ყანების ირგვლივ შემომდგარი ქარსაფარი ზოლი მიწას განერთხო, უხილავი მდინარის ნაპირებზე აბურდული ბამბუკის რაყაც საცოდავად ცახცახებდა ფოლადის როზგებქვეშ და მდინარეში გადასახტომად გარბოდა, დაფეთებული ნიკოც აქეთ-იქით აწყდებოდა და თავშესაფარს ეძებდა, მაგრამ ულმობელი, მოთარეშე, მოზეიმე წვიმა ყველაფერს თქერავდა თავისი მძიმე და გაფიცხებული ფლოქვებით და აღვირახსნილი მიეჭენებოდა მიუსაფარ სივრცეზე, ტყვიისფერი ღრუბლებით ჩამოქუფრულ თვალსაწიერზე კი შენობის ნასახიც არ ჩანდა და ნიკომ ისევ მდინარის პირას ჩაწნულ-ჩაბურდულ ეკალბარდებსა და თხემლის ბუჩქებს მიაშურა, მაგრამ ჩასვლისთანავე გულგახეთქილი ამოვარდა ზევით, რადგან გაცოფებული მდინარეც ავის მომასწავებელი სისწრაფით ავსებდა ჩაღნიოშებული კალაპოტის ნაპირებს და არემარეს წალეკვით ემუქრებოდა; ნიკო ისევ გზაზე გავარდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოკურცხლა, მაგრამ გალუმპული და ტყვიასავით დამძიმებული ტანსაცმელი ლაჯებში ეკვროდა და ფეხებს უბორკავდა, თან სულ უფრო და უფრო გაგიჟებული თქეში შხუილით აწყდებოდა თავ-პირში და უეჭველ დახრჩობას უქადდა; მაინც გარბოდა, დახრჩობის შიშით კი რა, რაღაც უსაზმნო ჟინით შეპყრობილი, დაუოკებელი ყმუილითა და ყელში მობჯენილი მგუდავი აღტაცებით გარბოდა აღვართქაფებულ შარაზე, თან გაფოთებული აცეცებდა თვალებს, რომ სადმე ადამიანის არსებობის კვალს წასწყდომოდა, დაენახა სახლი ან ფარდული, ან ნანგრევი მაინც, რათა ეგრძნო, რომ მთლად მარტო არ იყო ამ პირველყოფილი წარღვნის წიაღში, რომ ვინმეს დაენახა ეს თავგანწირული და გმირული ბრძოლა, თანამგრძნობელი მზერით გაემხნევებინა, თავისი უმოქმედო არსებობით მაინც შეშველებოდა და დაეფრთხო ის ველური, ასეთი ბედისწერული მუქარით რომ მოსდევდა უკან, ის უხილავი და დაუნდობელი, რაღაც ცუდსა და უსამართლოს რომ უპირებდა და უცებ, როგორც დაწყების მომასწავებელი ნიშანი, ზედ მის თავზე გაიხლიჩა ჩაკუპრული ზეცა, მჭახე ნათელი კიდით კიდემდე გაიხლაკნა ცის ტატანზე და სანამ გამაყრუებელ გრიალსაც გაიგონებდა, თავზე ხელებწაფარებული ყვირილით ჩაეხუტა სადღაც, სულ ახლოს ჩამოვარდნილ მეხით შეძაგძაგებულ დედამიწას – მკვლელი! მკვლელი! იგი მოდის იარაღმომარჯვებული და თავისი სიმართლით გაამაყებული, ლამაზი ამ სიმართლით, უძლეველი ამ სიმართლითა და მისი ყოველი ნაბიჯი მშვენიერია, ყოველი მოძრაობა წარმტაცია პირველიდან უკანასკნელ შეტაკებამდე, როცა თითს დააჭერს დამიზნებული იარაღის ცივ სასხლეტს! – ვიღაც მხრებზე ეჯაჯგურება, თავს უწევს და წამოყენებას უპირებს – “ნიკო, ნიკო!” – ჩასძახის ქალის შეშფოთებული ხმა და ნიკომაც ნელ-ნელა გაისაცნაურა თინას კაბის რბილი ქსოვილი, მისი სხეულის მანუგეშებელი სითბო და სურნელი და ერთხანს ისევ მის კალთაში თავჩარგული და განაბული იწვა, მერე წამოიწია, გაიმართა, სახე მოისრისა… არაფერია… – უთხრა ქალს და ხელისგულზე აკოცა. – რაღაც თავბრუ დამეხვა… გამიარა უკვე.

– დაიღალე ალბათ – თქვა ქალმა. – მშიერიც ხარ. არ შევიდეთ?

– უნდა შევიდეთ, აბა რა ვქნათ.

ნიკომ ავტომობილო მოაბრუნა, რესტორნის წინ მოწყობილ სადგომზე შეაგორა და სახურავიდან მოთქიშინე წყლით აქაფებულ კიბესთან გაჩერდა.

– რამე წამოიხურე, – უთხრა ქალს და უკანა სავარძელზე მიგდებულ პიჯაკს გადასწვდა, რომ მისთვის მიეწოდებინა, მაგრამ თინამ მანქანის კარი გააღო და იმ თავდასხმაში კაბის ამარა გადავიდა, არც გაქცეულა, არც ნაბიჯს მოუჩქარა, ნელა, ლოდინლოდინით წავიდა რესტორნის შესასვლელისაკენ და სანამ ნიკო პიჯაკს ჩაიცვამდა და მანქანიდან გადმოვიდოდა, თხემით ტერფამდე გაილუმპა. ნიკო სირბილით წამოეწია, მკლავში ხელი წაავლო და ლამის ძალით შეაგდო კარებში და მაშინვე, თითქოს მათ მოსვლას ელოდაო, დარბაზში დაფა-ზურნის ხმამ იფეთქა, თამბაქოს კვამლით აქოთებულ ბუღთან და მთვრალეულ გნიასთან ერთად დაეძგერათ სახეში და ორივე ზღურბლზე გააშეშა.

– ვინც მოვიდა გაუმარჯოს! – ამ ყაყანსა და ჭყვიტინში გამოაღწია ვიღაცის ომახიანმა შეძახილმა და ბავშვებივით ხელიხელჩაკიდებულ თინასა და ნიკოსკენ გულმოდღლეზილი და მასპინძლურად ხელებგაშლილი კაცი გამოემართა, ეტყობოდა, ორთავეს გულში ჩაკვრა განეზრახა, მაგრამ მუსიკის ცეცხლოვანმა რიტმმა ესტრადისაკენ გაიტყუა და ზედ შემოსკუპებულ დაქიჩმაჩებულ დამკვრელთა წინ ბაღდადური ჩაახუჭუჭა. თინამ და ნიკომ დრო იხელთეს, კედელ-კედელ გაიძურწნენ დარბაზის მოპირდაპირე კუთხისკენ, ცარიელ მაგიდას მიუსხდნენ და გარემო ეჭვით მოათვალიერეს: ბობრი კაცი ჯერჯერობით არ ჩანდა; ერთმანეთზე მიტყუპებულ მაგიდებთან რამდენიმე კაცი ქეიფობდა და ხორაგის ნამუსრევით დაზვინულ სუფრასა და ირგვლივ დახვავებულ ცარიელ ბოთლებზე ეტყობოდა, რომ ღრეობა დასასრულისაკენ მიდიოდა; კარი გაიღო და დარბაზში კიდევ სამი კაცი შემოვიდა, ალბათ ისინი, წეღან მანქანიდან რომ დაინახა ნიკომ; ორი მათგანი სუფრისკენ გაემართა, მესამემ კი მკლავები გაშალა, ჰოპ-ჰოპის შეძახილი შეუერთდა მოცეკვავე კაცს და უშველებელი ღიპი შეათამაშა; სუფრასთან მსხდომებმა გამამხნევებელი ყიჟინა დასცეს და ვიღაცამ დიდი წითელი ვაშლი სტყორცნა, მაგრამ ღიპიანი ვერ შესწვდა, ვაშლი კედელს მოხვდა, ასხლტა და თინასა და ნიკოს მაგიდასთან დაეცა. “ბოდიში, მეგობარო!” – გამოსძახა ნიკოს ვაშლის მსროლელმა, სკამიდან წამოიწია, გულზე ხელი მიიდო და მოწიწებით დახარა თავი, – “ბოდიში მომიხსენებია” – და თინას გაუღიმა: – მაპატიეთ, დაიკო”, თინამაც შეცბუნებული ღიმილით დაუქნია თავი. კაცმა კი რაღაც გადაულაპარაკა თანამეინახეებს და იმათაც, ზოგმა აშკარად, ზოგმა შეფარვით დაუწყეს ჭვრეტა გალუმპულ, თმაგაწუწულ ქალს; ნიკომ აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ შეენიღბა თავისი უხერხული მდგომარეობა და როგორ განედევნა რაღაც ავისმომასწავებელი განცდა, რომელიც ახლა კი არა, მაშინვე დაეუფლა, როცა კედელკედელ მიიპარებოდნენ ცარიელი მაგიდისაკენ და ცალ თვალს თინასაკენ აპარებდა – ტანზე მიკრული სველი კაბა ისე თვალსაჩინოდ და გამომწვევად აქანდაკებდა ქალის ჩამოქნილ ნაკვთს და ეს ჩამოწუწული თმაც ისეთი ხელწამოსაკრავი სიმსუბუქითა და ავხორცული ეშხით მოსავდა მის გარეგნობას, რომ აქ აუცილებლად რაღაც მოხდებოდა, მაგრამ ნიკოს ამ მოსახდენის მოლოდინი კი არა, უფრო იმის შეგნება აფრთხობდა, რომ ქალმაც იგრძნო ეს სიტუაცია და წინასწარ დაიჭირა მოსალოდნელი საფრთხისაგან თავის დაცვის თადარიგი: ერთთავად შეიმართა და შეიძგიბა;

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39