თავი დაუკრა და საცეკვაოდ გაიწვია. თინამ ნიკოს შეხედა, მაგრამ ეს არ იყო ნებართვის მთხოვნელი მზერა, – ნიკომ იმწამსვე დაინახა ეს – ასე შეხედა ერთხელ დედამ, როცა სტუმართან ერთად სადღაც მიდიოდა და თავის სიცოცხლეში პირველად ტოვებდა შინ დაფეთებულ და მტკივნეული ეჭვით გულგასენილ ბიჭს, შეხედა მისთვის უჩვეულო და თავის უფლებებში დაეჭვებული სინანულიანი სიხარულით, სიბრალულითა და პატიების უსიტყვო მუდარით, რაღაცის ამხსნელი გულდათუთქული ღიმილით… აი, ასე ზღურბლზე შემდგარი და წასასვლელად გამზადებული მომნანიებელი სახით შეხედა თინამაც, გულდაწყვეტით გაუღიმა, ნაუცბათევად გამოემშვიდობა და ახორხოცებული დარბაზის უცნობ თავისუფლებაში გადააბიჯა; და მოქეიფეებმა ღვინისაგან წაქეზებული გუმანით იყნოსეს თავიანთი გამარჯვება, საბრძოლო ყიჟინით წამოიშალნენ, ტაში-ტუშითა და ცეკვა-თამაშით. შემოეხვივდნენ თინას და ნიკოს, ციმციმ აიტაცეს მათი მაგიდა და თავიანთი სუფრისაკენ გააქანეს, ისე რომ ყურით არ უთხოვებიათ ნიკოს უნიათო და ვალის მოსახდელი პროტესტისათვის, გალაღებულმა თამადამ კი კიდევ ერთხელ შემოუცეკვა თინას, ფეხზე წამომდგარმა თინამაც უკანასკნელად შეხედა ნიკოს, თითქოს ანიშნა, მალე მოვალ, ჭკუით იყავიო და ნიკომაც დამჯერე ბავშვივით დაუქნია თავი, მაგრამ გული ახალმა და უფრო მწარე ეჭვმა გაუფლითა – ქალი უკვე მარტო მას კი არა, ქმარსაც გაურბოდა, ვეღარც მისმა ძალამ და უფლებამ შეაკავა და სხვასთან წავიდა! თავის მარცხს უკვე შეგუებული იყო ნიკო, კარგა ხანია მიხვდა, რომ თვითონ აღარ შესწევდა ქალის შეჩერების უნარი და ამიტომ უბრძოლველად გადააბარა ქმრის სულს, ისევ მას დაუბრუნა და თვითონ გულდაჯერებით გადგა განზე, მაგრამ ახლა ქალი იმასაც ტოვებდა და ამ მთლად უნამუსო და თავაშვებულმა ღალატმა ნიკოს სულ ბოლო მოუღო. თინა კი სწორედ ამას ელოდა, უკანასკნელ წამს დაიჭირა ნიკოს განწყობა და ამით წაქეზებული და თავისი ბუნდოვანი სიმართლით გამხნევებული გაჰყვა ვიღაც მესამე კაცს, თამადას კი არა, – თრობის აღვირახსნილი თავისუფლებით გაბრუებულ დარბაზს,

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39